სტუდენტები მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში დასაქმების დეტალებს გაეცნენ

დასაქმება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტთა ჩართვას მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში.

ამ საკითხთან დაკავშირებით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი და თესაუს რექტორი, ავთანდილ ღელაღუტაშვილი შეხვდნენ.

„ჩვენმა სამინისტრომ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მიზანი საქართველოს ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის დასაქმება გახლავთ. თესაუდან ამ პროგრამაში 40 სტუდენტი ჩაერთვება. თავდაპირველად, ახალგაზრდები განაცხადებს შეავსებენ, ხოლო მოგვიანებით გასაუბრების ეტაპს გაივლიან. პროგრამაში ჩართვის მთავარ პრიორიტეტებს მაღალი GPA ქულა და აკადემიური მოსწრების კარგი მაჩვენებლები წარმოადგენს. – განაცხადა ოთარ აბესაძემ.

მასშტაბური სტუდენტური დასაქმების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია განათლების მინისტრის მრჩეველმა Aris.ge-განათლებას მიაწოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ოთარ აბესაძესთან ინტერვიუს ნახვა აქ შეგიძლიათ. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის, მერი დაუშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის პროცესში დაახლოებით 14 000 ადამიანი დასაქმდება. სტუდენტების გარდა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება პროგრამაში ჩართვის საშუალება, დარეგისტრირება კი HR.gov.ge -ზე უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი.


საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 5-დან 19 ნოემბრამდე გასტანს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები