ორი რელიგია ერთ ოჯახში

ბლოგი

სახლში ბევრნი ვართ – დედა, მამა, ბებო, ბაბუ, ორი მამიდა და ორი და. ისინი არ ჰგვანან  იმ უმრავლესობას, რომელთაც მე დედაქალაქში შევხვდი. უკვე ორი წელია, რაც თბილისში სამართალზე ვსწავლობ და აშკარად ვგრძნობ საზოგადოების ნეგატიურ დამოკიდებულებას უმცირესობებისადმი. მე არ მოვქცეულვარ უმცირესობაში, რადგან მე საკუთარი თავის უმრავლესობა ვარ. ვიცი,  რა მინდა და ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე.

ორი წლის წინ აბიტურიენტი ვიყავი, ოღონდ ციხისძირში. ახლა კი სტუდენტი ვარ თბილისში. ვცხოვრობდი აჭარაში ოჯახთან ერთად და ვცხოვრობ თბილისში მარტო. ბებო მუსლიმია, ბაბუც მუსლიმი მყავს, დედა მუსლიმების ოჯახში აღზრდილი მუსლიმია, რომლის ერთადერთი ძმა მართლმადიდებელია. მამას სწამს ღმერთის, მაგრამ არც მუსლიმია, არც ქრისტიანი. მე და ჩემი უმცროსი და ქრისტიანები ვართ.

მე სამი წლის წინ გავხდი მართლმადიდებელი, ჩემი და კი ერთი წელია, რაც ქრისტიანად მოინათლა. მეცადინეობიდან დაბრუნებულ ქრისტიანს მუსლიმი ბებო სამზარეულოში შემომყვებოდა და იმ ქვაბს მიჩვენებდა, სადაც ჩემი წილი სამარხვო კერძი იყო გაკეთებული. ისინი არასამარხვოს მიირთმევდნენ.

ბებო სულ იმას ამბობს, მთავარია, გწამდეს და ვინ იქნები, რა მნიშვნელობა აქვსო, ის ისეთი კეთილია, ბოლო ლუკმას გაიღებს სხვის დასახმარებლად. როცა დაც ქრისტიანად მოინათლა მშვიდად შეხვდა ამ ამბავს და იმასაც უმზადებდა სამარხვო საჭმელს.

დედაჩემი, მამაჩემი, ბაბუა და ბებო ორ მამიდასთან ერთად ყოველთვის აღნიშნავს ბაირამს, აკეთებენ ჰალვას, მიდიან საფლავებზე, ბაბუა ლოცულობს მეჩეთში, უმასპინძლდებიან მოსულებს და აღნიშნავენ წმინდა დღეს. შობა ჩემს სახლში ყოველთვის აღინიშნება, მე და ჩემი და ხომ ქრისტიანები ვართ. აღდგომისთვის დედაჩემი სამზარეულოში ფუსფუსებს, პასკებიო, წითელი კვერცხებიო. ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავი მეგონა,  სანამ მათთან ერთად ვცხოვრობდით. იქ ბევრ ოჯახში არის მსგავსი მდგომარეობა.

მოგვიანებით,  ,,განვითარებული’’ დედაქალაქის ერთ უნივერსიტეტში ჩავირიცხე და მოვხვდი ისეთ სიტუაციაში, რომელზეც არასდროს მეფიქრა. ერთმანეთს ლანძღვენ განსხვავებული რწმენის გამო, მმართველობის სადავეებისთვის იბრძვიან და შეურაცხყოფენ იმ წესებსა და მცნებებს, რითაც უნდა იცხოვრონ, მითუმეტეს თუ ამ მცნებების მიმდევარ რელიგიას აკუთვნებენ თავს. თითქოს ქრისტიანობის უკან დავინახე ძალა, რომელიც ჩაგრავს (თუ რა დავარქვა ამ ქმედებას, არ ვიცი) სხვა რელიგიურ უმცირესობებს. არ მეგონა, ჩემი ქრისტიანული გაგება თუ განსხვავდებოდა თბილისში არსებული ქრისტიანული გაგებისგან.  ჩემი  ოჯახის მუსლიმი წევრები ისე მეპყრობიან, რელიგიურ განსხვავებას საერთოდ ვერ ვგრძნობ. თბილისში კი ერთმანეთს უპირისპირდებიან. სხვაგვარად რატომ  აღიქვამენ ვიღაცის რელიგიურ მრწამსს, ვერ ვიგებ.

ჩემი ქრისტინაული გაგება განსხვავებულია მთავარია საღი აზრი არ დავკარგო და სხვის რწმენას პატივი ვცე. ყველა თავისუფალი ინდივიდია და ეს ინდივიდები ქმნიან მერე საზოგადოებას. მე მინდა, რომ ჩვენი საზოგადოება ისეთი იყოს, როგორიც ჩემი ოჯახია – მშვიდი ადგილი მორწმუნეების, აგნოსტიკოსებისა და ათეისტებისთვის.

ავტორი: მარი კახაძე

წყარო – http://liberalizmi.wordpress.com/2014/03/10/2religia/

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები