ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი წვიმიანი 8 მარტის გახალისებისათვის მხოლოდ კარგი მუსიკა და მყუდრო გარემო იყო საჭირო?! ჯგუფ LOUDspeakers-ის კონცერტზე მოხვედრამდე, ალბათ, არც არავინ…
ქალთა საერთაშორისო დღეს, ათონელის თეატრმა LOUDspeakrs-ს უმასპინძლა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ინდი ბენდია. ჯგუფი ხშირად გვანებივრებს როგორც სოლო და კოლექტიური კონცერტებით, ასევე აკუსტიკური საღამოებით.
8 მარტიც არ ყოფილა გამონაკლისი. ჯგუფმა ვრცელი პროგრამა წარმოგვიდგინა, დაუკრა ძველი და სრულიად ახალი სიმღერები, შეასრულა რამდენიმე ქავერიც.
ჯგუფთან ერთად, კონცერტში მონაწილეობდნენ ჩელისტი ევგენი ინგაჩოვი და მომღერალი, ჯგუფ The BearFox-ის წევრი, მებო ნუცუბიძე.
საღამო დაიწყო სიმღერით „In this world“ და დამთავრდა Soft Eject-ის შედევრის, „Please just carry on“-ის შესანიშნავი ქავერით. ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა, „Fallen in you“, დარბაზში მსხდომ მანდილოსნებს მიეძღვნა (გოგონების აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა, ნამდვილად – ავტ.).
სოლისტმა, ლევან ცხვარაძემ, მადლობა გადაუხადა მსემენელებს „ასეთ წვიმიან დღეს, ასეთ ძვირიან კონცერტზე, ასეთ ვიწრო სივრცეში, ასეთი დიდი გულებით“ მოსვლისათვის. კონცერტის დასრულების შემდგომ, პუბლიკა დიდხანს სთხოვდა ჯგუფს „ბისზე“ გამოსვლას. თითქმის ორ-საათიანი წარმოდგენა მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი მსმენელისათვის.
ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში, LOUDspeakers-ი გაგვანებივრებს ახალი კონცერტებითა და სიმღერებით, ჩვენ კი დიდ წარმატებას ვუსურვებთ კარიერულ წინსვლაში.
მარიშა მინაზარიშვილი