ლიტერატურულ ნაწარმოებებში წითელი საბედისწეროდ დომინირებს. განსახვავებულია პატრიკ ზიუსკინდის, ფამუქისა და ედგარ პოს წითელი ფერი. ფერთა სიმბოლოს, მის მხატვრულ დიაპაზონს, ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფილმებშიც. ახლა მახსენდება სისხლიანი „წითელი გაოლინი“, ფელინის „ამარკორდი“…
რეჟისორები საბედისწერო ფერს ორი განსხვავებული პოლუსის სახით წარმოგვიდგენენ. ერთ მხრივ – ნგრევის, ამბოხისა და სისხლის, მეორე მხრივ კი გრძნობის, სასიცოცხლო ძალების მოზღვავების, გაზაფხულისა და სიყვარულის სიმბოლოდ. წითელს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ზიუსკინდის წიგნში „სუნამო – ამბავი ერთი მკვლელისა“. აქ წითელი სხვა შეფერილობას იძენს, შესაბამისად, ქვეტექსტიც განსხვავებულია. მუქი წითური – ენით აღუწერელი, ზებუნებრივი სილამაზის სიმბოლოა: „ლაურა რიშის მუქწითური თმა, მწვანე თვალები და ისეთი გასაოცარი სილამაზის სახე ჰქონდა, რომ სტუმრები, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, ადგილზე შეშდებოდნენ და თვალს ვერ სწყვეტდნენ. სახეს ნაყინივით ულოკავდნენ თვალებით, და თანაც, ამ დროს ისეთივე სულელური გამომეტყველება უჩნდებოდათ, როგორიც ამ საქმიანობისთის არის ხოლმე დამახასიათებელი.“ თვალშისაცემი სიმბოლოა ასევე მთა, როგორც სულიერი განწმენდისა და ამქვეყნიური ამაოების დათმობის სიმბოლო. მთის გამოქავბულში გამოკეტილი გრენუი ცდილობს იპოვოს გამოსავალი და შეიცნოს საკუთარი თავი (საუბედუროდ, აღმოაჩენს, რომ უსუნოა).
მუქი წითური თმა და მთა ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოებია, თუმცა ნაწარმოები სავსეა სხვა მეტაფორებითაც. მწერალი მკითხველს მოსალოდნელი შედეგისთვის ამზადება. ჩვილი გრენუის ყნოსვის ორგანო შედარებულია სამეფო ბოტანიკური ბაღის მტაცებელ მცენარესთან. მნიშვნელობა არა აქვს დროზერაა თუ სხვა სახეობის მცენარე, მთავარი ალბათ უჩვეულობაა. მცენარე, რომელსაც არსებობის გამორჩეული უნარი გააჩნია და პარალელურად ჟან ბატისტ გრენუი, ყველაზე უცნაური ჩვილი, უსუნო, “უსხეულო”, გონებასუსტად და ამავე დროს ზებუნებრივ არსებად შერაცხული.
სიკოჭლე, სხეულზე დარჩენილი ნაწიბურები, შესაძლოა, მისი შინაგანი არამდგრადობის მაჩვენებელია. აღსანიშნავია, ნაწარმოების საწყისი ეტაპი, სადაც გრენუი შედარებულია „გენიოს ურჩხულებთან“: დე სადი, სენ-ჟიუსტი, ფუკე და ბონაპარტი. „და თუ ეს სახელი დავიწყებასაა მიცემული, იმიტომ კი არა, რომ გრენუი ამ ბნელით მოცულ ცნობილ ხალხს ქედმაღლობით, კაცთმოძულეობით, უზნეობით, მოკლედ, უღმერთობით, ჩამოუვარდებოდა. არა, ეს იმიტომ მოხდა, რომ მისი გენია და ფენომენალური პატივმოყვარეობა იმ სფეროთი შემოიფარგლებოდა, რომელიც ისტორიაში კვალს არ ტოვებს – სუნების წარმავალი სამყარო.“
შემთვევითი არ არის, მთავარი პერსონაჟის დაბადების ადგილი. ხრწნად სიმყრალეში დაბადებული ჩვილი, რომელმაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა დედას. სიცოცხლე, რომელმაც სხვა სიცოცხლე შეიწირა.
ნაწარმოების სხვა პერსონაჟებიც უცნაური თვისებებითა და გარეგნული იერით გამოირჩევიან. მშობელი დედა – 4 შვილის მკვლელი, პატერ ტერიე – სასულიერო პირი, მიამიტი, არცთუ ღრმად მორწმუნე (მიწიერი გრძნობები შეახსენებდა ხოლმე თავს და თეოლოგიურ პრობლემებსაც ერიდებოდა, ისინი სიმტკიცეს ურყევდა და მოსალოდნელი შედეგი აფორიაქებდა). მადამ გაიარი – 30 წლის, უკვე დაბერებული ქალი, რომელმაც შუბლში ასტამის ჩარტყმის შედეგად ყნოსვის შეგრძნება დაკარგა. მადამ გაიარის აღსაზრდელები – „ბავშვებმა კიდევ რამდენჯერმე სცადეს გრენუის მოკვლა, მაგრამ ამოდ“ – საკუთარი ტყავის ერთგული მცველები. ბატონი გრიმალი, მთრიმლავი – „ამ კაცს სულ ერთი ბეწო ურჩობისთვის შეეძლო, ცემით მოეკლა გრენუი“. ჯუზეპე ბალდინი – მენელსაცხებლე, უღირსი მეტოქე. მარკიზ დე ლა ტაიად ესპინასსი – „Fluidum Letale“-ს თეორიის ავტორი. მადამ არნულფი – მოღალატე ქვრივი. დომინიკ დრიუო – „განტევების ვაცი“. ანტუან რიში – მამა, რომელსაც ქვეცნობიერი ლტოლვა აქვს ქალიშვილისადმი. პაპონი – ჯალათი. უცნაური, შესაძლოა, სახასიათოც კია ნაწარმოების მანკიერი პერსონაჟები. განურჩევლად ყველა, გარდა დახოცილი ქალწულებისა სიბინძურესა და სიმყრალეშია ჩაძირული. ამ პერსონაჟების მოულოდნელი გარდაცვალებით ავტორი თითქოს ამსუბუქებს ბოროტებით დამახინჯებულ სამყაროს.
არ ვკარგავ ჭკუას ფილმებზე, მსახიობებზე, არ მინახავს „ძვირფასო, ჯონ“, „წერილები ჯულიეტას“, „წიგნაკი“. ნაწარმოებების სცენარით გადაღებულ ფილმებს ყოველთვის მეორე ადგილას ვეყენებ და უპირატესობას მწერალს ვანიჭებ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფილმი ღირსეულ ადგილს იკავებს. ჩემი საყვარელი „რაცოს“ მონაწილეობით ფილმი ნამდვილად მშვენიერია. უპირველესად, ხაზგასასმელია მსახიობთა ნატურის სიზუსტე ნაწარმოების პერსონაჟებთან. დეტექტივის რამდენიმე პასაჟი შეცვლილია, მაგ.: მადად გაიარის სიკვდილის სცენა, მადამ არნულფის მეძებარი ძაღლი.. მომეწონა, როდესად ფილმში ანტუან რიშის ავადმყოფური განცდები უგულველყოფილია. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი სცენა სწორედ მარესქუჩელი გოგონას სიცოცხლის უკანასკნელი წუთებია. ჭორფლიანი მარესქუჩელი, ჩამუქებული ეზო, ყვითელი ქლიავით სავსე კალათი და ქალის სურნელით წალეკილი გრენუი. „გრენუიმ გოგონა მიწაზე, ქლიავის კურკებზე დააწვინა და კაბა შემოახია. ერთ დიდ ნაკადად ქცეულმა სურნელმა ლამის წალეკა, სახე მის კანში ჩარგო და გაბერილი ნესტოებით იყნოსავდა მუცელს, ბარძაყებსა და თეთრ ფეხებს. თავიდან ფეხებამდე შეისუნთქა, მერე მისი სურნელის ბოლო ნარჩენებიც შეისრუტა ნიკაპიდან, ჭიპიდან და იდაყვებიდან.“
ფილმის მიმდინარეობისას მკვლელობები პროტესტს მიმძაფრებდა, არ მინდოდა ზებუნებრივი სილამაზე მოესპოთ, მაგრამ ბოლოს მაინც მიღალატა ამ განცდამ. ბოროტება იწყება იქ, სადაც მთავრდება ადამიანური სითბო, სიყვარულის განცდა. სულიერი სიმშვიდისთვის მნიშვნელოვანია ერთს მაინც უყვარდე მრავალთაგან ან შენ გიყვარდეს ერთი. იქნებ, ქვეცნობიერში დარცენილი დაბადების არაადამიანური შთაბეჭდილება იყო მკვლელობის მიზეზი?! აჯობებდა, მეტი ეფიქრა ნაწარმოების გმირებს სიყვარულის მეტობაზე.
ბოლოს, მე ასე ვიტყოდი, გრენუიმ წარმავალი სილამაზე უკვდავყო და მოკვდა იქ, სადაც დაიბადა, მოკვდა ისევე უჩვეულოდ, როგორც დაიბადა.
თეკლე ქაროსანიძე