8 მარტს ბიბლუსის მაღაზიაში შოკოლადის დღესასწაული მოეწყო

ივენთი

ბიბლუსმა, 8 მარტის აღსანიშნავად, შოკოლადის ნამდვილი დღესასწაული მოაწყო. ვაჟა-ფშაველას 47 ნომერში დღეს ხალხმრავლობა იყო, ბიბლუსის სამკითხველო დარბაზში თავი მოეყარა სხვადასხვა ასაკის ქალბატონს, რომლებიც მიირთმევდნენ ყავას და „და ქალის“ ჟურნალს კითხულობდნენ. დარბაზის სიღრმეში ამზადებდნენ ღუმელსა და ინგრედიენტებს – შოკოლადის კექსის მოსამზადებლად.

8

1

სტუდინფო ერთ-ერთ მონაწილეს, ანი რეხვიაშვილს, გაესაუბრა, რომელიც მეგობრებთან ერთად მოსულიყო:

–         საიდან გაიგე ამ ღონისძიების შესახებ?

–         „ფეისბუქის“ გვერდიდან, სადაც „ივენთი“ გამომიგზავნეს, მერე გავუზიარე ჩემს მეგობრებს და მოვედით.

–         რა ფორმით შეირჩა მონაწილეები, რეგისტრაციის სახით თუ…?

–         არა, ჩვეულებრივად, ეწერა, რომ დასწრება უფასო იყო და თავის დროზე უნდა მოვსულიყავით.

–         ხომ არ ხარ ინფორმირებული, რა სახის ღონისძიებები ჩატარდება დღეს ბიბლუსში?

–      არა, არაფერი ვიცი. ერთადერთი, რაც წავიკითხე „ივენთის“ აღწერაში, იყო, რომ უნდა გავაკეთოთ შოკოლადის დესერტიო და გარკვეულ სიურპრიზებსაც გვპირდებოდნენ, ისე, წიგნის ყიდვასაც ვაპირებდი (მაგიდაზე იდო ფამუქის „მე წითელი მქვია“ – ავტ.) და შემოვირბინე.

–         რამდენად ხშირად დადიხარ აქ და გიყვარს თუ არა კითხვა?

–         ძალიან მიყვარს, ვგიჟდები კითხვაზე. თვის განმავლობაში 4-5-ჯერ ვარ ბიბლუსის სტუმარი.

–         შოკოლადები თუ გიყვარს?

–         კი, ძალიან. მე მგონი, ყველა ქალს უყვარს…

3

6 9

ასევე, ვესაუბრეთ ღონისძიების ორგანიზატორს, მაკა კევლიშვილს, რომელმაც დაწვრილებით მოგვიყვა პროექტის იდეისა და პარტნიორების შესახებ:

–         როგორ გაჩნდა ღონისძიების ჩატარების იდეა?

–    ღონისძიების ჩატარების იდეა ეკუთვნის ბიბლუსის მარკეტინგის სამსახურს, ძალიან კარგი ადამიანები არიან, ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობთ მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე და მზად ვართ, ასეთ საინტერესო ინიციატივებს შევუერთდეთ. ახლაც სწორედ ასე მოხდა, ინიციატივის დაბადებიდან დღემდე საკმაოდ ბევრი რაღაცის დაგეგმვა მოგვიწია და ძალიან კარგად დაემთხვა ამ ყველაფერს 8 მარტი – ვეცადეთ, კიდევ ერთი სასიამოვნო დღე გვეჩუქებინა ქალბატონებისთვის. ამისათვის გამოვიყენეთ ჩვენი არაჩვეულებრივი გამოცემა – შოკოლადებისა და დესერტების ოქროს წიგნი, რომელიც პალიტრა L-ის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცემაა კულინარიულ წიგნებში.

–         რამდენ რეცეპტს შეიცავს თითოეული წიგნი?

–        სერიაში არის ორი წიგნი, ერთი – შოკოლადის ოქროს წიგნი და მეორე – დესერტების ოქროს წიგნი და თითოში შედის 250-დან 300-მდე რეცეპტი. მათი მომზადება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საოჯახო პირობებში. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ერთ-ერთი მათგანი, რომლის მომზადებასაც დღეს მზარეული უფრო თვალსაჩინოს გახდის.

–         სულ რამდენი მონაწილეა დღევანდელ ღონისძიებაში?

–         დამსწრეთა რაოდენობა არის დაახლოებით 50-დან 80 ადამიანამდე, თითოეულ მათგანს შეუძლია სხვადასხვა გათამაშებაში ჩაერთოს და გაიმარჯვოს.

–         ვინ არიან დღევანდელი დღის პარტნიორები?

–         თვითონ ღონისძიებაში ჩაბმულები არიან ბიბლუსი და პალიტრა L, რაც შეეხება პარტნიორებს – ტექნიკის სახლი OK.

–         სთავაზობთ თუ არა გარკვეულ ფასდაკლებას ბიბლუსის მომხმარებლებს წიგნებზე?

–         აღნიშნულ ორ წიგნზე ვრცელდება ფასდაკლება -20% მხოლოდ დღეს.

ღონისძიების მონაწილეებს სახალისო დავალებების შესრულება მოუხდათ, მაგალითად, უნდა მოემზადებინათ გემრიელი საუზმე. ამ ყველაფერს შერჩეული ჟიური აკვირდებოდა, რომელიც ასევე მონაწილეებისგან იყო დაკომპლექტებული. ბიბლუსის აღნიშნულ ფილიალში ჟიურის საპატიო ადგილს იკავებდა ქალბატონი მარიკა დარჩია.

5

სალომე უსტარაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები