13 ივნისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პროექტის – “ეუთოს ახალგაზრდული ქსელის მშენებლობა საქართველოში” პრეზენტაცია მოეწყო.
პროექტის წარდგენას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოშიგუნტერ ბეხლერი და ეუთოს წარმომადგენელი ურსულა ფროსე.
ეუთო – ეს არის მსოფლიოში უდიდესი უსაფრთხოების ორგანიზაცია, რომელის წევრიცაა 57 სახელმწიფო ჩრდილოეთ ამერიკიდან, აზიიდან და ევროპიდან. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას აქვს უნიკალური მიდგომა როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური, გარემოს დაცვის, პოლიტიკური და ადამიანის უსაფრთხოების სფეროებში. ეუთო ახორციელებს პრაქტიკულ საქმიანობას სხვადასხვა სახელმწიფოში. ორგანიზებას უწევს ფორუმებს, სადაც განიხილება საკითხების ფართო სპექტრი, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას ეხება.
პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს დიალოგს ეუთოს და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის. პროექტი ხორციელდება ,,ეუთოს”, ,,ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტის(hCa GNC)” მხარდაჭერით. ახალგაზრდა ლიდერებს, სტუდენტებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა პროექტში, რომელიც განხორციელდება 2014 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით. მონაწილეები ჩაერთვებიან ბრიფინგებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში, რომელიც მათ დაეხმარებათ გაიგონ და ცოდნა გაიღრმავონ ეუთოს ღირებულებებისა და მუშაობის შესახებ.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ეუთოს ახალგაზრდული ქსელის მშენებლობას. პროექტი გათვლილია გრძელვადიან პერიოდზე.
თითოეულ მონაწილეს წინასწარ მიეწოდება ინფორმაცია პროექტის ფარგლებში შეხვედრების ადგილისა და დროის შესახებ. ძირითადი აქტივობები გაიმართება თბილისში. რამდენიმე შეხვედრა შესაძლებელია გაიმართოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
საორგანიზაციო ჯგუფი
ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
წყარო : განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო