ბლიც-გამოკითხვის შედეგები – რას მიიჩნევენ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად სტუდენტები?!

დასაქმება

განათლებული საზოგადოება დემოკრატიული სახელმწიფოს საყრდენი და მისი განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. სახელმწიფოს საზრუნავს უნდა წარმოადგენდეს განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, რადგანაც სწორედ ხარისხიანი განათლება მოაპოვებინებს კვალიფიციურ კადრებს შრომის ბაზარზე მათთვის სასურველ ადგილს.

სტუდენტებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში. პირველ რიგში, სახელმწიფოს ზრუნვის სფეროს სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დარეგულირება უნდა წარმოადგენდეს.

STUDINFO.GE-მ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სულხან-საბას უნივერსიტეტსა და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გამოკიტხვა ჩაატარა.

ჩვენს მიზანს წარმოადგენდა, ზოგადად, სტუდენტებში არსებული პრობლემების გაშუქება და არა ერთი კონკრეტული უნივერსიტეტის სტუდენტებისა. მოგვეხსენება, ყველა უნივერსიტეტს სწავლების საკუთარი სისტემა აქვს, ამდენად პრობლემები სხვადასხვა იყო. საკმაოდ ბევრი სტუდენტის აზრი მოვისმინეთ. ისინი ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მთავარი პრობლემა არის დასაქმება.

მათი აზრით, სტუდენტური დასაქმება უნდა გაიყოს ორ ძირითად ნაწილად: სწავლის პერიოდში და სწავლის დამთავრების შემდეგ. უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც მათ თავისუფლად  შეეძლებათ სწავლისა და მუშაობის შეთავსება. სტუდენტების დასაქმება სწავლის დამთავრების შემდეგ კი პირდაპაირ უკავშირდება ზოგადად დასაქმების პრობლემას საქართველოში. საწყის ეტაპზე უნდა შემუშავდეს სტაჟირების სისტემა, პროგრამის გავლის შემდეგ კი წარმატებული ახალგაზრდები ადგილზევე უნდა დასაქმდნენ.

საქართველოში სტუდენტებისთვის ერთ-ერთ ასეთივე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს საცხოვრებელი ადგილები. ეს ეხება, ძირითადად, რეგიონიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს. საჭიროა, სახელმწიფომ შეიმუშავოს სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის გეგმა, სადაც გათვალისწინებული იქნება საცხოვრებელი პირობებიც. ეს პრობლემები სტუდენტებს ხელს უშლის სასწავლო პროცესში ეფექტურად ჩაერთონ.

კიდევ ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს „სტუდენტური თვითმმართველობა“. სამწუხაროდ, ახალგაზრდებში თვითმმართველობა აღქმულია, როგორც უპირატესობის მოპოვების საშუალება, თვითმმართველობაში მოსული სტუდენტი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებს რესურსებს – „ისინი უნდა ზრუნავდნენ ჩვენზე და არა ჩვენ – მათზე“.

მოამზადა სოფო ქობულაძემ

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები