X Factor-ის კასტინგის ექსკლუზიური დეტალები

კულტურა

ტელეკომპანია რუსთავი 2 ქართველ კონკურსანტებში X Factor-ის აღმოჩენას, ამავე სახელწოდების პროექტით, დღეს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ცდილობდა.

ჟიურის წევრები წარმატებული ქართველი მომღერლები: სტეფანე მღებრიშვილი, სოფო ტოროშელიძე და თამთა გოდუაძე არიან. ხოლო მეოთხე მათგანი საინფორმაციო გამოშვება „კურიერისა” და პოლიტიკური თოქ-შოუ – „არჩევანის” წამყვანი გიორგი გაბუნია გახლავთ.

შოუ ჩვეული ჟრიამულით დაიწყო. რიგები დიდ საკონცერტო დარბაზთან. შევსებული პარტერი და რეპეტიცია ტაშის დაკვრასა და ოვაციებში. ჟიურის გამოჩენის მოლოდინში აჭიკჭიკებული დარბაზი და იქვე პროექტთან დაკავშირებული ჭორების მიმოხილვა.

თუმცა, სანამ უშუალოდ გამომსვლელების მოსმენას შევუდგებოდით, შევეცადეთ კულისებში კონკურსანტებს გავსაუბრებოდით. რესპოდენტის არჩევის მომენტში უამრავი საინტერესო სახეს მოვკარით თვალი. ზოგი განსაკუთრებული იმიჯით იქცევდა ყურადღებას, ზოგი ზედმეტი თავდაჯერებულობით, ზოგიც – მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით.

შეუძლებელი იყო ერთ-ერთი ექსტრავაგანტული კონკურსანტი ეკა აფშილავა ჩვენი ყურადღების გარეშე დარჩენილიყო. მასზე ალბათ უკვე წაგიკითხავთ, თუ არა და გეტყვით, რომ პროექტის პირველ ჩაწერაზე მაყურებელს თავი დარბაზიდან დაამახსოვრა. პერფორმანსი ადგილიდან შეასრულა და, თანაც, როგორი პერფორმანსი.

„წარმატების იმედი მაქვს, რადგან წინა ჩაწერაზე პარტერში ვცეკვავდი და ვიღაცას კონცერტი ჩავუშალე, ყველა ჩემზე იძახდა, რომ კარგია, ეს ჯობიაო. ფინალისკენ ვიწევ”, – აღნიშნა ეკა აფშილავამ.

იქვე, ჯეოსტარელი მებო Loudspeakers-ის სოლისტთან ერთად შევნიშნეთ. როგორ გაირკვა მებო პროექტში მონაწილეობს.

„ცოტას ვნერვიულობ, ბუნებრივია, იმიტომ, რომ ყოველთვის ვნერვიულობ ზოგადად და, დღეს შევასრულებ ჯონ მეიერის Say-ის. ჯგუფით ვერ გამოვედით, იმიტომ, რომ ორივე ვოკალისტი უნდა ვყოფილიყავით. დიდი იმედი მაქვს, რომ ოთხივე კის მეტყვის და მაქსიმლაურს გავაკეთებ, რომ კარგად გამოვიდე”, – აღნიშნა Studinfo– სთან საუბარში მებო ნუცუბიძემ.

იგი მართლაც წარსდგა ჯონ მეიერის სიმღერით ჟიურის წინაშე. მისი მოლოდინი ნამდვილად გამართლდა, რადგან ჟიურის ოთხივე წევრმა დადებითად შეაფასა.

სოფო ტოროშელიძე: მუსიკა ნამდვილად არის შენი სახლი. მეგონა, ვარსკვლავის „ლაივ” კონცერტზე ვიყავი.

თამთა გოდუაძე: სიტყვებიც კი არ მყოფნის, როცა იქნება, პირველი ვიქნები საქართველოში, ვინც შენს კონცერტზე მოვა.

პირველი შემსრულებელი ჩვენ წინაშე, ქართველი კონკურსებისთვის მეტად მობეზრებული ბიონსეს ჰიტით, Listen-ით წარსდგა.

ჟიური არაერთგვაროვანი იყო თავის შეფასებებში. თუმცა, მან მაინც მოახერხა, სოფოს „კის“ გამოკლებით, 3 ხმის დაგროვება და შემდგ ტურშიც გადაინაცვლა.

კონკურსანტები ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდნენ, ენრიკე იგლესიასის ესპერანსათი დაწყებული და რუსული საესტრადო სიმღერით დამთავრებული, ყველა ტიპის მუსიკას მოისმენდით.

ჟიურის წევრებიდან ყველაზე „მწარე”, ალბათ, გიორგი გაბუნიას კომენტარები გახლდათ, რომლებიც ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა კონკურსანტს. თუმცა, ესეც ხომ დადგმული შოუს ნაწილია.

მოდელი მომღერალი ბიჭი, კახელი კახა, შავკანიანი მომღერალი, ქართველი შაკირა და კიდე სხვანი უიღბლონი აღმოჩნდნენ. მათ ვერ მოიპოვეს საგზური მომდევნო ტურში. თუმცა, კონკურსანტების უმრავლესობას გაუმართლა და მოახერხა, შემდეგ საკონკურსო ტურში გადასვლა.

მებო ნუცუბიძესთან ერთად განსაკუთრებული მოწონება 15 წლის რეზიმ დაიმსახურა, რომელმაც მაყურებელი და ჟიური პირველი წუთებიდან, ჯერ გარეგნული იმიჯით, შემდეგ კი სიმღერით მოხიბლა.

თამთა გოდუაძე : სუპერ თანამედროვე ბიჭი. აი, ეს არის X Factor.

56 წლის მომღერალმა გელა დონაძემ, რომელმაც ელ ჯეროს სიმღერა არაჩვეულებრივად შეასრულა, ჟიურის ოთხივე წევრი ფეხზე წამოაყენა და მაყურებლის სიმპატიასთან ერთად, 4 კიც დაიმსახურა.

მარცხნიდან გელა დონაძე
მარცხნიდან გელა დონაძე

სცენაზე ნამდვილი გენერლების ჯგუფიც გამოვიდა, მათი საშუალო ასაკი 70 წელზე მეტი იყო, თუმცა ეს ხელისშემშლელ ფაქტორად სულაც არ ქცეულა. პირიქით, ჟიურის ერთ-ერთ წევრს, თამთა გოდუაძეს იმდენად მოეწონა მათი შესრულება, რომ სცენაზე ავიდა და სათითაოდ ყველა მათგანს ჩაეხუტა.

ბოლო მონაწილეს, ნიკო კალანდიაშვილს ჟიურის მოსახიბლად 2 სიმღერის შესრულება მოუხდა. პირველი, ყველასათვის ცნობილი Sex Bomb შეასრულა და ჟიურისგან შესაბამისი მხიარული კომენტარებიც მიიღო.

როდესაც გიორგი გაბუნიამ დარბაზის აქტიურობა შენიშნა, აღნიშნა, რომ საზოგადოება არის სექსს მონატრებული.

გიორგი გაბუნია: ეს იყო ნამდვილი ქართული, ჯიგრული სექსი.

ნიკოს ჟიურის საბოლოოდ მოსახიბლად, მეორე, უფრო სერიოზული სიმღერის შესრულებაც მოუხდა, რამაც გაჭრა ჟიურიზე და იგი შემდეგ ტურში მოახვედრა.

ასე რომ, ქართული X Factor აგრძელებს მთავარი ფაქტორის ძიებას. დღევანდელი დღის მიხედვით კი, შეგვიძლია გითხრათ, რომ რუსთავი 2-ის ეთერში ნამდვილად საინტერესო სანახაობა გველოდება.

გიორგი ურუშაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები