ჩემი “საქანი”(ასე არაბულად ჰქვია სტუდსაცხოვრებელს ) – პირველი, რაც მახსენდება, ის არის, რომ ათის ნახევარზე ხელი მაქვს მოსაწერი!
ალბათ მკითხავდით, რატომ?
გიპასუხებთ: იმიტომ, რომ ეს ქუვეითია… გოგოების საცხოვრებელს კი აქ თავისი წესები აქვს… ოღონდ წესებიო და ამიტომ დაპანიკება საჭირო არ არის, (გვჩვევია ქართველებს). ეს ერთადერთი კანონია საცხოვრებელში, რომელიც, კეთილი უნდა ვინებოთ, და აუცილებლად შევასრულოთ… სხვა მხრივ, კარგ ხელში ვართ!-დამიჯერეთ.
შენობა ექვს სართულიანი, “ძალით გამწვანებული”ბაღით(რას ვიზამ,ქუვეითია) და საკუთარი ავტობუსებით… ხო,ავტობუსები ჩვენს განკარგულებაშია, მთავარია, ხუთი გოგოს სურვილი და წაგვიყვანს სადაც გვინდა…
ვცხოვრობთ ცალ-ცალკე, ოთახში თითო კაცი.(მხოლოდ აბაზანა გვაქვს გაზიარებული ორ-ორს). შიდა კომფორტს რაც შეეხება, “თაფადდალი” და თვითონ ნახეთ(ანუ მოგიპატიჟეთ), გესიამოვნებათ… ოღონდ მიპატიჟება უკან მიმაქვს, თუ მკითხველი მამაკაცი ბრძანდებით… უკაცრავად, მაგრამ “მამნუ’!” (ანუ აკრძალულია, ვერც ერთი, აქაური მუშების გარდა, ახლოს ვერ მოგვეკარებით)
იცით, ამაში გამოიხატება ქუვეითის სიმკაცრე, ასე, რომ ფლირტაობისა და ახალი ურთიერთობების დასაწყებად მაინცდამაინც ამ ქვეყანაზე ნუ გააკეთებთ არჩევანს….
კითხვა გაგიჩნდებოდათ, ის მუშები კაცები არ არიანო?- პასუხი მზად მაქვს-როგორც კი მუშა შემოდგამს ფეხს,აქ მომსახურე პერსონალი ყვირის: “ფი რრაჯილ! ფი რრიჯალ ” (მე ეს სიტყვა, ცოტა სხვანაირი გახმოვნებით ვიცი, მაგრამ შინაარსი ერთია: ‘’საქანში კაცია!’’)
გავცდეთ ოთახს,სანამ ლიფტამდე მივალთ, TV room-ში შევიხედოთ, როგორც ყოველთვის, ხალხმრავლობა და “ჭორიკნობაა”…ისე აქ სალამი უნდა დავტოვოთ აუცილებლად, არ დაგვეზაროს, დღეში 100ჯერ რომ მოგვიწიოს, 100ჯერ ვთქვათ… აქ ისე უხარიათ ჩვენი სალამი………. ტელევიზორის ოთახის გვერდზე სამზარეულოა….. კულინარიის ოსტატებო, “თაფადდალი!”(ანუ მობრძანდით,ბურთი და მოედანი თქვენთვის დამითმია!)
აქ დიდხანს არ გავჩერდები მე, რადგან კაფეტერიაში საუზმე, ლანჩი და ვახშამი, სასმელებითურთ(ალკოჰოლი არც გაიფიქროთ,მამნუ’!) განსაზღვრულ დროებში მუდამ მზადაა! არჩევანი ისეთია- ერთ კვირაში მომატებულ 2 კილოზე შეგემჩნევათ,თუ ბრინჯი და ქათამი გიყვართ ხომ მთლად თქვენთვის გაუსვრია ავრორას…..
აუ , “თაბულე’’ გასინჯეთ გაფიცებთ!
ჰო, კაფეტერიაში რომ ინტერნაციონალური ჭორაობა მიდის, უფ, არ თქვა, რა ენაზე აღარ გინდა, რა თემას არ შევეხებით, ყველა ერთდროულად… რამდენს ყური ეწვის…
ისე, კაფეტერიაში შემოსვლამდე “აბლას” სალამი როგორ არ ვუთხარი, არ მეპატიება…
აბლა ვინ არის?
“მუშრიფი” იცით?
იგივე გოგოების მუშრიფია…
არც მუშრიფი იცით?! მაშინ ზედამხედველი ვუწოდოთ…
თუ უკვე მივირთვით, მოვწესრიგდით და საქმე არ გვაქვს, შეგვიძლია გავისეირნოთ…
(ეს “ბლოგ-სტატია” არდადაგების დროს დაიწერა,ამიტომ მუშაობასა და სწავლაზე არაფერი წამომცდება,თან ეს ცალკე თემაა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი!ჩემთვის ყოველშემთხვევაში)
ახლა რაც შეეხება სეირნობას.. “ქუვეით სითი”,” სალმია”, “ფაჰეჰილი”, “ფარვანია”… სადაც გინდათ, მაგრამ თუ გოგო ხარ 90%-ით ყველა გზა მაინც “ავენიუსკენ” მიდის…
ოოოოო, ავენიუ ის ადგილია… თუ იქ შეხვედით ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი(ჩემ შემთხვევაში მეტიც) საათი 2 წუთში გაგიირბენთ თვალწინ… ანუ ხო ხვდებით, უზარმაზარი მოლი, რას აღარ ნახავთ!
მოკლედ აქ გავჩერდეთ, მოსაღამოვდა … შემდეგ სტატიას განსაკუთრებით გოგოებისთვის ამ თემაზე მოვამზადებ… მაგრამ, წინასწარ, ყურში გეტყვით მაინც, ავენიუთი არ მთავრდება მოლები ქუვეითში, “შარკი”, “ქუუთი”, “360”, “მარინა”, (მუბარაქიას, სალმიას და ფარვანიას რომ თავი დავანებოთ… ) ის მრავალწერტილი ტყუილად არ დამისვამს, შემდეგ სტატიაში გავაგრძელებ.
მომავალ შეხვედრამდე,
ია ბახია,
კორესპონდენტი ქუვეითიდან