ალბათ, ხშირად მოგისმენიათ ისტორიები ადამიანებზე, რომელთაც საოცრად გაუმართლათ და სრულიად მოულოდნელად დაიწყეს მუშაობა, მაგალითად, როგორც „იელის“ სტუდენტმა, რომლის სტილითაც ძალიან მოიხიბლა კენი ვესტი და ეს ახალგაზრდა ახლა რეპერის სტილისტია.
თუმცა, როგორი საოცარიც არ უნდა იყოს მზგავსი ისტორიები, ფაქტია, რომ სამსახურის მაძიებლების უმეტესობისათვის ტრადიციული HR-ის მეთოდები კვლავ მნიშვნელოვანია სამუშაოს დასაწყებად; განსაკუთრებით კი, რეზიუმე. ჩვენ ვეცდებით, ცოტათი გაგიადვილოთ მისი მომზადება, ლაზლო ბოკის რჩევების დახმარებით.
Google-ის ადამიანური რესურსების მართვის ვიცე პრეზიდენტ ბოკს უამრავი რეზიუმეს მიღება უწევს ყოველ დღე. New York Times-თან საუბრისას მან რამდენიმე რჩევა მისცა აპლიკანტებს. მისი თქმით, პერსპექტიული კანდიდატებისათვის გადამწყვეტია დასახელება თავიანთი მიღწევებისა, რომლებიც მათ სხვებისაგან გამოარჩევს.
ბოკი ამბობს: „მნიშვნელოვანია, ჩამოაყალიბოთ თქვენი ძლიერი მხარეები შემდეგნაირად: „მივაღწიე X-ს, Y-თან შედარებით, Z-ს მეშვეობით.“ ადამიანთა უმეტესობა რეზიუმეში დაწერდა შემდეგნაირად „ვწერდი ედიტორიალებს The New York Times-სთვის.“ უკეთესია ვთქვათ; „სხვა მწერლებთან შედარებით, რომელთა საშუალო ოპ-ედების (opposite-editorial) რაოდენობა არის 6, მე გამოვაქვეყნე 50 ოპ-ედი, გამომდინარე იქედან, რომ მოცემული საკითხი საფუძვლიანად შევისწავლე 3 წლის განმავლობაში.“
სხვა მნიშვნელოვანი რჩევები ბოკისაგან:
– მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩააბარეთ კოლეჯში, თუ ზუსტად იცით, რისი მიღება და შეთვისება გინდათ.
– აიმაღლეთ ხასიათის სიმტკიცე და გამოიწვიეთ საკუთარი თავი.
– კრეატივი და ანალიტიკური შესაძლებლობები თანაბრად მნიშვნელოვანია.
– კარგი სიახლე ჰუმანიტარებისათვის – ბოკს სჯერა, რომ ლიბერალურ ხელოვნებაში საფუძვლის ქონა „ფენომენალურად მნიშვნელოვანია“; რომ უკეთესია კომპანიებისათვის, სხვადასხვა სფეროს მცოდნე მომუშავენი ყავდეს. „ის, ვინც გლობალურად აზროვნებს და ხელოვნებისმცოდნეა, ისევე საჭიროა, როგორც ის, ვინც ძლიერი ფუნქციური ექსპერტია. ამ ბალანსის დამყარება რთულია, მაგრამ, სწორედ ამით ააგებ დიდ ორგანიზაციას, დიდ საზოგადოებას“, ამბობს იგი.
ბოკის რჩევები შორსაა იმ პერიოდისაგან, როცა გუგლი თავსატეხებს იყენებდა კანდიდატების გასაცხრილად. ახლა აღარ გჭირდებათ ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემა, როგორიცაა: „რამდენი დაიხარჯება სიეტლის ყველა ფანჯრის გაწმენდაში?“ გუგლსა და სხვა კომპანიებს ესაჭიროებათ თქვენი, როგორც პროფესიონალისა და როგორც პიროვნების, მოქმედების თანმიმდევრული და ჩამოყალიბებული ახსნა. ეს, ალბათ, სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე შესასრულებლად, მაგრამ, ახლა, ის მაინც იცით, რა მოთხოვნები აქვთ მათ.
თარგმნა თათია ჟორჟოლიანმა
www.policymic.com