ავიყვანოთ ორი სტუდენტი, ანუ გილოცავთ 1 მაისს

ბლოგი

 #1 ჩემი მეგობარი: სოცმედიაში ესა და ეს მჭირდება..

მე: გავაკეთებ, ამდენად (ვეუბნები ბაზარზე არსებულ მინიმალურ ფასს)
ის: შენ არა, იქნებ ვინმე მირჩიო, სტუდენტი..
მე: უფასოდ?
ის: (იშმუშნება) ბავშვს ველოდები, დამატებითი ფინანსები უნდა მოვიძიო..
 გავრცელებული პრაქტიკა: ავიყვანოთ ორი სტუდენტი, დავაზანგოთ, პრაქტიკას მიიღებენ, CV-ში ჩაიწერენ, მადლობას გვეტყვიან. მარაგი ამოუწურავია, არ მოგვეწონება, გავაგდებთ.
 
#2 ვამუშავებთ ახლობლურად. დაბადების დღეზე/ბავშვის ზეიმზე/ ნათლობაზე და ა. შ გეპატიჟებიან ფოტოაპარატით. როცა ამბობ რომ ეს ფასიანი მომსახურებაა, უკვირთ. კაი რაა, ერთი-ორს ჩააჩხაკუნებ და ეგაა, რა თავს იფასებ.. რამდენიმე კილოგრამიანი აპარატურით ძაღლივით ენაგადმოგდებული სირბილი არ ითვლება.
#ფეისბუქიდან ცხელ-ცხელი: მზარეული 18 საათი ფეხზე დგას,  სტრესულ გარემოში ( დროში როცა შეზღუდული ხარ, ისეთი გარემო უკვე სტრესულია) – დღეში 15-20 ლარი. საათი ლარი საშუალოდ. არაადექვატურად დაბალი ანაზღაურება დატვირთვასთან შედარებით. კაზრეთელ მუშებზე უკვე ყველამ იცის.
#4 უნდათ 25 წლამდე პროფესიონალი, უმაღლესი განათლებით, მინიმუმ 5 წლის გამოცდილებით, კრასავიცა, სპარცმენკა, კამსამოლკა, 200 ლარად. მარტივი არითმეტიკა გვეუბნება რომ 25-5=20-ს და მინიმუმ ხუთი წლის პროფესონალური გამოცდილება ამ ასაკში მხოლოდ ვუნდერკინდებს შეიძლება ქონდეთ.
#5 უნდათ ყოლიფერჩიკი, პოლიგლოტი, მოტივირებული, მოხალისე. ამასწინად ფოტო-ვიდეო გადაღების, გამართულად წერის, რეპორტაჟების, ბლოგინგისა და სოცმედიის მცოდნე მოხალისეს ეძებდნენ. იხ. პუნქტი #1.  დარწმუნებული ვარ, იპოვნიან.
#6 გაგიმართლა და მოხვდი შედარებით მაღალანაზღაურებად, მაგრამ დაბალ პოზიციაზე. ვთქვათ ოპერატორად ჯეოსელში (მქონდა ბედნიერება) ვერსად ვეღარ გადახვალ, ვინაიდან სახელფასო მაქსიმუმს უკვე მიაღწიე და სხვაგან მხოლოდ უარესია. არც იქ ხარ დალხენით, მენეჯერს უნდა კითხო ტუალეტში რომ გადიხარ, მაგრამ ხელფასი გაქვს და დაზღვევა, ბედის მადლობელი უნდა იყო.
#7 ვაკანსიის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებ, მაგრამ არაა მითითებული სახელფასო შუალედიც კი. ბუდეა. სელექცია მიდის დაბალ ანაზღაურებადზე და თავაზიანად გეტყვიან რომ ხელფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად, პირადი გასაუბრების საფუძველზე.
#8 ქალი ხარ და გეკითხებიან, ხომ არ აპირებ ბავშვის გაჩენას, ან ზოგადად, გამრავლებას. დეკრეტული ზედმეტი ხარჯია.
#9 კონტრაქტში წერია რაიმე შეუმჩნეველი,  ლამაზად ჩაკვარახჭინებული ფრაზა, რომლის საფუძველზეც უპრობლემოდ გაგაგდებენ. ასეთ კონტრაქტს ხელს არ მოაწერ და იხ. პუნქტი #1 მოიძებნება ლეგიონი, რომელიც შეგცვლის.
#10 საწარმოო ტრავმები. კონტრაქტში ესეც წერია. მაგალითად, თუ სამუშაოზე ტრაქტორი დაგეცა, უნდა აცნობო იურისტს დაუყოვნებლივ, სხვანაირად მკურნალობას არ აანაზღაურებენ. უნდა გამოძვრე ტრაქტორის ქვეშიდან და დარეკო, პირადად.
ყველაფერი, რაც დავწერე, რასაკვირველია არაადამიანურია, მაგრამ სრულიად კანონიერია ჩვენს მზიან სამშობლოში. ამიტომაც გვჭირდება შრომის კანონმდებლობა. ახალი და ადამიანური. ევროპული მენეჯმენტი, კომპანია და მსგავსი ბულშიტი არსად დაგეკარგოთ, მანამ, სანამ ადამიანების მიმართ ღირსეულ მოპყრობას არ ისწავლით.
დღეს პირველი მაისია, – მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე.

წყარო : http://fiqro.blogspot.com/

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები