შარდენის 19 ნომერში გივი ყანდარელის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, მისი სახელი შესულია გობელენის მსოფლიო ენციკლოპედიაში. იგი თბილისის სამხატვრო აკადემიის, კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტის გარდა, ჩინეთშიც კითხულობდა ლექციებს. იყო პეკინის სამხატვრო აკადემიის, წინანისა და ჰარბინის უნივერსიტეტების საპატიო პროფესორი. ასევე, საბჭოთა კავშირის პრემიის ლაურიატი. მიღებული აქვს უამრავი ჯილდო და პრიზი.
„დღეს თბილისის სამხატვრო აკადემიის გობელენის მუზეუმი მასპინძლობს პროფესორ გივი ყანდარელის გამოფენას. იგი გახლდათ ქართული გობელენის პიონერი საქართველოში. შარშან იყო მისი საიუბილეო – 80 წელი, თუმცა, სარემონტო სამუშაოების გამო აქ ვერ მოხერხდა მისი ნამუშევრების გამოფენა და ახლა გადავწყვიტეთ ამ ღონისძიების ჩატარება. მას აღზრდილი ჰყავს მხატვართა დიდი პლიადა, რომლებიც აგრძელებენ მის საქმეს. ასევე, ამ გობელენის მუზეუმის, რომელიც მდებარეობს შარდენის ქუჩაზე, ერთ-ერთი დამფუძნებელი არის გივი ყანდარელი პროფესორ თამაზ ნუცუბიძესთან ერთად. დღევანდელ გამოფენას დაესწრნენ მისი კოლეგები, სტუდენტები, ახლობლები, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები“, – აღნიშნა Studinfo.ge-სთან საუბრისას გობელენის მუზეუმის ხელმძღვანელმა, ბატონმა ნიკა ნუცუბიძემ.
სალომე უსტარაშვილი