გიორგი მარგველაშვილი თსუ-ის იუბილეს დაესწრო

უნივერსიტეტების სიახლეები

დღეს, ჩვენ გარკვეულწილად ისტორიულ ეტაპზე ვდგავართ და გვეძლევა შესაძლებლობა შევქმნათ ახალი ქვეყანა იმის მერე, რისი საშუალებაც 200 წლის განმავლობაში არ მოგვცემია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 96 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა და განმარტა, რომ საუბარია იდენტობის დადგენაზე.
“მინდა ხაზი გავუსვა იმას, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს უნივერსიტეტს ჩვენი ერის და ქვეყნის განვითარებისა და მომავლისთვის. ვფიქრობ, უნივერსიტეტი გარდა იმისა, რაც ყველამ ვიცით, რომ ესაა კერა მეცნიერების, რომ ესაა ახალგაზრდების როგორც მენტალური, ისე მორალური ჩამოყალიბების ადგილი, ის თამაშობდა და თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს ჩვენი ქვეყნის იდენტობის დადგენის პროცესში მაშინ, როცა ეს იყო ყველაზე აქტუალური და საჭირო”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე განმარტებით, დღესაც ჩვენი ისტორიული და პოლიტიკური მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ შევქმნათ ქართული სახელმწიფო, რომელიც არის ადგილი და სამკვიდრო ჩვენი მოქალაქეების.
“ამ პროცესში ჩვენ მუდმივად ვუბრუნდებით იმ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტებსა და ადამიანებს, რომლის დახმარებითაც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მომავალში ქვეყნის შენება – მხოლოდ ჩვენთვის შექმნილი ქვეყნის შენება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად, საქართველოს ისტორიაში ყოფილა პერიოდი, როცა ჩვენ გამოვდიოდით სხვა ქვეყნების, სხვა კულტურების, ან სხვა იმპერიების ბატონობიდან. მაშინ ვტრიალდებოდით ხოლმე ჩვენს თავთან და იმასთან, რას წარმოვადგენთ ჩვენ და ვეძიებდით იმას, როგორი უნდა იყოს ჩვენი ახალი ქვეყანა. დღეს, გარკვეულწილად, ჩვენ სწორედ ამ ისტორიულ ეტაპზე ვდგავართ – დღეს ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა შევქმნათ ახალი ქვეყანა იმის მერე, რაც 200 წლის განმავლობაში არ გვეძლეოდა სახელმწიფოებრივ კონტექსტში. ჩვენი იდენტობის დადგენა და უნივერსიტეტის როლი აბსოლუტურად შეუცვლელია, რადგან ჩვენ ვტრიალდებით იმ დასაბამთან, ძირეულ ღირებულებებთან, რასაც ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, სწორედ აღნიშნულ კონტექსტში უნივერსიტეტი არაა მხოლოდ მეცნიერება, არაა მხოლოდ განათლება და ეს არის ის, რომ ირგვლივაც შენდება დამოუკიდებელი და თვითმყოფადი ქართული სახელმწიფო.
გიორგი მარგველაშვილი თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.

წყარო: http://www.interpressnews.ge/

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები