სტუდენტურ კინოფესტივალში 50 ნამუშევარი მიიღებს მონაწილოებას

ივენთი

3-7 ივნისს თბილისის მე-8 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის განმავლობაში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მეორე ადმინისტრაციულ კორპუსში კინოჩვენებები და მასტერკლასები მოეწყობა.

კინოფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ფესტივალის მიზანია ქართული სტუდენტური კინოპროდუქციის პოპულარიზაცია, მომავალი კინემატოგრაფისტების წახალისება და მათში მოტივაციის ამაღლება.

ფესტივალის საერთაშორისო ჟიურიში შედიან სხვადასხვა კინოსკოლის წარმომადგენლები: ბალტიის ზღვის კინოსკოლის (ესტონეთი) პროფესორი დირკ ჰოიერი, ბელგიის აუდიოვიზუალური და პერფორმაციული ხელოვნების სკოლის პროფესორი ბერტ ბეიენსი, ევრიმაჟის საბჭოს წევრი სუზანა გინდლ-ტატაროვა, რომან შირმანი – უკრაინის კინოკავშირის გენერალური მდივანი, შაჰარ როზენი – იერუსალიმის სემ შპიგელის კინოსა და ტელევიზიის სკოლის პროფესორი.

ჟიურის წევრების შეფასებით გამარჯვებულები გამოვლინდებიან  5 კატეგორაში: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური/ექსპერიმენტული ფილმი და დასახელდება ფესტივალის გრან-პრის მფლობელი.

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, გაიცემა სპეციალური სერტიფიკატები იმ სპეციალობების მიხედვით, რასაც სტუდენტები ეუფლებიან მსოფლიოს კინოსკოლებში: რეჟისურა, ხმა, მონტაჟი და ოპერატორის ნამუშევარი.

სტუდენტურ კინოფესტივალში მონაწილეობისთვის, კინომცოდნე ირინა დემეტრაძის ხელმძღვანელობით, პროფესიონალთა ჯგუფმა 300-ზე მეტი წარმოდგენილი ფილმიდან ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 50 შეარჩია.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 23 ქვეყნის კინოსკოლა: ფინეთი, გერმანია, ბელგია, ისრაელი, დანია, ბრიტანეთი, კოლუმბია, უკრაინა, რუსეთი, მაროკო, ჩეხეთი, ფილიპინები, სლოვაკეთი, ავსტრია, თურქეთი, ესპანეთი, ინდოეთი, პორტუგალია, პოლონეთი, ბრაზილია, ვიეტნამი, საბერძნეთი და საქართველო.

შერჩეული ფილმების ავტორების უცხოეთიდან მგზავრობის ხარჯებს ეროვნული კინოცენტრი აანაზღაურებს. ფესტივალის პროგრამაში მოხვედრილი ფილმების 24 ავტორი მონაწილეობას მიიღებს ფესტივალის საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში. ისინი გაიცნობენ ქართველ კოლეგებს და ითანამშრომლებენ „უწყვეტი კადრის“ უორკშოფში.

 წყარო: netgazeti.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები