ადამიანის პიროვნებას განსაზღვრავს არა გაყინული ფორმულები,
არამედ, ამ პიროვნების განცდათა კვალი
კონფლიქტურ სიტუაციაში ადამიანის ქცევის 5 სახეობა გამოიყოფა:
1. განშორება, ანუ კონფლიქტიდან გასვლა, თავის არიდება; 2. შეჯიბრი, ანუ ძალის მეთოდი; 3. შეგუება, ანუ ცალმხრივი დათმობის მეთოდი; 4. კომპრომისი, ურთიერთდათმობა; 5. თანამშრომლობა, ანუ ურთიერთსასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება.
კონფლიქტიდან თავის დაღწევის ხერხები ინდივიდუალურია. კონფლიქტის მომწიფება, მისი მიმდინარეობის სიმძაფრე, სიხშირე პიროვნების ხასიათზეა დამოკიდებული. ხასიათს ხშირად ჩვევა აყალიბებს, ჩვევას კი აღზრდა. თუკი პიროვნება ბავშვობიდანვე მიჩვეულია სხვისი ინტერესების უგულველყოფას და შესაბამისად „გამარჯვებას“, ის არც მომავალში დაიკლებს კონფლიქტურ სიტუაციას.
ადამიანთა გარკვეული კატეგორიისთვის დაპირისპირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა. კოფლიქტი მათ ვიტალური ძალების აღდგენაში ეხმარება. ეს არის ერთგვარი შვება, განტვირთვა. შესაძლოა, მათ უფრო მძაფრად შეუყვარდეთ ერთი ძლიერი, სიტყვიერი „სეტყვის“ შემდეგ. არსებობენ, შურისმაძიებელი ეგოისტები. მათ გაღიზიანებისას უნდა ვერიდოთ, დავტოვოთ ეს ადამიანი მარტო, სანამ ჩვენი ფსიქიკა მწყობრშია. საკმარისია, მცირე ბიძგი, გონს მოუსვლელად დაგესხმებათ ეს ადამიანი თავს. ბრაზობს, ყვირის, ამტვრევს კარებს უმიზეზოდ, ცდილობს, აგიყოლიოთ „თამაშში“, მისთვის შვება მხოლოდ ორმხრივ ღრიალს, კონფლიქტს მოაქვს.
– სანამ კონფლიქტი ღია სტადიაზე გადავა, დაპირისპირება ცხად სახეს მიიღებს, როგორ მივხვდეთ, რომ პიროვნება (უფროსი, კოლეგა, მეზობელი) გაბრაზებულია?
– გაფითრებული სახე, გაფართოებული თვალები, მიმიკური მისალმება ( წარბის „აქნევა“) ან თავის არიდება, „სასხვათაშორისო“ ურთიერთობა.
ამ დროს შეიკავე თავი კითხვებისგან, გაუღიმე და დაემშვიდობე. უკიდურეს შემთხვევაში, სახლში ერთი-ორი თეფში დაილეწება ან ბავშვებს შემოულაწუნებენ (უყვირებ „განტევების ვაცებს“ და ყველა მეზობელი გაიკრიფება სახლში 🙂 )
საინტერესოა, რატომ გროვდება ერთ კონკრეტულ პიროვნებაში ათი ადამიანისთვის სამყოფი აგრესია, რა განაპირობებს კომპლიქტისადმი მუდმივ მიდრეკილებას, თითქმის დამოკიდებულებას? – არასრულფასოვნება, ზედმეტი თავდაჯერებულობა, ნებიერი ხასიათი, ცუდი ზეგავლენა თუ უფრო კომპლექსური პრობლემა?!
პირადად, ჩემთვის წამების ტოლფასია მუდმივად გაღიზიანებულ, გაბრაზებულ ადამიანთან ურთიერთობა. ორმაგი ტანჯვაა, როდესაც თავად ხარ ამ გაღიზიანების მიზეზი. გამოსავალი – მირჩევნია, თავად ვიყო ნაწყენი, ვიდრე სხვა. მთელი არსებით ვერიდები დაპირისპირებას, ვძაბავ ნებისყოფას, გაღიზიანებას ვპასუხობ სახის ნაკვთების ოდნავი ცვლილებით. ხშირად მიფიქრია, ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია იყვირო ხმის ჩახლეჩამდე, თქვა სიმართლე, ბედნიერებაა ეს დროული, იმწუთიერი „დაცლა“!
მე კი ვიტან დიდ ხანს და ვფეთქდები დიდი ხნის შემდეგ. ვფიქრობ, მარტივია ჩემთან ურთიერთობა თუკი მეცხრედ არ გამაბრაზებენ, ამ წუთამდე არავის ემუქრება საფრთხე..
უბედურებაა, კონფლიქტის მომწიფების პერიოდი, ვცდილობ, მოთმინებით გადავავადო ეს სიმწიფე, თავს ვიმშვიდებ, რომ ადრე თუ გვიან ეს ადამიანი თავად მიაგნებს საკუთარ შეცდომებს, უადგილო გაღიზიანების მიზეზს და საერთოდ, ურთიერთობის არსს. თითქმის ყოველთვის მჯეროდა, რომ ის აუცილებლად იგრძნობდა სინანულს, მაგრამ იმედი გამიცრუვდა, ამ ადამიანებს სჯერათ, რომ თმენა დამნაშავის თვითაღიარებაა. არაფერს ამბობ, ისევ იღიმი? – დამნაშავე ხარ. მეც ასე მგონია, დამნაშავე ვარ, რომ მხოლოდ მრავალჯერად წყენაზე ვრეაგირებ (მგონი, უკვე აღარ 🙂 )
პიროვნებათაშორისი კონფლიქტების გარდა, ადამიანს საკუთარი ფსიქიკაც უქმნის საფრთხეს. შინაგანი ბრძოლის განცდა ერწყმის უკმაყოფილებას და გვაფორიაქებს. მერყევი ხასიათი, გადაწყვეტილების მიღების უუნარობა, სუსტი ნებისყოფა, საკუთარ თავში სწრაფად ვერ გარკვევა დამატებით პრობლემებს გვიქმნის.
მარტივად, ვთქვათ, დავგეგმეთ ეგვიპტეში მოგზაურობა, სანამ ავიაბილეთებს ვიყიდით, ვფიქრობთ, იქნებ შვედეთში გამგზავრება უმჯობესია, ეგვიპტე მომავალი წლისთვის ხომ არ გადამედო?! ან იქნებ სულაც რიოში წავსულიყავი, არა, არა რომი, იტალია, ფანტასტიკურია, მაგრამ ეგვიპტე, იქნებ პირამიდები მენახა?! და ასე, დიდხანს ვებრძვით საკუთარ ფიქრებსა და წარმოსახვებს. ჩვენი წარმოდგენები კი ხშირად მატყუარაა და რეალობასთან დაშორებული. ბავშვობიდან მაღიზიანებს თევზჭერის პროცესი, მგონია, რომ ძალიან მტკივნეულია ნემსკავი.
ეს მაგალითი დალხენილი ცხოვრებიდანაა. ჩემს რეალობაში საფიქრალი არაფერია, მე რიომდე, ნუნისს დავლაშქრავდი სიამოვნებით. ალბათ იტყვით, ღმერთმა ამაზე მეტი არ გამიჭირვოსო, მაგრამ ზოგისთვის გაჭირვებაცაა და დამაბრკოლებელი ფაქტორიც.
ვფიქრობ, სინანულიც კონფლიქტის ნაირსახეობაა. ნანობ, მაგრამ ამართლებ საკუთარ თავს, არაცნობიერი კი გზღუდავს და გაფორიაქებს (არც ისე მარტივადაა საქმეო). მოვიდა სინანული, შვებას უნდა გრძნობდე, შენ კი ვერ გრძნობ. ვერც იგრძნობ, სანამ თავს იმართლებ და თუკი არ გაიმართლებ თავს, გამოდის, რომ თავად ხარ დამნაშავე, არარაობის განცდა კი მაინც გაგტანჯავს.
მთავარი კითხვის პასუხი კი ასეთია, რა თქმა უნდა, მიყვარს საკუთარი თავი, მაგრამ დათმობა დათბობის წინაპირობა მგონია (არადა, სულ ტყუილად).
თეკლე ქაროსანიძე