„ინდიანა ჯონსი“
საგანი: არქეოლოგია
თუ თქვენ არქეოლოგიას სწავლობთ, არ გაგიკვირდებათ, რომ არცერთ თქვენს ლექტორს არ იძახებენ ანტიკური საიდუმლოებების ამოსახსნელად: ყველა არქეოლოგს ვერ ექნება ისეთივე საინტერესო და ამაღელვებელი ისტორიები, როგორიც დოქტორ ჰენრი ვოლტონ ჯონს უმცროსს, იგივე ინდიანა ჯონსს. თუმცა, ნამდვილად გაგიმართლებთ, თუ მათ ტყავის ქურთუკსა და ბერეტში იხილავთ, მათრახით ხელში.
შონ მაგგაიერი და პროფესორი ჯერარდ ლემბაუ – „ჭკვიანი უილ ჰანტინგი“
საგანი: ფსიქოლოგია და მათემატიკა
პროფესორი ჯერარდ ლემბაუ, რომლის როლიც სტელან სკარსგარდმა ითამაშა, არის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამსახურებული პროფესორი. იგი ფსიქოლოგიის ექსპერტ შონ მაგგაიერთან (რობინ უილიამსი) ერთად ცდილობს, შეცვალოს უილის ცხოვრება. თქვენც რომ იყოთ აღმოუჩენელი გენიოსი, ნამდვილად მიიქცევდით მათ ყურადღებას.
დოქტორი ფრენკ ბრაიანტი – „რიტას აღზრდა“
საგანი: ინგლისური ფილოლოგია
დოქტორი ფრენკ ბრაიანტი – უნივერსიტეტის ლექტორი თავის თავზე იღებს რიტას აღზრდას. რიტა ახალგაზრდა პარიკმახერია, რომელსაც სურს, ყოველდღიურ რუტინას გაექცეს. პროფესორი ალკოჰოლიკია, თუმცა, მათი ურთიერთსწავლება და საინტერესო ისტორია რეალურ ცხოვრებაშიც ბევრისთვის არის შთამაგონებელი.
დოქტორი როს გელერი – „მეგობრები“
საგანი: პალეონტოლოგია
როსი, რომელმაც მიატოვა კალათბურთის თამაში იმისათვის, რომ გამხდარიყო პალეონტოლოგი, ნიუ იორკის უნივერსიტეტში იწყებს მუშაობას. სტუდენტი გოგონა, რომელსაც იგი ხვდება, მას „პალეონტოლოგიის დეპარტამენტის ლამაზმანსაც“ კი უწოდებს. როსის კომიკური პერსონაჟი რეალურ ცხოვრებაშიც მშვენიერი პროფესორი იქნებოდა.
პროფესორი რობერტ ლანგდონი – „და ვინჩის კოდი“
საგანი: სიმბოლიკები და რელიგიური ხატწერა
აი, კიდევ ერთი პროფესორი, რომელიც მთელს მსოფლიოში მოგზაურობს, თუმცა, იგი კომპლექსური სიმბოლოების დაშიფრვას ცდილობს. მშვენიერი ქალაქების გარშემო სირბილის გარდა, იგი ჰარვარდის უნივერსიტეტში ასწავლის.
პროფესორი იულიუს კემპი/პროფესორი შერმან კლამფი – „შეშლილი პროფესორი“
საგანი: მეცნიერება
გოგონების მოწონების დასამსახურებლად, პროფესორი იულიუს კელფი (ედი მერფი) გამოიგონებს შრატს, რომელიც მას მოხდენილად და სიმპატიურად აქცევს. თუმცა, საბოლოოდ, იგი მაინც სწავლობს ბედნიერად ცხოვრებას იმ ადამიანად, ვინც სინამდვილეში არის.
პროფესორი ფრინკი – „სიმპსონები“
საგანი: მეცნიერება
სოციუმისთვის შეუთავსებელი და გაუგებარი მეტყველების მქონე პროფესორი ფრინკი სფრინგფილდის ტექნოლოგიის უნივერსიტეტში ასწავლის. მიუხედავად უბედურების დროს ქალაქის დახმარების არაერთი მცდელობისა, ხშირად, ის საპირისპირო შედეგს იღებს.
ლექტორი „ახალ რუნებში“ – ტერი პრატჩეტის კომიკურ-ფანტასტიკური სერიალი
საგანი: ახალი რუნები
ლექტორი „ახალ რუნებში“ არის ერთ-ერთი იმ გრძნეულთაგანი, რომლებიც ტერი პრატჩეტის გამოგონილ უხილავ უნივერსიტეტში ასწავლიან. უნივერსიტეტის ოფიციალური დევიზია: „ახლა თქვენ ხედავთ, ახლა კი არა“, ხოლო არაოფიციალური დევიზი კი არის: „η β π“ ან „ეტა, ბეტა, პი“ (Eat a Bit of Pie/Eat a Better Pie). დაივიწყეთ გამოგონილი პროფესორები, ეს ნამდვილად არის ის ერთ-ერთი გამოგონილი უნივერსიტეტი, რომელშიც აუცილებლად ისურვებდით სწავლას.
ჯონ კეიტინგი – მკვდარი პოეტების საზოგადოება
საგანი: ინგლისური ენა
არ შეიძლება ამ სიაში არ შევიყვანოთ პროფესორი ჯონ კეიტინგი, რომელიც ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი გამოგონილი ლექტორია. მას, ალბათ, ნებისმიერი ჩვენგანი ისურვებდა ლექტორად რეალურ ცხოვრებაშიც. მისი ალტერნატიული მეთოდები, მართალია, ვერ იმსახურებს დირექტორის მოწონებას, მაგრამ ის ნამდვილად იგებს სტუდენტების გულს.
პროფესორი მაკგონაგალი – „ჰარი პოტერი“
საგანი: სახეცვლილებები
სკოლაში სწავლების მიუხედავად, აუცილებლად უნდა ვახსენოთ პროფესორი მაკგონაგალი. მტკიცე, მზრუნველი პედაგოგიური ფიგურა ჰარი პოტერში – პროფესორი მინერვა მაკგონაგალი არის ერთ-ერთი იმ მასწავლებელთაგანი, რომელთა ნდობაც ბავშვებს შეუძლიათ. გარდა ამისა, ამ სიაში უნდა შევიყვანოთ პროფესორი ალბუს დამბლდორიც – განა, რომელი გონიერი არ ისურვებდა დამბლდორს მასწავლებლად?.. თარგმნა თათია ჟორჟოლიანმა www.telegraph.co.uk