კაზრეთში გაფიცული მუშების მხარდამჭერი აქცია დღეს, თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში გაიმართა. აქციის მთავარი ორგანიზატორი ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები გახლდათ, რომელთაც „მწვანე მუშტი“ და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეუერთდნენ.
მათი მთავარი მოთხოვნა იმ არაადამიანური პირობების გაუმჯობესება იყო, რომელშიც მუშები იმყოფებიან.
„აქცია არის კაზრეთის მუშების მხარდამჭერი, რომლებიც გაფიცულები არიან. ადმინისტრაცია არ მოდის მათთან დიალოგზე. მუშები ითხოვენ არაადამიანური პირობების გაუმჯობესებას” – განაცხადა ახალაგაზრდა სოციალ-დემოკრატების აქტივისტმა რეზი კალანდაძემ.
კაზრეთის მუშების მხარდამჭერ აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ.
„ამ აქციაზე მოვედი იმიტომ, რომ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომელიც გულისხმობს პროტესტს იმ პირობების წინააღმდეგ, რა პირობებიც აქვთ შექმნილი კაზრეთში მუშებს. მათი დიდი ნაწილი გამოუშვეს სამსახურებიდან.
გამოშვების ერთი მიზეზი, როგორც ამბობენ არის მათი მონაწილეობა აქციებში. გარდა იმისა, რომ უდიდესი სოციალური პრობლემა არის მუშათა პრობლემები ამ მხარეში, კონკრეტულად, კაზრეთში. ასევე აღსანიშნავია პრობლემა, რომელიც ეხება ეკოლოგიური გარემოს დაბინძურებას და, ამავდროულად, ეხება კულტურული მემკვიდრეობის დაბინძურებას, რომელიც ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ოქროს სამთო-მომპოვებელ მაღაროდ”, – განაცხადა სტუდენტმა გიორგი სოფრომაძემ.
აქტივისტებს ირაკლი კაკაბაძეც შეუერთდა.
„მუშების უფლებები უნდა იყოს დაცული და საერთოდ საქართველოში პროფკავშირული მოძრაობა სერიოზულად უნდა გაიშალოს და ჩვენ ვითანამშრომლებთ პროფკავშირებთან და სოლიდარობას გამოვუცხადებთ ყველა გაფიცულ მუშას”, – აღნიშნა ირაკლი კაკაბაძემ.
გთავაზობთ მუშების გაფიცვის ამსახველ ვიდეო მასალას:
ავტორი : გიორგი ურუშაძე