„დამტყდარი“ ფამუქი

ბლოგი

მეორე დღეა, დიდი ზარ-ზეიმი უდგათ ლიტერატურის მოყვარულებს… თბილისში ცნობილი თურქი ავტორი, პოსტმოდერნიზმის მიმდევარი  რომანისტი – ორჰან ფამუქი იმყოფება.

ვფიქრობდი, რომ ეს სტატია წმინდა წყლის ჟურნალისტიკის ჩარჩოებში ჩამესვა, თუმცა, ალბათ, უფრო საინტერესო იქნება იმ დამოკიდებულებების წინა პლანზე წამოწევა, რომლებსაც საინფორმაციო გამოშვებები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. ამიტომაც, მშრალ, მხოლოდ ზოგადი ინფორმაციით გატენილ ნიუსს, გემრიელი ბლოგპოსტის დაწერა ვამჯობინე.

17:50 წუთიდან დაიწყო ხალხის მიმოსვლა რუსთაველის თეატრის ვესტიბიულში, მეც ამ დროისთვის მივედი დანიშნულების ადგილას. შესასვლელ კართან, დახლზე, ორჰან ფამუქის წიგნები იყიდებოდა. თვალი შევავლე, ერთი-ორი ფოტო ჩავუჩხაკუნე და ჩანთაზეც მივირტყი ხელი, სადაც ნობელიანტი მწერლის ერთ-ერთი რომანი – „თოვლი“ მედო – ავტოგრაფისთვის გამზადებული.

ჟურნალისტები ოპერატორებს ეძებენ, ოპერატორები – ჟურნალისტებს. დგას დიდი ფაცი-ფუცი, ნაცნობები გულიანად მუსაიფობენ, ზოგი – დღევანდელ საღამოზე, ზოგიც – ცხოვრებისეულ, საჭირბოროტო თემებზე, ამინდზე…  მე კი, თითქოს უჩინარი, დავდივარ მათ შორის და ბლოკნოტში საინტერესო დეტალებს ვინიშნავ.

დარბაზში მშვიდი და ლიტერატურული განწყობა „იღვრება“, სტუმრებით ნელ-ნელა ივსება პარტერი, სცენაზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი – თინა მამულაშვილი ზის და საღამოსთვის ემზადება, დასასმელ კითხვებს საბოლოოდ ავლებს თვალს, თარჯიმანიც იქვეა.

ამავე წუთებში ვესტიბიულში კამერები ირთვება, ოპერატორები სრულ მზადყოფნაში არიან. ორგანიზატორების მუშაობის ტემპი სწრაფდება, უფრო სწრაფდება… და სწორედ სისწრაფის ზენიტში – ჩნდება საღამოს მთავარი მონაწილეც – ორჰან ბეი. პრესკონფერენციისთვის ზუსტად 5 წუთია გათვლილი, ფოტოკამერების ჩხაკუნი საშინელ ხმაურს ქმნის და ჟურნალისტების ხმას ახშობს… მიუხედავად ამისა, მაინც გულმოდგინედ პასუხობს მათ კითხვებს მწერალი.

ამის შემდეგ დარბაზში ვინაცვლებთ, მსმენელი დიდი ოვაციებითა და მქუხარე ტაშით ხვდება რომანისტს. ეს უკანასკნელიც ქედს იხრის ჩვენ წინაშე და პირველივე კომენტარით უშინაურდება აუდიტორიას, ამბობს, რომ „შეეცდება, გაგვართოს“.

საკონკურსო ფოტო
საკონკურსო ფოტო

კითხვები ერთმანეთს მისდევს, პასუხებიც არ აყოვნებს… ირკვევა, რომ, გარდა მწერლობისა, კარგი მხატვარი და არტისტია. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ლიტერატურა, პერსონაჟები, ეხმარება მას შინაგანი წადილის დაკმაყოფილებაში. ქმნის ისეთ გმირებს, რომლებიც თავისი ცხოვრების გარკვეულ ანარეკლებს წარმოადგენენ.

ოჯახის წევრებიდან ძალიან ახლო, სულიერად მჭიდრო ურთიერთობა აქვს დედასთან. მან იცის, რომელი წიგნი რატომ და რის შედეგადაა დაწერილი… თუმცა, არსებობს გამონაკლისიც – „მე წითელი მქვია“. ამ რომანის წაკითხვის შემდეგ, თავადვე უთქვამს ბატონი ფამუქისთვის, რომ ვერ მიხვდა, რა იყო მიზეზი მისი დაწერისა.

„სტამბოლი“ – ფაქტობრივად, ავტობიოგრაფიულ რომანს წარმოადგენს, მასშია თავმოყრილი მწერლის 23 წელიწადი და თურქეთის ქალაქის ქრონიკები. პროფესიით ინჟინერია – ეს ძალიან ეხმარება ნაწარმოებების აგებაში. თუ ერთ კონკრეტულ თავს მოულოდნელად ვერ აგრძელებს, მომენტალურად წერს სხვა თავს… მისივე თქმით, ეს პროცესი მხატვრობასაც მოგვაგონებს – თუ ტილოზე ერთი კუთხე არ გამოგვდის, სხვა კუთხეს ვავსებთ და შემდეგ ვბრუნდებით უკან.

წერისას საგანგებო რიტუალები არ გააჩნია, საჭიროა მხოლოდ შედარებით მშვიდი ოთახი, კალამი კი სულ თან დააქვს. წერის პროცესში არ რთავს კომპიუტერს, არ ამოწმებს მეილებს და საერთოდ არ ეკარება ინტერნეტს. ასევე, ჰყავს მეგობრები, ნათესავები, რომლებიც საყვედურობენ ისეთი პერსონაჟების გამო, რომლებიც რეალურად არ არიან ისინი…

საღამო დასასრულს უახლოვდება, მსმენელს შეუძლია, კითხვები თავად დაუსვას მწერალს. ერთგული მკითხველიც არ აყოვნებს და საკმაოდ ნიუანსური ხასიათის დეტალებს ეკითხებიან სხვადასხვა წიგნიდან… ეს, რა თქმა უნდა, ახარებს ფამუქს, ახარებს მსგავსი დაკვირვებულობა… ერთ-ერთ „შეკითხვად“ მაყურებელი ნებართვას ითხოვს, რომ სცენაზე ავიდეს და სამახსოვრო ფოტო გადაიღოს მასთან ერთად, თუმცა ამაზე არ თანხმდებიან ღონისძიების ორგანიზატორები…

შეხვედრა სრულდება… ხალხი ნაკადად მიედინება კარისკენ… ცდილობენ, ერთმანეთს დაასწრონ, რომ მალე აიღონ ორჰან ფამუქის ავტოგრაფი. სპეციალურად გამზადებულ მაგიდასთან წამებში უდიდესი „ქართული“ რიგი ჩნდება. წესრიგის მოყვარული მწერალი კულისებიდან ითხოვს „ადამიანური რიგის“ შექმნას, თუმცა, რასაკვირველია, თხოვნა ვერ უსრულდება… და რუსთაველის თეატრს ტოვებს. ავტოგრაფის მოლოდინში მყოფი ადამიანები არაფრით იჯერებენ მის წასვლას, ითხოვენ, რომ გამოვიდეს, არაფრით იშლებიან… ღონისძიების ორგანიზატორები მათ დარწმუნებას ცდილობენ…

მშვიდი საღამოა, ჩანთაში მწერლის უავტოგრაფო „თოვლი“ მიდევს და სახლისკენ მივაბიჯებ… თავში კი უამრავი ფიქრი მიტრიალებს.

1557661_10201983210757202_1489098523_n

P.S. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ძალიან შეწუხდა, რომ ხალხის იმედების გაცრუება მოუხდა, ისევ მათივე დანაშაულის გამო.

კანარიოს დღიური

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები