უკვე რამდენიმე წელია, „ფეშენ“ ბლოგერობა გადაიქცა არათუ გატაცებად, არამედ საკმაოდ შემოსავლიან საქმიანობად. მინდა შემოგთავაზოთ ხუთი გოგონა, რომლებმაც საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეს თავისი განუმეორებელი სტილის მეშვეობით. იმედი მაქვს, ქვემოთ მოყვანილი ბლოგერების მსგავსად, თითოეული ჩვენგანი აღმოაჩენს საკუთარ თავში უსაზღვრო ინსპირაციას იმისავის, რომ შექმნას ინდივიდუალური, განუმეორებელი სტილი.
რა თქმა უნდა, წარმატებულ მოდურ ბლოგერებზე საუბარი კიარა ფერაგნით უნდა დავიწყოთ, რომელიც იტალიელი გახლავთ ეროვნებით. კიარა პროფესიით იურისტია, ბლოგ “The Blonde Salad”-ის დამაარსებელია და საკუთარი ფეხსაცმლის ხაზიც კი აქვს. იგი ბევრს მოგზაურობს და თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ ბრენდებთან (Yamamay, Superga, Dior).
ასევე აღსანიშნავია მოლდოველი ბლოგერი დოინა ჩობანუ, რომელიც მხოლოდ 19 წლის არის და უკვე საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. მის ბლოგს “The Golden Diamond” ჰყავს სამი აგენტი ევროპაში. ერთ-ერთ ინტერვიუში დოინა ამბობს, რომ 13 წლის ასაკში მას ემო პერიოდიც კი ჰქონდა, რასაც ძალიან განიცდიდნენ მისი მშობლები, თუმცა, შვილს მაინც აძლევდნენ თვითგამოხატვის საშუალებას. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ დოინა სხვადასხვა მოდურ ფოტოგრაფთან თანამშრომლობს, ბლოგის წამოწყებისას ფოტოებზე სწორედ დედამისი ზრუნავდა.
ესპანელი ზინა ჩაკროპლია, რომელიც ბარსელონაში მოღვაწეობს, ხშირად იმოსება საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანისათვის ხელმისაწვდომი ბრენდების ტანსაცმლით. მის გარდერობში უდიდესი ნაწილი უკავია H&M-ის, Replay-ს, Zara-ს და TopShop-ის ტანსაცმელს. ცოტახნისწინ, ზინა დააფიქსირეს თინეიჯერების კერპ ჯეიმი ქემბელ ბოუერთან ერთად. მისი ბლოგი, “Fashionvibe” , უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.
ვიქტორია ტორნეგრენი, შვედი სტილის იკონა, რომელიც უმეტესაც შავ-თეთრ ტონალობებში იმოსება. გიყვარს მუქი ფერები? გინდათ ისწავლო არ გამოიყურებოდე მოსაწყენად სულ შავებში ჩაცმული? დამიჯერეთ, ეს გოგონა არის ნამდვილი აღმოჩენა! გთავაზობთ მის ბლოგს -http://imnext.se/victoriatornegren/
და ბოლოს, ნაკლებად პოპულარული, მაგრამ ძალიან სახასიათო და თბილი ბლოგის “Snakes Nest”-ის პატრონი ბეთანი სტრუბლი. გოგონა კალიფორნიაში ცხოვრობს, არის ბლოგერი, ფოტოგრაფი, ავტორ-შემსურულებელი და ყველაფერთან ერთად ახალგაზრდა დედა!
მარიშა მინაზარიშვილი