თქვენ გამარჯვების რეალური შანსი გაქვთ

სტუდენტური ცხოვრება

[blockquote style=”2″]ლევან ლორთქიფანიძის სტატია თსუ-ის თვითმმართველობის არჩევნების შესახებ[/blockquote]

ზუსტად ორი წლის წინ, 2012 წლის გაზაფხულზე საუნივერსიტეტო კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ერთგვარი სტუდენტური საარჩევნო გაერთიანება, „ნარინჯისფერი კლუბი“ დავაარსეთ. ჩვენი მიზანი თვითმმართველობის მმართველი გუნდის, „ერთიანი სტუდენტური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლა გახლდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ვიღაცებმა დაგვცინეს კიდეც. საკუთარი თავის კანდიდატად წარდგენაზე უამრავმა თანაკურსელმა სასტიკი უარი განგვიცხადა. საყოველთაო უიმედობა ლოგიკურიც კი იყო. ყველა უფრთხილდებოდა ოჯახის კეთილდღეობასა და მშობელთა სამუშაო ადგილებს. ამასთანავე, საზოგადოების სკეპტიციზმს თვითმმართველობის დაახლოვებით მილიონიანი ბიუჯეტი და ამ ორგანოს წევრთა უკიდურესად აგრესიული მოქმედებები განაპირობებდა (შეგახსენებთ, რომ 2011-12 წლებში „ერთიანი სტუდენტური მოძრაობის“ ლიდერები 3-4-ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ მოწინააღმდეგე ბანაკის წარმომადგენლებს). რაც მთავარია, მაშინ მმართველ სტუდენტურ გაერთიანებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სპორტის სამინისტროსა და პოლიტიკური ელიტის სრული მხარდაჭერა ჰქონდა.

მოკლედ, ორი წლის წინ ჩვენ „ქარის წისქვილებთან“ მეტოქეობა გადავწყვიტეთ. რა იყო „ნარინჯისფერი კლუბის“ მთავარი მოთხოვნები?

აქტიურ უმცროსკურსელებს არ მოგვწონდა თსუ-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უმძიმესი მდგომარეობა, სასწავლებელში შეფერხებული სამეცნიერო-კვლევითი პროცესი, ანთოლოგიური ლიტერატურის ქართულენოვანი ვარიანტების არარსებობა, უნივერსიტეტის ყველაზე გავლენიან ძალად ჩამოყალიბებული ავტორიტარული, არაეთიკური ბიუროკრატია და საყოველთაო თანამონაწილეობის გარეშე, მარგინალურად მომუშავე, ნდობის არმქონე სტუდენტური თვითმმართველობაც (ვითარება ამ დრომდე თითქმის უცვლელია). „ნარინჯისფერმა“ კანდიდატებმა გამოკვეთილი პრობლემებიდან გამომდინარე შევადგინეთ მანიფესტი, რომელიც სამ უმნიშვნელოვანეს მიზანს აერთიანებდა:

  1. თვითმმართველობის ადმინისტრაციული და ფინანსური დეცენრალიზაცია.
  2. სტუდენტური წარმომადგენლობითი ორგანოს გამჭვირვალობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სტუდენტთა თანამონაწილეობის უზრუნველყოფა.
  3. სტრუქტურული ერთეულის მთელი რესურსების საფაკულტეტო საბჭოების (ფაკულტეტის მმართველი უწყება) მუშაობაში კონცენტრირება.

დამოუკიდებელი კლუბის აქტივიზმს უდიდესი წინააღმდეგობები შეხვდა. გვიფუჭებდნენ სარეგისტრაციო ბლანკებს, ხელს გვიშლიდნენ აუცილებელი ხელმოწერების შეგროვებაში, ავრცელებდნენ უსაფუძვლო ჭორებს კლუბის წევრების პირადი ცხოვრების შესახებ, რამდენჯერმე გაგვიტეხეს ელ.ფოსტისა და სოციალურ ქსელთა ანგარიშები, არაერთხელ გაგვინადგურეს 22 ლარად დამზადებული სააგიტაციო მასალის ნაწილი. საბოლოოდ, ბიულეტენში კლუბის მხოლოდ 9 წევრის გვარი აღმოჩნდა. აღნიშნული წარუმატებლობიდან გამომდინარე, კლუბმა საკუთარი შესაძლებლობები რეალისტურად შეაფასა და არჩევნების წინა დღეს გამართულ შემაჯამებელ შეხვედრაზე გულწრფელი მოწოდებით წარსდგა მხარდამჭერთა წინაშე. მელიქიშვილის აუდიტორიაში შეკრებილ სტუდენტებს ვუთხარით, რომ რამდენიმე დელეგატის მუშაობა ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას ვერ მოგვცემდა. შესაბამისად, მათთან შევათანხმეთ ჩვენი პროგრამა მინიმუმი – არჩევნებში გამარჯვების პრეცენდენტის შექმნა, და პროგრამა მაქსიმუმი – საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტური სეგმენტის გააქტიურება.

დღემდე ვამაყობ, რომ 2012 წლის სტუდენტურ არჩევნებში ამდენ განსხვავებულად მოაზროვნე, ღირსეულ კანდიდატთან ერთად მივიღე მონაწილეობა. არ მავიწყდება ტიტანური შრომა, რომელიც კლუბის პრეზიდენტმა და სხვა წევრებმა გასწიეს. შეუფასებელია სოლიდარობა, რომელიც არჩევნების დღეს თანაფაკულტეტელებისაგან დავიმსახურეთ. ჩემი სამოქალაქო აქტივიზმის დღემდე საუკეთესო მონაგარად მივიჩნევ სიტყვებს, რომელიც საარჩევნო უბნიდან გამოსულმა ორსულმა თანაკურსელმა მითხრა: “ცუდად ვიყავი, მაგრამ შენ კარგ საქმეს აკეთებ! ყოჩაღ.“

18 მაისს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსზე ჩატარებულ სტუდენტურ არჩევნებში „ნარინჯისფერმა კლუბმა“ ხმათა 70%-მდე მოიპოვა. კლუბმა შექმნა დაუმარცხებელი მონსტრის არჩევნებით შევიწროვების პრეცენდენტი. თურმე გულწრფელი შრომისა და ბრძოლის საფუძველზე მცირერიცვოვან ჯგუფებსაც შესძლებიათ პატარა ნაბიჯების გადადგმა.

საუბედუროდ, არჩეულმა დელეგატებმა მხოლოდ პირველადი ამოცანის შესრულება მოვახერხეთ. „ერთიანმა სტუდენტურმა მოძრაობამ“ დაბლოკა კლუბის წევრთა საფაკულტეტო საბჭოში არჩევის თითქმის ყველა ინიციატივა. არჩეულ პირებს კვლავ ქუჩიდან გვიწევდა სტუდენტური პრობლემების გადაჭრისთვის მოქმედება. ჩვენს სტატუსს ყოველთვის ვიყენებდით უნივერსიტეტის სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკებთან (დეკანები, სამსახურის უფროსები, რექტორები, აკადემიური საბჭოს წევრები) საქმიანი პოლემიკის დროს. სამწუხაროდ, აღნიშნული მონდომებაც არ გამოდგა საკმარისი.

თუმცა სტუდენტური კენჭისყრის მონაწილეებმა 2012 წლის ოქტომბერში ერთგვარი სამოქმედო გეგმა მაინც შევადგინეთ. დღეს აღნიშნული დოკუმენტი უკვე თავისებურ ანდერძად შეგვიძლია განვიხილოთ (იხ. ბმული http://studentebi.com/?p=597). ჩვენს მონახაზში ჩამოყალიბებულია თვითმმართველობის განვითარების ორი ფუნდამენტური პრინციპი – ფინანსების საყოველთაო გადანაწილება და საუნივერსიტეტო წარმომადგენლობით საბჭოებთან სრული ინტეგრაცია. აქვე გამოყოფილია ის ბოლშოვიკური პუნქტები, რომელიც ამ წუთებამდე მოქმედ სტუდენტურ საარჩევნო დებულებაშია მოცემული. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ორგვერდიანი შეფასება აუცილებლად გამოადგებათ ადამიანებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ.

ამ წერილით მინდოდა ბოდიში მომეხადა სტუდენტური საზოგადოების ყველა წევრისათვის. შევეცადე ყველაფერს, რაც შემეძლო… ალბათ ნერვებიც არ მეყო, რათა სამ თანამებრძოლთან ერთად უკეთესად დავპირისპირებოდი უნცაური მენტალიტეტის მქონე,  თვითმმართველობის წარმომადგენელ ახალგაზრდა მაღალჩინოსნებსა და ბიუროკრატებს. მიუხედავად ამისა, ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენ მიერ ოდნავ გათელილი გზის ღირსეულად გაგრძელება თქვენ, უნივერსიტეტელთა შემდგომ თაობას შეგიძლიათ. გთხოვთ, აიღეთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა ყველამ, ვისაც უმცირესი შანსი მაინც გაქვთ. ყველამ იბრძოლეთ საარჩევნო გარემოს შესაცვლელად და კენჭისყრაში გასამარჯვებლად.


ლევან ლორთქიფანიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები