„პალიტრამედია“ და მისი შვილობილი კომპანია „ედვორდი“ (ტექსტური რეკლამის სხვადასხვა საიტზე განთავსების სამსახური) აცხადებს კონკურსს: უნდა შეირჩეს ორკაციანი ჯგუფი, რომლიც სათავეში ჩაუდგება გაყიდვების საქმეს და მისი წევრები ამ დარგის მენეჯერები გახდებიან.
ამ საკითხზე გვესაუბრა “პალიტრამედიის” მცირე და საშუალო ბიზნესისა და “ედვორდის” პროექტის მენეჯერი და რადიო “პალიტრიის” “ბიზნეს ფაილის” წამყვანი გურამ შეროზია.- ეს არის ინოვაციური პროექტი, რომელიც სამომავლოდ არის ძალიან საინტერესო და პერსპექტიული საქმე. ამიტომ ვაცხადებთ სტუდენტურ კონკურსს, რომელიც წარმატებულ ახალგაზრდებს გამოავლენს. მათ საშუალება ეძლევათ, შესაბამისი პოტენციალი გამოავლინონ, რომ დაიკავონ შესაფერისი პოზიციები.
– კონკურსანტებს რა ეტაპების გავლა მოუწევთ?
– საინტერესო ეტაპების გავლა მოუწევთ. იქნება ოთხკაციანი კომპეტენტური ჟიური. კონკურსანტებს მიეწოდებათ გარკვეული პროდუქტი და მისი გაყიდვა ისე უნდა მოახერხონ, რომ ჟიურის თავი მოაწონონ – ჟიურიც კადრებს ამის მიხედვით შეარჩევს.
– რა თვისებებია მათთვის მნიშვნელოვანი?
– მოხერხებულობა, კრეატიულობა, ალღო, – ეს ის თვისებებია, რაც მას სჭირდება. ამ კონკურსისთვის ოცამდე ადამიანს შევარჩევთ. შემდეგ უნდა მოემზადონ, – ტრენინგები ჩაუტარდებათ, როგორ უნდა გაყიდონ ესა თუ ის პროდუქტი. მოკლედ, რეალითი შოუს პრინციპია – შედარებით სუსტი გუნდები პროექტს გამოეთიშებიან. დარჩება ჯგუფი, რომელიც შედარებით დიდ კომპანიას ჩაუტარებენ გაყიდვების კამპანიას, განათავსებენ რეკლამას სხვადასხვა საიტზე, რომელზეც ბოლოს გამარჯვებული გუნდი დასაჩუქრდება. თუმცა, გამორიცხული არ არის, მეორე ეტაპზე გადასული 20 ადამიანიდან 20-ვე დასაქმდეს, რადგანაც ვაკანსია გვაქვს სხვადასხვა პოზიციაზე. მთავარია, რომ მთელი პერიოდის მანძილზე, თვითონ მიხვდებიან, სად იქნებიან გამოსადეგები. თან, კომპანიას აქვს შესაძლებლობა, სწორად შეარჩიოს კადრი.
დღევანდელ შრომით ბაზარზე სტუდენტების დასაქმებისგან თავს იკავებენ. აქ კი არის შანსი, რომ დასაქმდნენ, მიიღონ სამუშაო გამოცდილება და თეორიული ცოდნა, გაიარონ ტრენინგები. ამ ყველაფერს თან, აზარტული და სახალისო სახე მიეცემა.
– შენც ასეთი კონკურსის შედეგად გაქვს კარიერა დაწყებული, არა?
– ჩემთვის ორმაგად სასიხარულო და სასიამოვნოა, რომ 8 წლის წინ თვითონაც ასეთ პროექტით დავიწყე კარიერა. კარგი შანსი მომეცა და ის იყო “საქართველოს ბანკის” ორთვიანი სტუდენტური კონკურსი, რის შედეგადაც იმ პერიოდის განმავლობაში გვაკვირდებოდნენ. 100 ადამიანიდან 20-30-მდე ჩვენთვის სასურველ სამსახურებში გადაგვანაწილეს და სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ გაყიდვები იყო ჩემი სფერო და იმ დღიდან გაყიდვების სფეროში ვმუშაობ, ხოლო ბოლო 4 წელია, მენეჯერულ პოზიციაზე ვარ, ანუ ის კონკურსი ჩემთვის ტრამპლინი აღმოჩნდა. როდესაც სტუდენტებს ამის საშუალებას ვაძლევთ, ეს არის კარგი შანსი, რომ გმოავლინოს შესაძლებლობა და სამართლიან პირობებში შრომით მოიპოვოს თანამდებობა.
– რა მოლოდინი გაქვთ?
– დიდი “მედიაჰოლდინგი” ვართ და აქ სამუშაოს დაწყება პერსპექტიულია და ჩვენც დიდი შრომის გაწევა მოგვიწევს, რომ საუკეთესოები შევარჩიოთ. მოკლედ, მთავრია მოტივირებული, ენერგიული და კარგი უნარ-ჩვევების მქონე ახალგაზრდები მოვიდნენ. ვეცდებით, წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ. ეს ყველაფერი ჰოლდინგის მედიასაშუალებებით გაშუქდება, რომ სხვა ადამიანებსაც დავანახოთ, რომ ჩვენთან თანამშრომლობა შესაძლებელია.
ლალი ფაცია
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/98686-shansi-studentebisthvis-qpalitramediisq-inovaciuri-proeqti.html#ixzz2vYZSayXe