15 მარტს Loca Lounge-ში საქველმოქმედო საღამო გაიმართა, ეკატერინე ჯაფარიძის 8-შვილიანი, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის დასახმარებლად.
საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა შემსრულებლები: ნინი ბრეგვაძე, ქეთი კვიცარიძე, ნუცა ბუზალაძე, ანანო ლიბრაძე, ქეთი ორჯინიკიძე, DJ Sani, DJ Mike, და DJ რეზი დოლიძე. მათ დიდი სიხარული გამოთქვეს, რომ მიეცათ საშუალება, თავიანთი შემოქმედებით ადამიანებს დახმარებოდნენ.
ამ ძალიან თბილი საღამოს ორგანიზატორები, არა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ან კომპანია, არამედ რიგითი, კეთილი ახალგაზრდები იყვნენ. კერძოდ კი: გიორგი მაღრაძე, ლუკა შერმადინი და მათი რამდენიმე მეგობარი, რომელთაც გაუჩნდათ იდეა, ცნობილი მომღერლების დახმარებით, გაჭირვებული ოჯახისათვის გარკვეული თანხა მოეგროვებინათ და გადაეცათ.
საღამოს ორგანიზატორებმა Studinfo.ge-სთან განაცხადეს, რომ ისინი კმაყოფილები არიან ჩატარებული აქციით და აპირებენ, ეს საქმიანობა არ შეწყვიტონ. ამავე კვირაში ისინი აპირებენ კიდევ ერთი ღონისძიების გამართვას რუსთაველის მეტროსთან, სადაც გამვლელებს მიეცემათ საშუალება, დაეხმარონ ეკატერინე ჯაფარიძის ოჯახს. ხოლო მომავალში ისინი დააფუძნებენ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ”Youth Power”, რომლის საქმიანობის მიზანიც სწორედ ქველმოქმედება იქნება.
ხატია ელიზბარაშვილი