სტუდენტური გამოწვევები – არდადეგების ფონზე – ნაწილი I

სტუდენტური ცხოვრება

დასრულდა სასწავლო ციებ-ცხელება.  ქალაქი ნელ-ნელა იცლება სტუდენტებისგან, რომლებმაც გზა უკვე საკუთარ მშობლიურ ქალაქებს მიაშურეს. ერთადერთი, რაც რჩება,  მხოლოდ   პრობლემები და გამოწვევებია. ჩვენში ხომ უკვე რეალობაა უამრავი ადამიანის იმედგაცრუებული სახე სტუდენტის სტატუსის შეჩერებისას, დაფინანსებაზე უარის თქმისას, გაგიკვირდებათ და სწავლის დამთავრების საზეიმო ცერემონიალის აგვისტოში გადატანის დროსაც კი  – მაშინ როდესაც ამ ბედნიერებას არათუ გამზიარებელი, არამედ განმცდელიც კი აღარავინ ჰყავს.

მაშ ასე, განა  რა პრობლემები აქვთ სტუდენტებს ისეთი, რომ არდადეგების დროსაც კი აწუხებთ?

ჩამონათვალი ძალიან დიდია, ამიტომ აქცენტს მხოლოდ ძირითადსა და ყველაზე მნიშვნელოვანზე გავაკეთებთ.

განათლების დონე

დავიწყოთ თავიდან – იმის შემდეგ, რაც სკოლას ამთავრებენ  და აბიტურიენტობის ურთულეს წელს ასრულებენ,   სტუდენტებს აქვთ  მოლოდინი, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მათი ყოველდღიურობა იქნება საინტერესო  და მხიარული   წუთებით დატვირთული. ისინი მოითხოვენ პირობებს, რასაც უნივერსიტეტის არჩევისას სთავაზობდნენ და შესაბამის განათლებას, რისი მიღწევაც  მხოლოდ თეორიული და პრაქტიკულ მეცადინეობის შედეგად მიიღწევა. თუმცა,  ოცნების კოშკები პირველივე დღიდან იმსხვრევა და შეიძლება ინერციით ბოლომდეც კი გაგყვეს, როდესაც საკუთარ თავს ანარქიულ ვითარებაში აღმოაჩენ. ვალდებულება, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტს მისცეს ხარისხიანი განათლება – ნაკლებად არის აღქმული. ამის ერთ-ერთი მთავარი დეტერმინანტი სრული უყურადღებობა და დაფინანსების არარსებობაა სახელმწიფოს მხრიდან.

მაგალითად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ერთ-ერთი საუკეთესოდ აღიარებული მთელს საქართველოში ფინანსდება მხოლოდ სტუდენტების შეტანილი ფულით. სწორედ ეკონომიკური საკითხი განაპირობებს ლექციებზე ასობით მსმენელს, რაც, მოგეხსენებათ,  ცოდნის ხარისხის შემცირების უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტორია. რა ღონისძიებებს მიმართავს სახელმწიფო ამ პრობლემის მოსაგვარებლად? განა ნორმალურია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტზე ქვეყნის ცენტრალური მთავრობა პასუხისმგებლობას იხსნის და  ბიუჯეტიდან დაფინანსებას არ გამოუყოფს? ევროპაში ამისი მსგავსი პრეცენდენტი არსებობს ?

 

ტექნიკური აღჭურვილობა / ინფრასტრუქტურა

უნივერსიტეტების უმეტესობას არ აქვს იმისი რესურსი, ჰქონდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი ლაბორატორიები  და  კაბინეტები. ისეთი ფაკულტეტები, როგორებიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო, სამედიცინო, ტექნიკური  მიმართულები – ინფორმატიკა – საჭიროებს თანამედროვე, უფრო მეტად დახვეწილ აღჭურვილობას, რათა სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნა, უწყლო აუზში ნასწავლ ცურვას არ ჰგავდეს და შემდეგ, სამსახურის ძებნისას მათ სასაცილო მდგომარეობაში არ აყენებდეს.  ასეთ პირობებში შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესახებ საუბარიც კი ზედმეტია, რადგან სწავლის ხარისხი არის ძალიან დაბალი და მხოლოდ თეორიულ ცოდნაზე დაფუძნებული(.?) ის მოვლენა, რომ უნივერსიტეტში შედიხარ, სტუდენტში სიამაყის და ღირსების  განცდას უნდა ბადებდეს, თუმცა, საკითხავია,  საქართველოს სინამდვილე რამდენად გვაძლევს ამის შესაძლებლობას.

ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ დაბზარული კედლების, ქარგამტარი ხის ძველი ფანჯრების, დახეულტყავიანი აუდიტორიის კარების, გასარემონტებელი კორპუსების და გაბზარული კედლების  გამო .  იგივე მდგომარეობაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, მათ, ვისაც მესამე კორპუსთან შეხება ჰქონია, დამერწმუნება, რომ ამ შენობასთან დაკავშირებით უამრავი ასოციაცია შეიძლება გაგიჩნდეთ – უნივერსიტეტის გარდა.  მართალია, ფანჯრებიდან ქარი აღარ შემოდის, თუმცა წვიმასთან ბრძოლის შიდა ხერხები ჯერ კიდევ აქტუალურია. ეს არის ჩვენი ევროპული პირობები მომავალი ფსიქოლოგებისთვის(.?!)

 

გამოცდები და აპელაცია/ ტექნიკური ხარვეზები

კიდევ ერთ პრობლემა,  რაც სტუდენტის არც თუ ისე დალხენილ ცხოვრებას ართულებს, გამოცდები და მასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული საკითხებია.  ხშირად   ქულების ლოდინი, უკმაყოფილების შემთხვევაში კი  აპელაცია,  გამოცდის წერიდან 1 თვის შემდეგ ხდება ხოლმე. არადა, როგორ გინდა თავი აარიდო GPA-ს საკითხს, რაც უცხოეთში სწავლის გაგრძელების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს?  ამ ყველაფერს ემატება საგამოცდო ცენტრი, რომელიც ყოველთვის სხვაგან გაგზავნის და  სასურველ კითხვაზე დროულ პასუხს ვერასდროს  გეუბნება. მაღლივის ბიბლიოთეკის დამკვირვებლები ხომ  ცალკეული ფენომენია და განსაკუთრებულ შესწავლას საჭიროებს.  რა ეწოდება იმ ფაქტს, როდესაც სტუდენტს 3 საათიანი წერის უფლების დროს, 2 საათის და 20 წუთის შემდეგ  წერის პროცესში უხეშად, ჩხუბით  ეჩრები და დასრულებას მოითხოვ? ( თქვენ ამერიკის საგარეო პოლიტიკას არ წერთ? მერე მაგას რათ უნდა ამდენი დრო, მალე დაამთავრე, რთული  არა ისა, მე თვითონ ვარ მაგის სპეციალისტი) განა ეს ნორმალური მოვლენაა? ვინ იტყვის, რომ პროფესიული ვალდებულებების სწორად შესრულებასთან გვაქვს საქმე? განა ის სტუდენტის მინიჭებულ უფლებას არ არღვევს? (ღირსებასა და თავმოყვარეობაზე რომ არაფერი ვთქვათ)

P.S. დასაწყისში მე  ავღნიშნე,  სტუდენტების  ქალქიდან გადინების ფაქტი,  თუმცა, უსამართლობა იქნება არ ვთქვა, რომ უმეტეს მათგანს 3-4 კვირაში უკან ჩამოსვლა მოუწევს  ბათუმიდან, ზუგდიდიდან, მესტიიდან, იმისთვის რომ მოგვიანებით დადებული შეფასება გააპროტესტონ და A-მდე ასასვლელ 1 ქულას უამრავი დრო, სახსრები და ნერვები დაახარჯონ.

 

ავტორები: მარიამ ხუროშვილი,  თამუნა გიუნაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები