„ნადიმზე ნადირი“

ბლოგი

მეც ზუსტად ისე ვფიქრობ ხელოვანებზე, როგორც ჩემი მშობლების თაობის უმრავლესობა მასწავლებლებზე – არ სვამენ, არ ჭამენ, მიწას ფეხს არ აკარებენ და რაღაცნაირები არიან – სათნოები, დარდიანები… ყველა ხელოვანს ხომ საკუთარი ნიშა აქვს, ზოგი დენდია და ხეზე აცოცებული კითხულობს ლექსებს, ზოგი ზედმეტად პირადაპირი და ცინიკურია: „შუბლში ტყვია“, ზოგი ჩუმია და „ჩუმად კარგი“… ყველასგან გამორჩეულები არიან, თითქოს ყოველდღიურობის რიტმს შერწყმულები, სინამდვილეში ძალიან გაუცხოებულები ჩვენგან, რთულად მისაწვდომები და იოლად დასაკარგავები.

ყოველთვის ვფიქრობდი „მდაბალია“ თუ მაღალი მათ მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუში, ნაწარმოები, ისინი მაინც განსხვავდებიან ჩვენგან და არ ღირს იმაზე დავა, ვინ რა იგულისხმა „იასამნების თეთრ თოვაში“. ხელოვანი ნირვანაში, ყველაზე ამოუცნობი, საინტერესო და ამაღელვებელია. საინტერესოა, ყველა, ვისაც ერთი ლექსი მაინც დაუწერია ბავშვობაში, ვისაც „ყირამალა“ დაუნახავს და მონატრებული სახლის სუნი უგრძვნია.

აი, ასეთი მგრძნობიარე ვარ მათ მიმართ 🙂

არავის განსჯას არ ვაპირებ, უბრალოდ ერთ გარემოებას გავუსვამ ხაზს: დაფიქრებულხართ, რამდენი ადამიანი შემოსწრებია ღონისძიებას „ალაფრუშეტის“ ხათრით?!

მახსოვს, გოეთეს ინსტიტუტში საბჭოთა კინოავანგარდის თემასთან დაკავშირებით, ერთ-კვირიან სემინარებს ვესწრებოდით. ლექციებს დამსახურებული გერმანელი პროფესორი გვიკითხავდა. ღიმილითა და სიმშვიდით ეგებებოდა დილის 10 საათზე 5 დროულად მოსულ დამსწრეს, 12-ის 20 წუთზე კი დანარჩენ 45-ს გვესალმებოდა. ჰანსს ეცვა მუხლებამობურცული, დაკერებული ჯინსი, მაჯასთან გაცრეცილი ჟაკეტი და ძველმოდური ფეხსაცმელი, თუმცა ჰანსი იყო სუფთა, მოვლილი და ჯანსაღი შესახედაობის. ლექციები ორ ნაწილად იყო გაყოფილი, შესვენებაზე ჭამისა და დასვენების საშუალება ყველას გვქონდა.

შლაპიანს ეცვა გრძელი „პლაში“, ნერვიულად ჩადიოდა ბუფეტში, აშენებდა კოშკებს თეფშებზე, ჯდებოდა მაგიდასთან მარტო და გემრიელად ნაყრდებოდა. გვაოცებდა.. მოკლედ, ერთი კვირა გაგრძელდა სემინარი, გადმოგვცეს სერთიფიკატები და გაგვიშვეს სახლში.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა.  სულ რამდენიმე დღის წინ პროექტის დახურვას ვესწრებოდი ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ღონისძიება „ნადიმით“ დასრულდა. თეთრი ღვინო, ფორთოხლის წვენი, დესერტი, მოკლედ ბევრი რამის დაგემოვნება შეიძლებოდა. მიაწყდა და მიაწყდა ნაკადი ლამაზ ფურჩალებიან მაგიდას, ლამის აყირავდა, „თეთრ წინსაფრიანმა“: „ბატონებო, ქალბატონებო, ნუ შემობრძანდებით მაგიდის ამ მხარეს, ნუ შემობრძანდებითო“, – ლამის მოგვიგერია. გავიხედე და „წითელი ზონა“ გოეთეს ინსტიტუტელ „შლაპიანს“ გადაულახავს! გაკვირვებული დავბრუნდი მაგიდასთან (აქაც „შლაპიანი“) და სხვათაშორის ავიღე რაღაც თხელი კრებული, მიძღვნების კორიანტელით, პოეტი აღმოჩნდა მოქალაქე „შლაპიანი“. არ გამეგო მაინც, დამენგრა ჩემი წარმოსახვები!

ჰოდა, რას მოვაყოლე, ეს უცხოელები აფრინდებიან თუ არა საქართველოდან, სალანძღავ წერილებს რომ გვწერენ, გიკვირთ?!

თუ კი, ნუ შევჭამთ ერთი კვირის მარაგს, ხვალ მაინც მოგვშივდება, დავიცვათ რიგი და ნუ ჩამოვისხამთ ერთდროულად სამ ჭიქაში “სამი დაქალისთვის” სამყოფ ფორთოხლის წვენს და ბოლოს, ნუ შევეხებით „თეთრ წინსაფრიან“ პერსონალს.

თეკლე ქაროსანიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები