კონკურსი გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პოზიციაზე

კონკურსები
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს საკონკურსო განაცხადების მიღებას გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პოზიციაზე.

ახალგაზრდობის წარმომადგენლების პროგრამა, გაეროს ერთ-ერთ წარმატებულ ინიციატივად მიიჩნევა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, პირველად 1981 წელს მოუწოდა წევრ ქვეყნებს, რომ ახალგაზრდა დელეგატები ქვეყნის ოფიციალურ დელეგაციებში შეეყვანათ. აღნიშნული მოწოდება დაფიქსირებულია გაეროს რამდენიმე რეზოლუციაში.

2013 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 20 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს ჰყავს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში. საქართველოში პროგრამას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და სრულად ფინანსდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით.

სათანადო კონკურსის გავლის შემდეგ, შერჩეული წარმომადგენელი ახალგაზრდებთან გადის კონსულტაციებს, ატარებს შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოგვიანებით, ახალგაზრდობის წარმომადგენელი მიემგზავრება გაეროს სათაო ოფისში (ნიუ იორკი, აშშ), სადაც როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, მონაწილეობას იღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებში და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოდის ამავე კომიტეტის სხდომაზე და მონაწილეობს ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში. ახალგაზრდობის წარმომადგენელს ასევე შეუძლია ეკონომიკური და სოციალური საბჭოს სოციალური განვითარების კომისიის სხდომებში მონაწილეობის მიღება (თებერვალი).

გარდა ქვეყნის წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელებისა, ახალგაზრდობის წარმომადგენელი სხვა ქვეყნის დელეგატებთან ერთად ახორციელებს ახალგაზრდების პრობლემებთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და ინიციატივებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს – 18-დან 25 წლამდე. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: Curriculum Vitae და ინგლისურ ენაზე დაწერილი თემა (მაქსიმუმ 500 სიტყვა, ფონტი – Sylfaen, ხაზებს შორის დაშორება 1)  შემდეგ საკითხზე:

  • If you were to participate in the negotiations on the United Nations Resolution on Policies and Programs involving Youth, what would be the priority(s) that you would lobby on behalf of the Georgian youth and explain why?

განაცხადები მიიღება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კანცელარიაში ჭავჭავაძის გამზირი N49ა ნაბეჭდი (ერთი ეგზემპლარი) და ელექტორნული სახით (კომპაქტ დისკი) 2014 წლის 26 ივნისის ჩათვლით.

კონკურსი ჩატარდება სპეციალური კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოქმედი ახალგაზრდობის წარმომადგენელი, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

1.     პირველ ეტაპზე კანდიდატები შეფასდებიან წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.

2.     შერჩეული კანდიდატები გაივლიან კომისიასთან გასაუბრებას. გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

3.    გასაუბრების შედეგად შერჩეული საუკეთესო კანდიდატები სიტყვით გამოვლენ (ინგლისურ ენაზე) სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გამართულ საჯარო ღონისძიებაზე.

გამარჯვებული კანდიდატი გამოვლინდება 2014 წლის ივლისის ბოლოს.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ
საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის ვებ-გვერდს –  http://unyouthdelegate.ge
პროგრამის Facebook გვერდს – https://www.facebook.com/UNyouthgeorgia
პროგრამის Youtube არხს  http://www.youtube.com/user/unyouthdelegatege/videos

წყარო: http://msy.gov.ge/

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები