მულტიკულტურალიზმი

დღეს, როდესაც გლობალიზაციამ მთელი მსოფლიო მოიცვა, უკვე ბევრი საუბრობს მულტიკულტურალიზმის შესახებ. ზოგი მისი წინააღმდეგია და ფიქრობს, რომ იგი საფრთხეს უქმნის მისი ქვეყნის ეროვნულობას, ზოგი კი პირიქით, მის დასაცავად გამოდის და სხვებსაც იმავესკენ მოუწოდებს.

სანამ კონკრეტულად მულტიკულტურალიზმის საკითხს შევეხებოდეთ, ჯერ მისი მნიშვნელობა განვმარტოთ: კერძოდ მულტიკულტურალიზმის ცენტრალურ იდეას წარმოადგენს მოსაზრება, რომ კულტურულად განსხვავებული ჯგუფები შესაბამის პოლიტიკურ გარემოში აღიარებასა და პატივისცემას იმსახურებენ.[1] მულტიკულტურალიზმი გულისხმობს განსხვავებული კულტურების გვერდიგვერდ არსებობასა და თანაცხოვრებას.

დღევანდელი მულტიკულტურული სახელმწიფოს საუკეთესო მაგალითი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც განსხვავებული კულტურის მქონე ერის წარმომადგენლები გვერდიგვერდ თანაცხოვრობენ, წარმოადგენენ საკუთარი კულტურისათვის დამახასიათებელ ნიშნებს და ერთმანეთს უზიარებენ მათ. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ამერიკის მულტიკულტურალიზმი ორნაირად მოიაზრება: ერთია „სასალათე ჯამი“, რომლის შემთხვევაშიც სხვადასხვა კულტურა თანაბარი ზომითაა წარმოდგენილი, ისინი არ კარგავენ საკუთრივ მათთვის დამახასიათებელ ელემენტებს და შენარჩუნებულია ორიგინალი სახით. მეორე მოსაზრებით კი, ამერიკის მულტიკულტურალიზმი განიხილება როგორც „მოსახარში ქვაბი“, სადაც სხვადასხვა კულტურა ერთიანად იყრის თავს, ერთმანეთში ირევა, კარგავს განმასხვავებელ ნიშნებს და ქმნის სრულიად ახალ – „ამერიკულ კულტურას“. ამ შემთხვევაში, განსხვავებულ კულტურათა იდენტობა იკარგება და „ითქვიფება“ სხვა კულტურებში.

მულტიკულტურალიზმის შინაარსიდან გამომდინარე ევროპის ყველა დემოკრატიული სახელმწიფო თავს მულტიკულტურულად მიიჩნევს. თუმცა აქ საქმე გვაქვს ერთ აქსიომასთან, მაშინ, როდესაც შარიათის კანონებზე გვაქვს საუბარი. მოგეხსენებათ,  შარიათის კანონები მუსლიმურ სამყაროში დანაშაულის დროს გულისხმობს ადამიანის გაროზგვას, კიდურების მოკვეთასა და მის ჩაქოლვასაც კი. ასევე, უკრძალავს ქალებს პირბადის გარეშე გარეთ გასვლას და სხვა. ეს კანონები აშკარად ეწინააღმდეგებიან დემოკრატიულ ღირებულებებს. ამიტომ დასავლეთის ქვეყნები უარყოფენ შარიათის კანონებს და არ აძლევენ საშუალებას, ეთნიკურ უმცირესოებებს, იცხოვრონ მათი წესების მიხედვით, ანუ ზეწოლის ქვეშ აქცევენ მათ. მულტიკულტურალიზმი კი გულისხმობს, რომ ეთნიკურ უმცირესობებს საშუალება ეძლევა, იცხოვრონ ზეწოლის გარეშე, მათი ადათ-წესების მიხედვით. გამოდის, რომ ლიბერალური დემოკრატია, რომლითაც ასე ამაყობენ ჩვენი დასავლეთელი მეგობრები, აშკარად ეწინააღმდეგება მულტიკულურალიზმს და, აქედან გამომდინარე, ისინი ვერ იქნებიან მულტიკულტურული ქვეყნები. ამის ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად, საკმარისია, მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი: 2004 წელს საფრანგეთში სახელმწიფო სკოლებსა და უნივერსიტეტებში სხვა რელიგიურ სიმბოლოთა გვერდით აიკრძალა ტრადიციული ისლამური თავსაფრის–ხიმარის ტარება, რასაც შემდეგ, მუსლიმთა მხრიდან დიდი საპროტესტო აქციები მოჰყვა.[2] ამგვარი მაგალითები კიდევ მრავალია. აშკარაა, რომ ზემოაღნიშნული მუსლიმი მოსახლეობის ამგვარი ადათები ლახავს ადამიანის უფლებებს და ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს.

საინტერესოა, რა შედეგები მოიტანა მულტუკულტურალიზმმა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. კერძოდ, დღეს, საფრანგეთიც და იტალიაც საგრძნობლად განიცდის იმიგრანტების პრობლემებს. დიდია ამ ქვეყნებში უცხო რასების წილი და ბევრი შიშით იმასაც ამბობს, რომ მალე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები თავად ფრანგები და იტალიელები გახდებიან. იქმნება ათასგვარი სტერეოტიპი და შეხედულება იმიგრანტი მოსახლეობის მიმართ. მაგალითად, თუ რომელიმე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მაღაზიას გაძარცვავს, იქმნება სტერეოტიპი, რომ ამ უმცირესობის ყოველი წევრი მძარცველია, ამას მოჰყვება კონფლიქტები ადგილობრივ მოსახლეობასა და იმიგრანტებს შორის. ასევე, იმიგრანტების მოზღვავება ქმნის მთელ რიგ ეკონომიკურ პრობლემებს, რომელიც, ძირითადად, არასაკმარისი სამუშაო ადგილებითაა განპირობებული.

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გამო, ევროპის ბევრმა ქვეყანამ საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრა, რათა შეემცირებინა იმიგრანტების მოზღვავება და რაოდენობა მის ტერიტოიაზე. ამას შედეგად მოჰყვა საზღვრების არალეგალური გადაკვეთა და არაკანონიერი გზებით შეჭრა ქვეყნის ტერიტორიაზე.

აშკარაა, რომ ევროპას მულტიკულტურალიზმმა, ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, არაერთი პრობლემა მოუტანა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ აშშ თავიდანვე მულტიკულტურული იყო და თავად სახელმწიფოც სხვადასხვა კულტურამ ჩამოაყალიბა. სხვა ქვეყნებში კი პრობლემები ადგილობრივსა და ჩამოსულ მოსახლეობას შორის გაჩნდა, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა დადგა მნიშვნელოვანი საკითხის წინაშე, თუ რა დონეზე შეეძლო, მიეღო ახალი კულტურა, მათთვის ჯერ კიდევ უცხო ხალხი  და როგორ შეძლებდნენ ახალი ადათ-წესების შეთვისებას და შეჯერებას საკუთართან. თავის მხრივ, ჩამოსული მოსახლეობაც დადგა პრობლემის წინაშე – შეძლებდნენ კი, გაეთავისებინათ მათ ადგილობრივი კულტურული ელემენტები, რომლებიც დახვდათ მასპინძელ ქევყნებში და რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მათ კულტურას ეწინააღმდეგება.

ნიკა ჩერქეზია

[1] ხინჩაგიშვილი, შ. (n.d.). მულტიკულტურალიზმისგამოწვევები. Retrieved 2013 წლის 14 04 from http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00—off-0period–00-1–0-10-0—0—0prompt-10—4——-0-1l–11-ru-50—20-help—00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-10&a=d&cl=CL2.21&d=HASHc8d072678fc3d47d8ec2ad.3.1

[2] Vaïsse, J. (2004, 03 04). Veiled Meaning: The French Law Banning Religious Symbols in Public Schools. მოძიებულია 05 21, 2014, ვებ. გვერდიდან: The Brookings Institution: http://www.brookings.edu/research/articles/2004/03/france-vaisse

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები