Homo faber – ადამიანი შემოქმედი, მწარმოებელი, მჭედელი, ხელოსანი. ადამიანი, რომელიც ინდუსტრიალიზაციის – ცივილიზაციის ნაყოფის, გზასაცდენილი პირმშოა. ადამიანი, რომელმაც შეითავსა ღმერთის ფუნქცია, ენუგეშებინა ადამიანები და მიიწერა ღვთებრივი თვისებები, როგორი პარადიგმაც მითებსა და ლეგენდებშია – მიეწოდებინა ხალხისთვის არსებობის საჭიროებანი – როგორც პრომეთეს ცეცხლი მათთვის , ხოლო ვალტერმა კი როგორც „იუნესკოს“ მუშაკმა – განვითარებადი ქვეყნებისათვის ინდუსტრიალიზაციის ფუფუნების მიწოდება, უზრუნველყოფა ცივილიზაციის ინტელექტუალური და ფიზიკური შრომის ნაყოფით. აი, რა სურდა ვალტერს, ინჟინერს, კატეგორიულად რაციონალიზებულ არსებას – ens rationale, თუბალ-კაენიანთა მოდგმის ჭეშმარიტ გამგრძელებელს. ბიბლიის ძველი აღთქმის ტექსტი გენეზისის წიგნში გვეუბნება, რომ დადგებოდა თუბალ-კაენიანთა მოდგმის, „რვალისა და რკინის ყოველგვარ საჭურველთა მჭედელთა“ (დაბ. 4: 22) არსებობის ეპოსი – ტექნიკის ერა, ამას გვაუწყებს ბიბლია და დუმდება თუბალ-კაენიანთა შთამომავალთა ბედზე… და ეს ჩვენ ვართ დღეს- ტექნიკის საუკუნის შემოქმედნი და, პირიქით, მისივე შექმნილნი…
მაშ ასე, ვალტერი homo faber-ია – ანუ ადამიანი შემოქმედი , მწარმოებელი – ეს, ცალსახად, ღვთაებრივი პრედიკატებია. ვალტერი მიიწერს ამ პრედიკატებს და განუდგება ბედისწერას. ის არ აღიარებს ბედისწერის როლს თავის ცხოვრებაში, მას მიაჩნია, რომ არ სჭირდება არავითარი ძალისა თუ პიროვნების მითითებები, ის ხომ თვალხილულია თავისი პერცეფციით. თუმცაღა, რეალური თვალის ახელა ძალზედ გვიან ხდება, როდესაც უკვე მთლიანობაში დაინახავს ცხოვრებისეული კონტინუუმის სურათს- აქამდე დანაწევრებულსა და ბუნდოვანს თავისი ნაწილის, როგორც სულის, ასევე სხეულის- თავისი ქალიშვილის შესახებ…
მთავარი პრობლემა არა ინცესტია (რომლის პარადიგმაც კაცობრიობის გააზრებული არსებობიდან უკვე ახსოვს მითოსსა და დრამას), არამედ მთელი ის გზა და ცხოვრების წესი მთავარი პერსონაჟისა, რომელმაც მორალურად ფატალურ შედეგამდე, ერთგვარ სასჯელამდე- ინცესტამდე, მიიყვანა. რაც უფრო შორს არის ორივე პერსონაჟი – ვალტერიცა და ოიდიპოსიც (ვალტერის ლიტერატურული წინამორბედი, სოფოკლეს „ოიდიპოს მეფის“ პერსონაჟი), ბედისწერის „სიმუხთლისაგან“, ინტუიტიურად თუ ინსტინქტურად, მით უფრო არიდებენ თავს მას, ხოლო რაც უფრო უახლოვდებიან, თითქოს, უფრო მიილტვიან მისკენ და შეგნებულად არიდებენ თავს სიმართლის გამორკვევას. მეტიც, ვალტერი თავს იტყუებს და გამართლებას ცდილობს, როდესაც თავისი ქალიშვილის წლოვანების გადათვლას იწყებს… ეს ყველაფერი თავის მოტყუება და დიდი წარუმატებელი აფერაა ბედისწერის წინაშე, რომლის არსებობასაც ამ პარადიგმაში დიდი როლი უჭირავს.
რისი შედეგია ინცესტი? რა არის პრობლემა ამ მიკროსოციუმისა (და არა მარტო), სადაც მოქმედება ვითარდება? ეს პრობლემა კომუნიკაციის მოშლის, მისი ფაქტობრივი არარსებობის პრობლემაა; ანუ, რომ არა ინფორმაციული ვაკუუმი მოქმედ პირებს- ვალტერს, ჰანასა და თვითონ ვალტერის დედას, შორის, რომელთანაც ჰანას ჰქონდა კონტაქტი და ყველაფერი იცოდა ბავშვის შესახებ, თეორიულიად შესაძლებელი იქნებოდა საშინელი შედეგის თავიდან არიდება (თუმცაღა, გარკვეულწილად, სპეკულირების თემაა).
რატომ აქვს ადგილი ინდიფერენტიზმს ერთი შეხედვით ახლო ადამიანებს შორის? ამ პრობლემის ფესვები ბიბლიურ პარალელში შეგვიძლია დავინახოთ: თუბალ-კაენიანთა ღრმადინდუსტრიალიზებული შთამომავლობა, შეჭურვილი რვალისა და რკინის ტექნიკით- აი, რასა, რომელსაც არ უწერია გადარჩენა, რომელზეც ბიბლიაც კი დადუმებულა- მოიხსენია ერთხელ და საბოლოოდ. კაენის საქმის დამასრულებელი, ასე გვიხსნის ებრაული ენა კაენის შტოს უკანასკნელი წარმომადგენელის- თუბალ-კაენის სახელის ეტიმოლოგიას… მაშ, დავუფიქრდეთ, რატომ მაინცდამაინც მჭედელი (ვალტერი კი- ინჟინერი) ? დავუფიქრდეთ, თუ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ტექნიკის საუკუნემ? ეს უკვე ჩვენ შორის ხდება, ჩვენი მყოფობის სივრცეში. მაგალითად, ეს ხდება მაშინ, როცა ერთმანეთის გვერიდგვერდ ვართ ფიზიკურად და კომუნიკაციას კი ვირტუალურად ვამყარებთ. ასეთ ყოფიერებას ადამიანის გადაგვარებისკენ მივყავართ. გავიხსენოთ თანამედროვე ანიმაციური ფილმი „უოლი“. აქაც თვალის ახელის პროცესი მაშინ იწყება, როცა კვაზიკომუნიკაციის წყაროს შემთხვევით გამოეთიშება ადამიანი- უკვე სხეულებრივადაც სახეცვლილი, ადამიანობადაკარგული, და აქედან იწყება თვალის ახელა- სამყაროს შეცნობა ისეთის, როგორიც არის და არა ისეთის, როგორსაც გვაწვდიან. მართალია, ეს თემა ცალკე განხილვის საგანია, თუმცა აქაც კომუნიკაციის პრობლემასთან- უკვე დღევანდელ სენთან გვაქვს საქმე.
მაშ, „Homo Faber“-ისა და „ოიდიპოს მეფის“ კლიშედგამჯდარ მთავარ ტრაგედიად ინცესტი კი არ უნდა მივიჩნიოთ (ის, როგორც აღვნიშნეთ, უსაზარლესი სასჯელია), არამედ ადამიანის სიამაყე და წინდაუხედაობა, რწმენა ბედისწერის ძლევისა, სამყაროსეული თვითკმარობისა და ყოვლისშემძლეობისა, ომნიპოტენტურობისა (თუნდაც ვალტერის რწმენა იმისა, რომ არავინ და არაფერი არ სჭირდებოდა ცხოვრებაში სამუშაოს გარდა და გამოფიტული, მანეკენური ემოციებითაც იოლას გავიდოდა); თუმცა, ვხედავთ საპირისპიროს- ადამიანის ბუნებაც ისეთივე უსუსური აღმოჩნდა, როგორც სხეული… ზაბეტიც, როგორც ბედნავსიანი არსება, რომელიც გარემოებათა მსხვერპლი გახდა, უნდა მომკვდარიყო- ასე ვერ გაგრძელდებოდა მისი ცხოვრება უკვე ცოდვით გაჯერებული. მისტერ ფაბერი კი, რომელსაც კუჭი მუდამ აწუხებდა (კუჭი, ეს მიწაზე მიჯაჭვულობის კაენიანთ მოდგმის სიმბოლო) გადარჩენას იმედოვნებდა, თუმცა, ამაოდ. ისიც ისევე უკვალოდ და უმემკვირდოდ გაქრა, როგორც თუბალ-კაენიანთა ბიბლიური მოდგმა.
ქრისტინე ცირეკიძე