საკუთარ თავზე ბევრს არ ლაპარაკობს, კითხვებს ლაკონიურად, თუმცა სიღრმისეულად პასუხობს. ფიქრობს, რომ ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც ყველა. სიტყვაძუნწობას მისი მეტყველი თვალები აბალანსებენ…
ქრისტი ბოტკოველი სამხატვრო აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტია. ფაკულტეტი კინო–ტელე მხატვრობა. ხატავს, მღერის, უსმენს გემოვნებიან მუსიკას და უყვარს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ხელოვნებასთან. აქვს facebook- ის გვერდი, სადაც ყიდის თავის მოხატულ მაისურებსა და ნახატებს. ,, ჩემი ერთ–ერთი მიზანი (რომელსაც ძალიან მალე მივაღწევ) მაღაზიის გახსნაა, რომელიც იქნება ჩემი მოხატული. იქ გავყიდი ჩემს მაისურებსა და ნახატებს და ყველა მყიდველს შოკოლადის ნამცხვრით გავუმასპინძლდები. მაღაზიაში კარგ მუსიკას მოუსმენენ და იქნება ისეთი გარემო, რომ მოსვლა ყველას გაუხარდეს”, – ფიქრობს, რომ ცხოვრებაში მთავარია ადამიანმა დაისახო მიზანი, ,,დაუღალავი შრომით დაუპყრობელი მწვერვალი არა არსებობს”…
– თვიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე ბიზნეს ადმინისტრირებაზე, თუმცა ეს არ იყო ჩემი მოწოდება, ბავშობიდანვე მხატვრობა მიტაცებდა, მახსოვს ბავშობაში მე და ბაბუა ერთად ძალიან ბევრს ვხატავდით. დედაც ხატავდა, თუმცა პროფესიით ამ საქმეს არცერთი არ გაჰყოლია”.
ხატავს სულ, იმიტომ რომ ეს ქრისტის სამსახურია. ხატავს იმას, რასაც უკვეთავენ და რაც მის სულთანაა ახლოს. ,,ვაკეთებ იმას, რისი კეთებაც ყველაზე მეტად მინდა, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და რაც ყველაზე მეტად ჩემია. ჩემს სულთანაა ახლოს.”
მოსწონს თითქმის ყველა მიმდინარეობიდან, რაღაც ნახატები, მაგრამ უფრო სიურეალიზმსა და სალვადორ დალის გამოყოფს.
– არ იყო ეგ კაცი ნორმალური, ოღონდ გულწრფელად, მე კიდე პირველ რიგში გულწრფელი ადამიანები მომწონს, საშინლად ამბიციური და საზიზღარი ადამიანი იყო, მაგრამ მაგ ყველაფერთან ერთად შეეძლო სიყვარულიც და ძალიან უყვარდა თავისი ცოლი, აქაც გულწრფელი იყო. რა თქმა უნდა, ნახატებიც მომწონს, თუმცა დიდ ფილოსოფიას არ დავიწყებ, უბრალოდ არსებობს მომენტი, როცა, რაღაცას უყურებ და მოგწონს.
როგორც ყოველთვის, არც თავის ნახატებზე საუბრობს ბევრს . ეს ქრისტის პირველი ნახატია 2012 წლის ნოემბერში დახატა. ,, იდეაში დიდი აზრი არ ჩამიდია, უბრალოდ მიყვარს მთვარე და მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს გვაქვს რაღაც კავშირი კოსმოსთან”.
რაც შეეხება მუსიკას …
– ძალიან მიყვარს მუსიკა, განსაკუთრებით მგზავრობის დროს. სახლიდან გასვლამდე ამინდს ვუთანხმებ ხოლმე ჩემს ფლეილისტს, რომ გზაში მარშრუტკიდან ყურების დროს კლიპივით იყოს გარეთ ყველაფერი. განსაკუთრებულად საყვარელი მომღერალი ან ბენდი არ მყავს და ვერასდროს ვერ ვპასუხობ კონკრეტულად ამ კითხვას, მაგრამ ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე Pink Floyd-ს ჰქონდა, გემოვნების ჩამოყალიბების მხრივ. მამა მასმენინებდა ბავშობაში და ძალიან მიხარია, რომ კარგი მუსიკის მსმენელად ჩამოვყალიბდი.
ფიქრობს, რომ დაახლოებით აქვს ისეთი ცხოვრება , როგორიც სულ უნდოდადა , ცხოვრობს თავისუფალი ცხოვრების სტილით. ,, თავისუფლება ნორმალური მოვლენაა და ვერ ვხვდები, რატომ უნდა გქონდეს განსაკუთრებული გრძნობები მის მიმართ, ყველა უნდა ვიყოთ თავისუფლები და შეგვეძლოს ყველაფრის თქმა და გაკეთება, უბრალოდ ზოგი საზღვრებს ცდება და თავისუფლება ამორალურობაში ეშლება, თუმცა ესეც მათი საქმეა, იმიტომ რომ, თავისუფლები არიან”.
და ბოლოს…
– სამომვალოდ უფრო დიდ მაღაზიებზე ვფიქრობ, ოღონდ სხვა ქვეყნებშიც. მინდა ბევრ ქვეყანაში ჰქონდეთ ადამიანებს ჩემი ნახატები და თან უყვარდეთ. რაც შეეხება კინო– მხატვრობას, როცა უნივერსიტეტს დავამთავრებდი კინომხატვარი უნდა ვყოფილიყავი პროფესიით, მაგრამ ჯერჯერობით, რაღაც მიზეზების გამო ეს არ გამომდის, თუმცა მომავალში აუცილებლად ავიხდენ ამ ოცნებასაც.
სანამ ქრისტი თავის ჩანაფიქრს განახორციელებს, უნდა, რომ რაღაც შეცვალოს, არა თავის ცხოვრებაში, არამედ საკუთარ თავში. ,,მინდა, შემეძლოს გრძნობების კარგად გამოხატვა და იმ ადამიანებს, ვინც ნამდვილად იმსახურებენ, ხშირად ვეუბნებოდე თბილ და კარგ სიტყვებს”.
მოამზადა ნათია ხიჯაკაძემ