დღეისათვის, ტექნიკის მეშვეობით თითქმის ყველა სასურველი წიგნისა თუ დოკუმენტის ელექტრონული ვერსიის წაკითხვაა შესაძლებელი, თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ არაფერი ჯობს თავსხმა წვიმაში ბუხართან თბილი წინდებით ჯდომას, ან კიდევ, პაპანაქება სიცხეში, ხის ჩრდილში გაბმულ ჰამაკში წოლასა და საყვარელი წიგნის კითხვას.
წარმოგიდგენთ რამდენიმე სასტუმრო-ბიბლიოთეკას, სადაც ყველანაირ პირობას შეგიქმნიან იმისათვის, რომ გასაოცარ გარემოში დასვენებასთან ერთად, დატკბეთ სასურველი წიგნების კითხვით. ეს ადგილები ნამდვილი სამოთხეა ბიბლიოფილებისათვის.
The Library Hotel – ბიბლიოთეკა-სასტუმრო ნიუიორკში, მედისონ-ავენიუზე მდებარეობს. თითოეულ სართულს მინიჭებული აქვს თავისი კატეგორია: დაწყებული ლიტერატურიდან, ენებიდან და სოციალური მეცნიერებებიდან, დამთავრებული რელიგიებით. აქ არის 60 ოთახი – თითოეული იმ წიგნების კოლექციით, რომელიც აღნიშული სართულის კატეგორიას შეესაბამება. მეორე სართულზე მოწყობილია 24-საათიანი სამკითხველო ოთახი ასეულობით ტომებით. ხოლო მე-14 სართულზე კი არის ბუხრით გამთბარი მყუდრო ოთახი, სადაც ზამთრის ცივ ღამეებში შეგიძლიათ, კოქტეილი მიირთვათ და დატკბეთ კითხვით. სახურავზე კი მოწყობილია პოეზიის ბაღი და პატარა ბარი ზაფხულობით ქალაქის ხედითა და უმშვენიერესი ცის პეიზაჟით დასატკბობად.
უმშვენიერესი ბაღი, ზღაპრული საჭმელი, გასაოცარი ბიბლიოთეკა და მეგობრული პერსონალი – აქ ყველაფერი უნაკლოა. ეს არის Casa colonial, მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სასტუმრო.
Andaz library: გასულ წელს, ამსტერდამის ეს საჯარო ბიბლიოთეკა ხუთ-ვარსკვლავიან სასტუმროდ გადაკეთდა. მისი ინტერიერი გერმანელი დიზაინერის მარსელ ვანდერსის მიერაა შექმნილი, რომელიც შთააგონა ზღაპარმა „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“. ამიტომ, აქ ბევრი ძალიან დიდი და ასევე, მინიატურული საგანია. სასტუმროში 122 ოთახია და მაქსიმალური კომფორტი მკითხველთათვის.
Taj Falaknuma-ს სასახლე ჰაიდარაბადში – ინდოეთში. მე-19 საუკუნის დასაწყისში ეს დიდებული სასახლე ჰაიდარაბადის მმართველებს – ნიზამებს ეკუთვნოდა. 1947 წელს ნიზამები გამოაძევეს და შენობა ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა, მაგრამ საბოლოოდ, იგი განაახლა Taj hotels-მა, რისთვისაც მას 25 მილიონი დოლარი დასჭირდა. აქ ნიზამების ხელოვნების ნიმუშებისა და წიგნების უდიდესი კოლექციას კუთვნილი ადგილი უჭირავს. გარდა ამისა, იგი ფლობს უინძორების სასახლის ბიბლიოთეკას 6000 წიგნით, რომელიც იშვიათ პირველ გამოცემებსაც მოიცავს.
Pavillon des Lettres პარიზი: ამ სასტუმროს აქვს ანბანის თითოეული ასოს შესაბამისი 26 ოთახი, რომლებიც სხვადასხვა მწერლისა და პოეტის წიგნებს მოიცავს. კედლებს კი მათი გამონათქვამები და ფრაზები ამშვენებს. საერთო სამკითხველო სივრცეშიც უამრავი წიგნია. ხოლო გარეთ კი არაერთი სამხატვრო გალერეა.
Sonya Hotel სანტ-პეტერბურგში: ეს სასტუმრო, რომელიც ნევას სანაპიროზე მდებარეობს, მოწყობილია ფიოდირ დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელის“ შთაგონებით. ზოგ ოთახში გამოფენილია რაფაელის „სიქსტის მადონა“-ს ნახატები, რომელიც ნოველაშიც მოიხსენიება. ხოლო ლუქსებში კი გვხვდება ხალიჩებზე დაბეჭდილი ნაწყვეტები და კედლებზე დაკიდებული ფრაზები წიგნიდან.
Gladstone’s Library დიდ ბრიტანეთში, ნამდვილი სამოთხეა მკითხველთათვის. აქ სრული სიმყუდროვეა. ვერაფერი შეგიშლით ხელს საინტერესო წიგნის კითხვით მიღებული სიამოვნებით ტკბობაში.
თარგმნა თათია ჟორჟოლიანმა
www.independent.co.uk
www.abcnews.go.com