პირველი ქართული ფანტასტიკური სერიალის ექსკლუზიური დეტალები

კულტურა

საქართველოში რომ სერიალების სიყვარულით გამოვირჩევით, ეს უკვე კარგად ცნობილი ამბავია. თანაც რატომღაც უფრო ამერიკულ სერიალებს ვწყალობთ ხოლმე, ვიდრე ქართულს. სწორედ ამ მიზეზის გამო, შეიძლება ჩვენი მკითხველისათვის მოულოდნელად სასიამოვნო სიურპრიზის მაუწყებლები გავხდეთ.

სულ მალე, პირველი ქართული ფანტატიკური ჟანრის სერიალის გადაღებები დაიწყება. სცენარი უკვე დამტკიცებულია. კასტინგის ეტაპიც დასრულდა და ახლა სამუშაო ჯგუფი ძირითად ეტაპზე, პირველი სერიის გადაღებაზე გადაერთო.

ჩვენ, ფილმის რეჟისორს, დათო რაზმაძეს გავესაუბრეთ და მისგან დამატებითი დეტალები შევიტყვეთ.

10149494_612691825477571_1727875564_n

„გადავწყვიტეთ, რომ კინემატოგრაფიაში და საერთოდ, ქართულ ფილმებში ახალი სიტყვა გვეთქვა, ანუ ჩვენ ვიღებთ ფანტასტიკურ სერიალს, რომელიც ასე ვთქვათ, გაიყიდება. იმიტომ რომ ახალი პროდუქტია, ახალ რაღაცას ვქმნით. მოგვბეზრდა სულ ერთი და იმავეს რომ ვუყურებთ ყველგან, დრამა, კომედია. ჩვენ უბრალოდ სხვა ჟანრები გვინდა შემოვიტანოთ, მონტაჟის დონე ავწიოთ. ახლა კასტინგების ეტაპზე ვართ, სცენარი უკვე დავამტკიცეთ. 4 წლის წინ დაიწერა ეს სცენარი, მაგრამ ახლა გავასერიალეთ. პირველ სერიას ალბათ, რამდენიმე დღეში გადავიღებთ. მთავარია ხელშეწყობა გვაქვს, „პაატა სტუდიო ფილმი” გვიწყობს ხელს. “ – აღნიშნა დათო რაზმაძემ.

თავდაპირველად პირველი სერიის და შესაბამისად, ტრეილერის გადაღება იგეგმება.

ვფიქრობთ, ჯერ გადავიღოთ პირველი სერია, აქედან ტრეილერი გავაკეთოთ და მერე უკვე შევთავაზოთ სხვადასხვა არხებს.

პირველი ქართული ფანტასტიკური სერიალი არ იქნება, აქამდე გადაღებული ქართული სერიალების ანალოგი. გადაღების პრინციპიც სრულიად განსხვავებულია. სცენარიდან ამოღებულია ქართული ჟარგონები. ფანტასტიკური სერიალი ამერიკულ სტილში იქნება გადაწყვეტილი. მისი სახელი კი „ბუნების საჩუქარი“ იქნება.

“ანალოგი არ ექნება, საინტერესო იქნება. მსახიობებს ძალიან მკაცრად ვარჩევთ და გვინდა, რომ თითოეული მსახიობი შეუყვარდეს მაყურებელს. ჩემი აზრით ფილმა ქართულ ბაზარზე 100%-დან 70 % უნდა გაამართლოს“, – განაცხადა სერიალის პროდიუსერმა გიორგი ხამხაძემ.

Studinfo.Ge მსახიობების შესარჩევ კასტინგსაც დაესწრო და ერთ-ერთ მათგანს, გიორგი რევაზაშვილს გაესაუბრა.

“თეატრალურში არ ვსწავლობ. მოვხვდი შემთხვევით. მიყვარდა ეს სფერო ყოველთვის. გადამიღეს რამდენიმე ფილმში. ვიყავი ასევე ფრანგებთან ფილმში. მიშელ აზანავიჩუსიიღებდა ფილმს, ერთ-ერთი როლი მქონდა, “მასოვკაში“ ვიყავი, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო მასთან მუშაობა. ასევე სპექტაკლებში ვითამაშე ნიკა ჩიკვაიძესთან და ეხლაც ვდგამთ თავისუფალ თეატრში სპექტაკლს. რაც შეეხება ამ სერიალდ, დამაინტერესა, იმიტომ რომ ესეთი რაღაც არ გადაღებულა ჯერ საქართველოში. ჩემთვისაც ალბათ სიახლე არის და ვნახოთ რა გამოვა“ – აღნიშნა გიორგი რევაზაშვილმა.

სერიალზე მუშაობა ამჟამად უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა. პირველი სერიის გადაღებებზე მუშაობა უკვე მიმდინაროებს. ვნახოთ, რა გამოვა და მიიღებს თუ არა მაყურებელი პირველ ქართულ ფანტასტიკურ სერიალს. ნამუშევრის შეფასება ქართულ აუდიტორიას, MYvideo.Ge-ს ბრენდირებულ არხზე შეეძლება.

გიორგი ურუშაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები