თესაუს ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა გიორგი ბეჟანიშვილმა მორიგი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგის თემა იყო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღების სპეციფიკა და ტექნიკური მახასიათებლები.
„დღევანდელი ტრენინგის მიზანი გახლდათ მომავალი ჟურნალისტებისათვის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების გადაღების ტექნიკური და შინაარსობრივი მახასიათებლების გაცნობა. შეხვედრაზე განვიხილეთ რამდენიმე დოკუმენტური ფილმი, გავმართეთ დისკუსია და სიტუაციური თამაშები. სტუდენტებს მივეცი დავალება, გადაიღონ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები, რომელთა განხილვასაც მომავალ შეხვედრაზე მოვაწყობთ“, – აღნიშნა გიორგი ბეჟანიშვილმა.
ეკა სესიკაშვილი, სტუდნეტი: „ჩემთვის, როგორც მომავალი ჟურნალისტისთვის, მსგავსი ტიპის ტრენინგები ძალიან საინტერესოა. მივიღეთ დაწვრილებითი ინფორმაცია, როგორ ხდება დოკუმენტური ფილმების გადაღება, რა დეტალებია გასათვალისწინებელი მუშაობის პროცესში და სხვ. სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას იმ პროექტში, რომელიც უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ პროფესორებზე დოკუმენტური ფილმების შექმნას ისახავს მიზნად.“
მსგავსი ხასიათის ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება, რაც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და ნაყოფიერად გამოიყენონ პრაქტიკულ საქმიანობაში.
წყარო: http://tesau.edu.ge/