ეროვნული გამოცდები – მასობრივი ისტერიის კიდევ ერთი ქართული გამოვლინება. ეს არის სახალხო ზეიმი (ვისთვის როგორ, პრინციპში), სადაც მშობლები, ნათესავები და მეგობრები წარმატებით ითავსებენ მარაომომარჯვებული ან კისერზე სველ „პლატოკ“ შემოხვეული გულშემატკივრის როლს; აბიტურიენტები კი ქანცგაწყვეტილები და დასევდიანებულნი (ზოგი სწავლისგან, ზოგიც კი WOW-ის თამაშისგან ან უბანში ბირჟაობისგან), ჯერ კიდევ უდიპლომო და ჩამოუყალიბებელი სასიძო-სარძლოების როლში გვევლინებიან. ეს არის მარათონი, რომელსაც 30000-მდე გამარჯვებული ყავს; ეს არის ოლიმპიადა, სადაც მთავარი მონაწილეობა კი არა, დასაწყისამდე მიღწევაა – ბევრი ვერ უძლებს „გადატვურთულ“ მოსამზადებელ წელს; ეს არის ტურნირი, სადაც ყველა იმარჯვებს (ჯერ არ შემხვედრია ისეთი ადამიანი, ვინც გამოცდა დაწერა ან გადაწერა და თუ რომელიმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში ვერა, აგრარულ უნივერსიტეტში მაინც ვერ მოხვდა). ეროვნული გამოცდები სახელითაც იპყრობს განსაკუთრებულ ყურადღებას. ეს არ არის არც მისაღები, არც სკოლის დამამათავრებელი და, მით უმეტეს, არც საატესტატო გამოცდები. არც მეტი არც ნაკლები, ესაა ეროვნული გამოცდები! მხოლოდ ჭეშმარიტ ქართველთათვის, მხოლოდ ნამდვილი ეროვნული ადამიანებისთვის („ეროვნული კაცია, ძალინ მიყვარს!“ – ზვიად ძიძიგურის წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი). აბა, უცხოელები გამოცდების გარეშეც მიღებულნი არიან და… ამაზე ცალკე ვისაუბროთ: უცხოელებს ისე ველაქუცებით, გამოცდების ჩაბარებას კი არა, ქართული ენის ცოდნასაც აღარ ვთხოვთ უნივერსიტეტში სასწავლებლად. ეს დისკრიმინაციაა, საკუთარი მოსახლეობის დიკსრიმინაცია.
ზემოთ აღვნიშნე, რომ ეროვნული გამოცდები ერთი დიდი მარათონია, რომლის გამარჯვებულიც მხოლოდ გამძლე ადამიანი-აბიტურიენტები ხდებიან. მთლად ისეც არ გაიგოთ, თითქოს კუნთები უნდა ავარჯიშოთ ოფლის სუნიან დარბაზებში; არა, აქ სხვანაირ გამძლეობაზეა საუბარი, რომლის გამომუშავებასაც მხოლოდ ისტორიის, ქართულის და მათემატიკის ორ-კილოიანი წიგნის ტარებით თუ შეძლებთ (შეგიძლიათ, გემოვნებისდა მიხედვით პრიალაგარეკნიანი Playboy ან Playgirl-იც ჩაიგდოთ ჩანთაში, რა იცი რა ხდება, მაინც სტრესულია ეს ცხოვრება, მითუმეტეს აბიტურიენტული). გავიაროთ ყველა ის ეტაპი, რომელსაც გაივლის ნებისმიერი ქართველი ბავშვი, თუკი ის საქართველოში აპირებს უმაღლესი განათლების მიღებას. ახლა უცბად გამახსენდა ჯონ ლოკის ნათქვამი, რომ საგნის ბუნების გასაგებად, აუცილებელია მის საწყისებში დაბრუნება და ა.შ. მაგრამ ეს რომ დამეწერა, ზედმეტად „ტრაკში-პერო-გაყრილი“ პოსტი გამოვიდოდა, ამიტომ გადავახტები. ხოდა მივუბრუნდეთ წამოწყებულ თემას და მოკლედ შევეცდები ჩამოვაყალიბო ყველა ის ეტაპი, რომელიც თან სდევს ეროვნულ გამოცდებს.
პირველი ეტაპი: საბავშვო ბაღი / ძიძა / ბებია / დედა / ქვაბებსა და ჯამებზე დაკვრა
ეს ეტაპი 6-7 წლამდე გრძელდება. სკოლაში შესვლამდე ყველა ბავშვი თავისებურად ატარებს დროს და განსხვავებულად იზრდება. ზოგს საბავშვო ბაღში მიაბარებენ, ზოგს ძიძას დაუქირავებენ; თუ ოჯახს გაუმართლა და სახლში ან სანათესაოში ერთი ზედმეტი ბებო მოიძებნა, რომელსაც ქმარი-შვილი აღარ ყავს მოსავლელი, მაშინ მას მიაბარებენ მომავალი, თუმცა ჯერ კიდევ ცხვირმოუხოცავი აბიტურიენტის აღზრდას. ისტორიულად (©გუბაზ სანიკიძე) და ტრადიციულად შვილი დედამ უნდა გაზარდოს – მაგრამ ასეთი ოჯახები სულ უფრო ნაკლებია, რადგან ქალებს სულ უფრო მეტად სურთ პროფესიულ ცხოვრების შეთავსება ოჯახურთან (ეს კარგია თუ ცუდი, შეფასება თქვენთვის მომინდვია). ამ პერიოდში ბავშვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ქვაბებსა და ჯამებზე “დაკვრაა”: ჩვენ ყველას გამოგვივლია ეს ეტაპი და ალბათ სწორედ აქ გამომჟღავნდა პირველად ჩვენი მუსიკალური შესაძლებლობები – ზოგს სამუსიკო სკოლაში შესვლა დაებედა, ზოგს კი სამუდამოდ მიერტყა „ყურზესპილოდაბიჯებულის“ იარლიყი. როგორც ვნახეთ ამ ეტაპზე ბავშვი საერთოდ არ ფიქრობს ეროვნულ გამოცდებზე და ვერც აცნობიერებს, რა მნიშვნელოვანი ეტაპი ელის ცხოვრებაში.
მეორე ეტაპი: სკოლა / პირველი კოცნა / პირველი ჩხუბი / “ქალებში წასვლა”
სკოლა – ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური ინსტიტუტი. აქ აკეთებენ ყველაფერს, გარდა სწავლისა: ჩხუბობენ, უყვარდებათ, ჭორაობენ, იცინიან, ცელქობენ, თხოვდებიან, ცოლები მოჰყავთ და ა.შ. არავის აზრადაც არ მოსდის, რომ სკოლაში სწავლაა საჭირო. ყველას სკოლაში გვქონდა პირველი კოცნა, პირველი ჩხუბი… პირველი სექსზე რა გითხრათ ახლა, მთლად ყველას არა. თუმცა ალბათ გეცნობათ ის ავადსახსენებლი ტრადიცია – “ქალებში წასვლა / წაყვანა”. ორი ვარიანტია: (1)ან ბიჭები ფულს აგროვებენ და თავისი “ხოდით” მიდიან, ანდაც (2)ვინმე “ვზროსლს” მიჰყავს “ქალებში” და თან აფრთხილებს მათ, რომ ვაჟკაცი პირველადაა მდედრთან. გოგოები ცოტათი იჩაგრებიან ამ ასპექტში: ჯერჯერობით ქართულ ტრადიციებში “კაცებში წასვლა / წაყვანა” არ არის დამკვიდრებული, რადგან მამრობითი სქესის მეძავებმა მყარად ვერ გაიდგეს ფეხი სამომხმარებლო ბაზარზე. მოკლედ, როგორც ვხედავთ, ამ ეტაპზეც არავინ დარდობს მომავალ აბიტურიენტობაზე და ვერავინ ვერ აცნობიერებს იმ ტვირთს, რასაც ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა ჰქვია.
მესამე ეტაპი: რეპეტიტორები / რეპეტიტორები / რეპეტიტორები / რეპეტიტორები
მე-12 კლასში (ძველი კლასთაღრიცხვით მე-11 კლასი) მოსწავლის მშობლები საგონებელში ვარდებიან: აღმოჩნდება, რომ მათ შვილებს არაფერი გაუკეთებიათ მთელი 11 (!) წლის მანძილზე. აქ დაიწყება მასწავლებლების ლანძღვა, სკოლის დაბალ დონეზე საუბარი და ა.შ. გულის ნადების სააშკარაოზე გამოტანის შემდეგ, მშობლები მიმართავენ საყოველთაოდ დამკვიდრებულ ტრადიციას: იწყებენ რეპეტიტორების ძებნას. ფასები მრავალგვარია და ხარისხისდა მიხედვით იზრდება 700 დოლარიდან 1500-მდე (ეს უკანასკნელი მონაცემებით). 4 საგანი = 4 რეპეტიტორი; 4 რეპეტიტორი = 4 X 1500 დოლარი; 6000 დოლარი – ეს არის მაქსიმუმი, რაც მშობლებს სჭირდებათ ბავშვების “მოსამზადებლად”. აქ საუბარი არ არის განათლებაზე, სწავლაზე. ჩვენ აქ ვსაუბრობთ ერთწლიან დაზეპირების კურსზე, რომლის მიზანიც ეროვნული გამოცდების ზღვარის გადალახვა, შემდეგ კი ყველაფრის დავიწყებაა.
კინაღამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამომრჩა: პროფესიის არჩევა. “შვილო, მამაშენი ადვოკატია – ჩააბარე იურიდიულზე და სამსახურს ადვილად იშოვი”; “მამი, ოთარი ბიძია ბანკში მუშაობს. ჩააბარე სადმე ბიზნესსზე და ბეზპრაბლემ დაგაწყებინებ მუშაობას რა! ერთი კაი სუფრა და ეგაა!”; რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, აბიტურიენტთა დიდი უმრავლესობა სწორედ ასე ირჩევს საკუთარ „პროფესიას“. სწორედ ამით აიხსნება უნივერსიტეტებში სწავლის დაბალი დონე – სტუდენტებს არ მოსწონთ ის, რასაც სწავლობენ. ეს კიდევ ცალკე თემაა და მერე განვიხილოთ.
მეოთხე ეტაპი: საგამოცდო ციებ–ცხელება / უსასრულო რიგები / წითელი ხალიჩა / შვილების მძებნელი მშობლები
ერთ-წლიანი მომზადების შემდეგ დგება სანუკვარი მომენტიც – გამოცდები. მახსოვს, რამხელა რიგების გავლა მომიწია, სანამ სასოფლო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრისკენ მიმავალ კიბეებამდე მივაღწევდი. მერე ისიც მახსოვს, გამოცდების დამთავრების შემდეგ წითელი ხალიჩით რომ მომიწია უკან გამოსვლა: მიდიხარ, გარშემო ბარიკადებია, ხოლო ბარიკადებს მიღმა მშობელთა და გულშემატკივართ მთელი არმია, რომლებიც ტაშს გიკრავენ, გისტვენენ, გიღიმიან, გიყვირიან… თავი ნამდვილი ვარსკვლავი გგონია. მერე ალბათ ყველასთვის ნაცნობი სურათი: გამოსულ ბავშვებს გულშემატკივარი მშობლები ეკითხებიან: “ჩემი გიუნა ხომ არ გინახავს? მაღალი და გამხდარი ბიჭია”, “ჩემი ნინუცა ხომ არ შეგხვედრია? მოკლე შორტები აცვია” და ა.შ. რიტორიუკული კითხვები, რომელზე პასუხს თავადაც კი არ ელიან. წითელი ხალიჩის გავლის შემდეგ, სახლში ბრუნდები და აცნობიერებ, რომ ეროვნული გამოცდები სხვა არაფერი, თუ არა უაზროდ დაკარგული ერთი წელი და წყალში გადაყრილი სოლიდური თანხა. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ეროვნულ ციებ-ცხელებას გავუძელით და მასობრივ ისტერიაშიც ჩვენი კუთვნილი როლი შევასრულეთ.
ამ პოსტის დაწერისას კიდევ ერთი ასეთი, სუფთა ქართული და ეროვნული ციებ-ცხელებაა ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ეროვნული გამოცდების უკანასკნელი წელია – განათლების ახალი მინისტრის, შაშკინის რეფორმების შედეგად, მომავალი წლიდან მოსწავლეები უკვე 10-11 გამოცდას ჩააბარებენ სკოლის დასამთავრებლად. საკმაოდ მრავლისმთქმელი რეფორმაა, რომელმაც შოკში ჩააგდო მოსწავლეები, ისევე, როგორც ფულს დახარბებული რეპეტიტორები. ვნახოთ, რა იქნება. იქამდე კი, ხმამაღლა გავამხნევოთ აბიტურიენტები, რომლებმაც ასეთი მძიმე გზა გამოიარეს გამოცდებამდე და დავამშვიდოთ ისინი, რადგან ეროვნულ გამოცდებზე უადვილესი რამ მათ ცხოვრებაში აღარ შეხვდებათ. წარმატებები ყველას, ვინც სიცხესა და გამოცდებს ებრძვის!
მებო ნუცუბიძე, 2010