5 მაისს, გალერეა “უნივერსში” გინენსის მრავალგზის რეკორდსმენის – ჯუმბერ ლეჟავას მსოფლიო ველომოგზაურობისას გადაღებული ფოტონამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
გამოფენის ორგანიზატორი რეჟისორი გიორგი ხარებავაა, რომელიც ბატონ ჯუმბერზე ბიოგრაფიულ ფილმს იღებს, ამავე სახელწოდებით. ფილმში მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ რამდენად დიდი შესაძლებლობა აქვს ადამიანს და სწორედ ამის მაგალითია ბატონი ჯუმბერ ლეჟავა.
“ძალიან ბევრი მოგზაური არსებობს, მაგრამ ბატონი ჯუმბერის მსგავსი და ასეთი გამოცდილების მქონე არავინაა. ეს ფოტოები ფილმზე მუშაობისას ვნახე და როცა გავიგე, რომ არსად ჰქონია გამოფენილი, ფოტოებმა იმდენად მომხიბლა, გადავწყვიტე, ყველანაირი ძალისხმევით მომეწყო ეს გამოფენა“, – განაცხადა ბატონმა გიორგიმ Studinfo.Ge-თან საუბარში.
გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოების გარდა, ბატონ ჯუმბერს კიდევ სხვა ფოტოებიც აქვს, რომლებიც თემატურადაც კი შეიძლება დაიყოს. მაგალითად: ლანდშაფტები, შენობები, პორტრეტები და ა.შ. მაგრამ ორგანიზატორისა და თავად ავტორის განცხადებით, ეს ყველაფერი დაფინასნებასთანაა დაკავშირებული, რომლის მოპოვება დღეს არც ისე ადვილია.
ბატონი ჯუმბერ ლეჟავა 1993 წლიდან მოყოლებული, ათი წლის განმავლობაში 240 ქვეყანას ესტუმრა. სწორედ ამ ადგილებში გადაღებული ფოტოებია წარმოდგენილი გამოფენაზე… ამაზონის ჯუნგლები, ანტარქტიდა, აფრიკა, გრენლანდია… რას არ წააწყდებით!
ბატონი ჯუმბერის განცხადებით, ამ რეკორდებით მას სურდა, დაემტკიცებინა ის, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს.
სამომავლოდ ბატონი ჯუმბერი ქვეყნების მიხედვით დაყოფილი წიგნების ტომეულის გამოცემას აპირებს.
ასევე, ცალკე 55 თემატიკაზე მომზადებული სურათები აქვთ გამზადებული, რომლის გამოფენას მომავალში გეგმავენ.
მოამზადა ხატია გოგოხიამ