აფორიაქებულები ავფრინდებით!..
გახუნებულ მაჯებს
ფლომასტერით გავიფერადებთ
და პროჟექტორის შუქზე
წარვადგენთ საკუთარ სულებს…
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ არსებობას პოეზიით ამართლებს, ამ სტრიქონების ავტორს ფართო საზოგადოება ჯერ არ იცნობს.
22 წლის ახალგაზრდა პოეტმა, გიორგი ჩუთლაშვილმა, ლექსების წერა მე-4 კლასიდან დაიწყო, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, კრებულის გამოცემას ჯერ ვერ ახერხებს.
წერს ღამით და ყველაფერს, რასაც აღიქვამს, როგორც თვითონ ამბობს, ფსიქოლოგიური ხასიათის პოეზიით არის გადმოცემული. საკუთარი შემოქმედების მიმართ კრიტიკულია.
„რასაც ვწერ, შეიძლება, მეორე დღეს არ მომეწონოს, ძალიან დიდიხანს ვმუშაობ ერთ ლექსზე. წელიწადში შეიძლება 3-4 ლექსი დავწერო… დაახლოებით 30 ლექსია, რომელსაც ჩემი შემოქმედების გვირგვინად მივიჩნევ.“
მისთვის პოეზია ყველაფერია, გარკვეული პერიოდი მსახიობობა უნდოდა, თუმცა ახლა მხოლოდ ამ საქმიანობით არის დაკავებული.
„არის ლექსები, რომლებიც ვიღაცას ეძღვნება, თუმცა ვისთვისაც იწერება, მხოლოდ მისია. გარდა იმისა, რომ ვწერ, მუშად ვმუშაობ ხოლმე. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ მამა მშენებელია და მასთან ერთად ვმუშაობდი. ამ ეტაპზე მინდა სადებიუტო კრებული მქონდეს.“
ინტერნეტში გიორგი ჩუთლაშვილის სულ რამდენიმე ლექსის ნახვა შეგიძლიათ, მისი მოსმენა პირადად პოეზიის საღამოებზეა შესაძლებები, რომელსაც პოეტი ხშირად მართავს. 25 იანვარს გიორგი ჩუთლაშვილის პოეზიის კიდევ ერთი საინტერესო საღამო Book City -ში შედგა. დიდხანს უსმენდენ პოეტს და ცდილობდნენ, მისი ფრაზები დაემასოვრებინათ.
ვიდრე აფრინდება, ჯერ კიდევ უნდა წეროს, საზოგადოებამ გაიცნოს და სურვილები აისრულოს.
* * * * * *
ჩვენ ავფრინდებით, ჩვენ ავფრინდებით,
აფორიაქებულები ავფრინდებით!..
გახუნებულ მაჯებს ფლომასტერით გავიფერადებთ
და პროჟექტორის შუქზე
წარვადგენთ საკუთარ სულებს…
მზეების კუთხეში ,
რიცხვების გარეშე დარჩენილ
კალენდარზე დავწერთ,
ჩვენი დასაფლავებული საფლავების რაოდენობას
და ჩვენი ყალბი თმის ღერების
დახარისხების დროს და განწყობას…
ჩვენ ავფრინდებით
შეკრული ზამბახების ვიბრაციებით,
გაბზარული ლარნაკებით და
მარტინის მარტივი ჭიქებით,
ყვავილების და სასმელების გარეშე!
ჩვენ ავფრინდებით,
გიშრებიდან, მარმარილოდან…
ცივ, სუნამოს ლაბირინთებში
ვითომ დავკარგავთ, ჩვენს მყრალ სუნებს
სიყრმიდან მონიჭებულს.
მესამე სართულზე,
მეასე ნიავზე დავაბანაკებთ
ჩვენს გამხმარ ძარღვებს და ავფრინდებით!
აფორიაქებულები ავფრინდებით…
ჩვენ ავფრინდებით!
ჩვენ ავფრინდებით!
ჩვენ ავფრინდებით!
ელექტრონული არსებობა
ხვალ, დაობებულ სილას შეურევენ
დაკრეფილ სადენებს და შექმნიან სიბრძნეს!..
შედედებულ ზღვის ტალღებს
ჩამოასხამენ არყის ჭიქებში.
სიბრალულის მიწურს გადმოაღვრიან
ცრემლები ცრემლებს…
ხელები ხელებს დააგორებენ ძუძუებიდან…
ხვალ დაკეცილი შუქი
დაჯდება ტუჩთან რაფაზე…
ელექტრონული არსებობა
შემომემტვრევა ათივე თითზე,
მაჯის საათზე…
მათხოვრის მზერა შემომახმება შორიდან,
ენის სამარხზე, თმების დაღმართზე,
დილას, საღამოს, დღის ორ საათზე…
ხვალ ჩემი დროზე შემოლაგებული ძვლები,
ითამაშებენ დამუხტულ ხევში .
ხვალ მე,
მეც ვიქნები და კუბოც
და მე ჩამასვენებენ ჩემში!..
* * * * * *
ფანარი სიცარიელე გიცემს გულამდე…
და შუქჩრდილები…
გიცვდება მკერდზე მწიფე მასტიკა…
საყურეები ყავამდე ყურზე.
ნუ დაყრუვდები, ისიც გეძახის!
შენ… იცვლი სახეს ყოველდღე სხვენში.
და იკარგები, კარი კი სულ გთვლის!…
აღარ ხარ წმინდა?
მაშინ, არ გინდა წმენდა წიგნში კითხვის ნიშნების…
არც წმინდა და ხარ და…
ნუღარ გადაშლი ჰალოგენებში ფეთქებად
ჩვილს შაშვის ნამსხვრევებთან ატუზული…
ნუღარ გადაშლი წლის განთიადებს
ვისკით გაწუწულს.
ნუღარ გადაშლი შენს თავზე ზღვას,
მინდორს და პომიდვრის ჩითილებს ოთახს…
ჰიროსიმადან შუქჩრდილები და დირიჟაბლები გაგშლიან,
იუპიტერის ღერძამდე სირღმეში.
გეიშას კიმონოს კალთების კეცვისას…
კლეოპატრასათვის მიმაქვს კომიქსები და, აი, გიპოვე!
ჩაიცვი ქურთუკი,
წამოდი, წავიდეთ, დროა,
რომ ვიხილოთ სიკვდილი 3D ფორმატით.
შუქჩრდილები ჩერნობილიდან.
სიცარიელე.
მომეცი ფანარი!
ვერაფერს ვერ ვხედავ…
თაროზე ვინ დადო სინათლის სცენარი?
მომეცი ფანარი!
თუ ისევ აღარ ხარ?!
მომეცი… მომეცი…
გ. ჩუთლაშვილი