კინოს სათავეებთან

ბლოგი

   ვფიქრობ, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ კინო ყველა თაობის წარმომადგენლისათვის გართობის, განტვირთვისა და სიამოვნების მიღების საშუალებას წარმოადგენს. ალბათ, გამონაკლისი არც „STUDINFO“–ს მკითხველი იქნება. ამიტომ მოდით ერთად გადავხედოთ კინოს დაბადების მოკლე ისტორიას.

  მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოში ერთდროულად მიმდინარეობდა ძიება, ექსპერიმენტები ისეთი აპარატურის შექმნისა, რომელიც ფოტოების სერიას აამოძრავებდა და ფოტოგრაფის სტატიკურობას მოხსნიდა. მაქს სკლადანოვსკიმ – ევროპაში პირველმა მოახერხა ცოცხალი სურათების დემონსტრირება. ძმებმა ლუმიერებმა კი მოახერეს თავიანთ წინამორბედთა ჩანაფიქრი პრაქტიკულად განეხორციელებინათ.

  1895 წლის 28 დეკემბერს პარიზში, კაპუცინების ბულვარზე, „გრანკაფეს“ წინ, ხალხის რიგი დადგა. ყველამ შეიტყო ცოცხალი ფოტოების მომავალი საჯარო დემონსტრირების ამბავი.

  „ეკრანის სიღრმეში გამოჩნდება ორთქმავალი. იგი შეუჩერებლივ და სწრაფად მოდის დარბაზისკენ. კინოს საიდუმლოებებში ჯერ კიდევ გაურკვეველი, შიშს ატანილი მაყურებელი ადგილს წყდება – მოახლოებული მატარებლის უზარმაზარი ბორბლები გაჭყლეტის საშიშროების სრულ ილუზიას უქმნის.“

  ლუმიერების „მატარებლის ჩამოსვლაში“ აპარატი იქცა ფილმის მოქმედ პირად. „კინო მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალი ფოტოგრაფიაა“, ფიქრობდნენ ისინი. მათი ფილმები დოკუმენტური რეპორტაჟები იყო („გაწუწული მებაღის“ გარდა). კინოს კომერციულ მომავალზე ლუმიერები არც კი ოცნებობდნენ.

1964186_686704601390516_1212259092_n

  ორი წელიც არ გასულა ლუმიერების პირველი სეანსების დემონსტრაციიდან, მაგრამ მოკლე ფირებზე აღბეჭდილმა ცხოვრებამ, მაყურებელში ინტერესი დაკარგა. ამ დროს თეატრის მოღვაწე ჟორჟ მელიესი აქვეყნებს სარეკლამო პროექტს, სადაც აღნიშნავს: „მელიესი გადაიღებს ფანტასტიკურ და მხატვრულ ინსცენირებებს, ეპიზოდებს თეატრალური პიესებიდან და ა.შ.“

  მელიესმა გადაწყვიტა ეკრანი ჯადოსნური ამბების თხრობის საშუალებად ექცია. ამ ამოცანის განხორციელების პროცესში აღმოჩნდა, რომ გადამღები კამერა და ფირი საქმისთვის არ კმაროდა. საჭირო იყო სპეციალური შენობა, სადაც, როგორც თეატრში, დაიდგმებოდა სპექტაკლი, რომელსაც ოპერატორები ფირზე გადაიტანდნენ. 1898 წელს პარიზის  მახლობლად შეიქმნა პირველი კინოატელიე. აქ გადაიღო მელიესმა უამრავი თავისი სურათი და მისი ფირმის („სტარ–ფილმი“) ემბლემა – შავი ვარსკვლავი, ყველა კონტინენტის კინოთეატრში აბრჭყვიალდა.

  მისი ფილმებია:  „მთვარეზე მოგზაურობა“, „ედუარდ VII მეფედ კურთხევა“, „გულივერის მოგზაურობა“, „რობინზონ კრუზო“. სწორედ ამ სურათებში თავს იყრის ყველა ის კინემატოგრაფიული გამოგონება, რომელიც შემდგომ კინოს ანბანად იქცა: დაჩრდილვა და წაფენა, „სტოპ–კადრის“ ეფექტი, შენელებული და აჩქარებული გადაღებები, გადაღება შავი ხავერდის ფონზე, ანუ კონტრასტული გადაღება. ყოველივე ეს პირველად მელიესთანაა გამოყენებული.

  მიუხედავად მელიესის სურათების უდიდესი წარმატებისა, 1906 წლისთვის მისი კინემატოგრაფიული მეთოდი ბევრს უკვე მოძველებულად და სასაცილოდ მიაჩნდა. მაყურებელს უკვე აღარ აკმაყოფილებდა მხოლოდ ფანტასტიკა და ტრიუკები, მას სურდა ეკრანზე თანამედროვე ცხოვრების ხილვა და არა თეატრის ხელოვნური დეკორაციები. ამ დროს კი დგება კინოს განვითარების ახალი ეტაპი. ინგლისში ე.წ. „ბრაიტონის“ სკოლამ დაიწყო თავისი საინტერესო კინოექსპერიმენტები, ხოლო ამერიკაში ასპარეზზე გამოჩნდა გრიფიტი.

 თამთა ქაქუჩაია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები