23 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ინგუში ერის დეპორტაციის 70 წლისთავთან დაკავშირებით, ქართულ-ინგუშური საზოგადოება „პრომეთეს“ ინიციატივით გაიმართა ღონისძიება – საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში ინგუშეთის თემაზე დაცული საექსპოზიციო მასალებისა და წიგნების გამოფენა.
70 წლის წინ, 1944 წლის 23 თებერვალს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სპეციალურმა ძალებმა დაიწყეს ოპერაცაია „ჩეჩევიცა“. როგორც ისტორიკოსი მარიამ ბეჟიტაშვილი გვაუწყებს:
„რუსმა ჯარისკაცებმა ჩაჩნეთ-ინგუშეთის ქალაქებსა და აულებში ადგილობრივი მოსახლეობა შეკრიბეს, მამაკაცები დააკავეს, ხოლო ქალები და ბავშვები პირუტყვებივით შერეკეს წინასწარ გამზადებულ სატვირთო ვაგონებში და შუა აზიაში 478 ათასზე მეტი უდანაშაულო ადამიანი გაამგზავრეს. ვინც დროულად ვერ გაგზავნეს, ადგილზე დახვრიტეს.
6000-მდე კაცი კი გალანჩოჟის ტბაში ჩაძირეს. სოფელ ხაიბახის სასაკლაო ყველაზე შემზარავი იყო. 750-მდე ვაინახი (უმეტესად ქალები, მოხუცები და ჩვილები), საჯინიბოში გამოკეტეს და ცეცხლი წაუკიდეს. აზიის უკაცრიელი სტეპებისკენ სარკინიგზო ეშელონებით გადასახლებულთაგან 1272 ადამიანი გზაში გარდაიცვალა.
1957 წლის 9 იანვარს, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ვაინახების რეაბილიტაცია მოახდინა. სამშობლოში დაბრუნებულ ინგუშებს ქართველებმა უსიტყვოდ დაუცალეს სახლები, დაუტოვეს მეცხოველეობის ფერმები, ბინები, ბაღები, ხუთი კოლმეურნეობა თავისი ინფრასტრუქტურით, სამი საშუალო და ცხრა დაწყებითი სკოლა, ოთხი კლუბი, ექვსი ბიბლიოთეკა, საავადმყოფო, საბავშვო ბაღი, რაც ლარსისა და დარიალის ტერიტორიაზე ამ 13 წლის განმავლობაში შექმნილიყო. თვითმხილველები ყვებოდნენ, როგორ ტიროდნენ ვაინახები, როდესაც ქართველები მათ სოფელს ტოვებდნენ.
უფრო რთული აღმოჩნდა დაღესტნის ტერიტორიიდან დეპორტირებული ჩაჩნების ბედი. მათ დაბრუნების უფლება არ მისცეს. კიდევ უფრო გართულდა საქმე ინგუშურ მიწაზე დასახლებული ოსების მხრიდან, რომლებმაც პრიგოროდნის რაიონი არ დათმეს. ხოლო ვინც „დათმო”, სახლ-კარი პატრონებს გადამწვარი დაუტოვა. ტერიტორიულმა დავამ მთელი ძალით 80-იანი წლების ბოლოს იფეთქა.
1992 წლის პრიგოროდნის ომის შედეგია განადგურებული და მიწასთან გასწორებული 13 ისტორიული ინგუშური სოფელი, 70 ათასამდე ინგუში ლტოლვილი და 600-მდე დაღუპული. ეს კონფლიქტი დღესაც არაკორექტულად ფასდება, როგორც შუღლი ერთა შორის, მის სიღრმისეულ მიზეზს, რომ ის 1944 წლის ისტორიული დანაშაულია, კრემლი დღესაც არ აღიარებს.“
ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსის საკონფერენციო დარბაზში გამოიფინა ეროვნული მუზეუმის ეთნოგრაფიულ ფონდში დაცული მირიან ხუციშვილის საექსპედიციო მასალების ერთი ნაწილი, მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ფოტოები, ჩანახატები და გრაფიკული მხატვრობის ნიმუშები. გამოფენილი ექსპონატების გეოგრაფიული არეალი მოიცავს თითქმის მთლიან ინგუშეთს, მასში ასახულია ინგუში ერის არქიტექტურული და ყოფითი კულტურა. გამოფენის ექსპოზიციებს, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ შემატა ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ინგუშეთის თემატიკის წიგნები და მონოგრაფიები.
გიორგი ცინაძე