სწავლის სისტემები ჯავახიშვილსა და ილიას უნივერსიტეტში

უნივერსიტეტების სიახლეები

საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ხორციელდება. ეს პროგრამა არის აკადემიური უმაღლესი განათების პირველი საფეხური, რომელიც ანიჭებს სტუდენტს ბაკალავრის კვალიფიკაციას.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს.  ეს კრედიტები სტუდენტის ცხრილში 8 სემესტრის განმავლობაში შემდეგნაირად ნაწილდება: 50 კრედიტი ეთმობა საფაკულტეტო სავალდებულო კურსებს, 120 კრედიტი ძირითად სპეციალობას, ხოლო 60 კრედიტის ფარგლებში სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს სასურველი დამატებითი პროფესია.

ჯავახიშვილში ერთი საგანი 5, 10 ან 3 კრედიტის ტოლფასია. საგნების ძირითადი რაოდენობა 5-კრედიტიანია. კრედიტი ეს არის ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტისთვის საჭირო სასწავლო დატვირთვას, რომლის მიღება შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ. სასწავლო წელი შედგება შემოდგომისა გაზაფხულის სემესტრებისგან. წელიწადში სტუდენტს შეუძლია მოიპოვის მაქსიმუმ 65 კრედიტი. შემდეგი წესის მიხედვით: სტუდენტი თუ შემოდგომის სემესტრში აიღებს 35 კრედიტს, გაზაფხულის შემესტრში მას უფლება აქვს აირჩიოს მხოლოდ 30 კრედიტი და პირიქით.

ყველა საგანი არის 100-ქულიანი. ეს არის აკადემიური მოსწრების სასემინარო აქტივობის, შუალედური გამოცდისა და დასკვნითი გამოცდის ჯამი. თითოეული ლექტორის პრეროგატივაა, თუ რამდენ ქულას მიანიჭებს თითოეულ კრიტერიუმს. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ენიჭება სტუდენტს, რომელსაც დასკვნით გამოცდაში მაქსიმალური ქულის აღების შემთხვევაში დაუგროვდება არანაკლებ 51 ქულა. მაგ., თუ გამოცდა არის 40-ქულიანი, სტუდენტს გამოცდამდე ესაჭიროება 11 ქულა, რისი დახმარებითაც ის მიიღებს გამსვლელ 51 ქულას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სტუდენტს, რომელმაც გამოცდამდე მოიპოვა გამსვლელი 51 ქულა, საგანი ჩაბარებულად ეთვლება. ვინაიდან ყველა გამომცდელმა დასკვნით გამოცდაზე უნდა მოიპოვოს მაქსიმალური შეფასების 50%, რათა საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ.

ჯავახიშვილში სტუდენტის მიღწევების შეფასების შემდეგნაირი სისტემაა:

A (ფრიადი) 100-91%(ქულა)

B (ძალიან კარგი) 81-90%

C (კარგი) 71-80%

D (დამაკმაყოფილებელი) 61-70%

E (საკმარისი) 51-60%

FX (41-50) – სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა, დამატებით გამოცდაზე გასვლის.

F (ჩაიჭრა) 40% ნაკლები ეს ნიშნავს რომ სტუდენტმა ხელახლა უნდა  გაიაროს საგანი.

სწორედ ეს ქულები განსაზღვრავს სტუდენტის GPA-ის (grade point average), რაც სტუდენტის აკადემიური მოსწრების განმსაზღვრელი ელემენტია. ყველა უნივერსიტეტს, სადაც არსებობს GPA შემუშავებული აქვს მისი გამომთვლელი საკუთარი ფორმულა. ჯავახიშვილში GPA-ის მაქსიმალური კოეფიციენტი არის 4.0, აქედან 3.5 GPA-ის მქონე სტუდენტები აიღებენ ე.წ.  წითელ დიპლომს. აკადემიურ მოსწრებას ეფუძნება პრეზიდენტისა და სხვადასხვა მეცნიერის სახელობის სტიპენდიები. GPA მნიშვნელოვანია ყველა იმ ბაკალავრისთვის, ვისაც სურს მაგისტრატურის თსუ-ში გავლა, რადგან აქ სტუდენტებისთვის ქვედა ზღვარი 2.5 შეადგენს.

როგორც ვახსენეთ, თსუ-ში არის საფაკულტეტო არჩევითი,  სავალდებულო და არჩევითი საგნები. თუ სტუდენტმა ვერ ჩააბარა არჩევითი საგანი, მას შეუძლია ხელმეორედ ჩააბაროს ან სხა არჩევითი საგნით შეცვალოს ის. მაგრამ თუ მან ვერ ჩააბარა სავალდებულო საგანი 3 ცდის შემდეგ, მან უნდა შეიცვალოს ან პროფესია, ან ფაკულტეტი, ან უკიდურეს შემთხვევაში – უნივერსიტეტი.

სტუდენტს აქვს უფლება, აიღოს ე.წ. აკადემიური წელი და შეიჩეროს სტუდენტის სტატუსი, მისი მაქსიმალური ვადაა 5 წელი.

თსუ-ში სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია: 1. პირადი განცხადება; 2. სტუდენტის სტატუსის შეჩერება 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში; 3.სტუდენტის მიერ საგანმანათლებო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე.

1385976805_30590_130472760298649_7099691_n

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის მოპოვების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებაა. ამის შემდეგ სტუდენტი ეცნობა უნივერსიტეტის შინაგანაწესს. თსუ-სგან განსხვავებით, ილიაუნიში ერთი საგანი შეადგენს 6 კრედიტს. 1 კრედიტი 25 სთ ტოლფასია. ერთი საგანი კი 125სთ-ის. ყველა საგანი 100-ქულიანია. სტუდენტის შეფასების სისტემა მეორდება, განსხვავებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა გამოცდამდე დააგროვა 51 ქულა, მას ჩაბარებულად ეთვლება ეს საგანი და დასკვნით გამოცდაზე გასვლა მისი არჩევანია.  ასევე თუ სტუდენტს საბოლოო გამოცდაზე გასვლამდე ჰქონდა 50 ქულა, მას ესაჭიროება მხოლოდ ერთი ქულა დასკვნითი გამოცდისა, რომ ჩაბარებულად ჩაეთვალოს საგანი. ილიაში არ მოქმედებს წესი, რომლის მიხედვითაც დასკვნით გამოცდაზე სტუდენტმა მაქსიმალური ქულის 50% უნდა მოიპოვოს, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოს. ხოლო რაც შეეხება სტუდენტებს, რომლბმაც ვერ ჩააბარეს  სავალდებულო საგანი, მათ აქვთ უფლება, განუსაზღვრელო ოდენობით აირჩიონ ეს საგანი მის ჩაბარებამდე. ამის წინაპირობა კი კრედიტების საფასურის გადახდაა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 1 კრედიტის ღირებულებაა 37.50 ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთი საგნის ღირებულება 225 ლარს შეადგენს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არ არსებობს GPA (grade point average),  ვინაიდან უნივერსიტეტს არ აქვს შემუშავებული ფორმულა, რომლის მიხედვითაც გამოითვლიდნენ მას.

ანი ჩანტლაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები