მალე გორში ახალი პროექტი, სახელწოდებით – „ახალგაზრდა ლიდერთა ქსელი“ დაიწყება, რომელიც გორსა და მის რაიონებში მცხოვრები ახალგაზრდობის გააქტიურებას ისახავს მიზნად. ამ თემასთან დაკავშირებით ახალგაზრდა ლიდერთა ქსელის ხელმძღვანელს, შალვა ტლაშაძეს, გავესაუბრეთ.
– რას გულისხმობს ახალგაზრდა ლიდერთა ქსელი და საიდან გაჩნდა მისი შექმნის იდეა?
– პროექტ „ახალგაზრდა ლიდერთა ქსელის“ ფარგლებში გადამზადებას გაივლის გორის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი 25 ახალგაზრდა. ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რადგან სკოლა გარკვეულ ცოდნას აძლევს ახალგაზრდებს, მაგრამ ეს პროექტი ითვალისწინებს გარკვეული უნარ-ჩვევების გამომუშავებას მათთვის. მოგეხსენებათ, გორის მუნიციპალიტეტში არსებობს 26 ტერიტორიული ერთეული, ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ ყველა ტერიტორიული ერთეულიდან ჩაერთონ ახალგაზრდები ამ პროექტში. ეს არის ხუთთვიანი ინტენსიური გადამზადების კურსი, რომელის ფარგლებშიც გაივლიან 18 ტრენინგს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის არის: ადვოკატირება, ლიდერობა, კომუნიკაცია, პრეზენტაცია, ადგილობრივი თვითმმართველლობა, პოლიტიკური იდეოლოგიები, პროექტების წერა და ა.შ. ტრენერები იქნებიან როგორც ადგილობრივი, ასევე დედაქალაქიდან მოწვეულები. პროექტის ფარგლებში გამოცხადდება მცირე გრანტების კონკურსი პროექტში ჩართული ახალგაზრდებისთვის, ეს დაახლოებით იქნება ათას ლარამდე, – მცირე გრანტია, მაგრამ ახალგაზრდებს შეეძლებათ თავიანთი იდეების რეალიზება ამ კონკურსის საშუალებით.
– რა კრიტერიუმებით შეირჩევიან მონაწილეები?
– 20 იანვრამდე უნდა გამოაგზავნონ CV ელექტრონულ მისამართზე [email protected] ან პირადად მოიტანონ კომბინატში მდებარე კულტურის ცენტრში, ან ვერხვების დასახლებაში მდებარე ახალგაზრდულ ცენტრში. შემდეგ იქნება გასაუბრება შერჩეულ ახალგაზრდებათან და გასაუბრებიდან შეირჩევა ის 25 ახალგაზრდა, რომელიც ჩაერთვება ქსელში.
– თქვენი ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მონაწილეთა ასაკის ზედა ზღვარი გაზარდეთ და სამოტივაციო წერილიც აღარ არის საჭირო, რის საფუძველზე მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
– ძალიან ბევრ ახალგაზრდას ჰქონდა სურვილი, რომ ჩართულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ აკმაყოფილებდნენ ასაკობრივ მოთხოვნებს და ამიტომ პროექტის ორგანიზატორებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასაკობრივი ზღვარი გაგვეზარდა 30 წლამდე, დოკუმენტაციის გამარტივებას რაც შეეხება, ეს არის იმითი ახსნილი, რომ გარკვეულწილად უჭირდათ ახალგაზრდებს სამოტივაციო წერილის დაწერა. ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ამ პროექტში, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავესაუბროთ და იქიდან მოხდეს 25 ადამიანის შერჩევა, ამიტომ გავამარტივეთ დოკუმენტაცია და მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შეირჩევიან და შემდეგ გასაუბრებაც იქნება.
– ახალგაზრდების მხრიდან როგორია ამ პროექტისადმი დაინტერესება, რა რაოდენობის განაცხადი მიიღეთ ამ დროისთვის?
– განაცხადები შემოდის, თუმცა, ტრადიციულად, როგორც ხდება ხოლმე, მათი დიდი ნაწილი იგზავნება ბოლო დღეებში და ამიტომ ჩვენ ველოდებით უფრო მეტ განაცხადს, სადღაც უკვე 15-ის შემდგომ, 15-დან 20-მდე. თუმცა დაინტერესება არის საკმაოდ დიდი, ამ დროისთვისაც შემოსულია განაცხადები და ჩვენს ფეისბუკ-გვერდზეც საკმაოდ დიდი აქტიურობაა.
– ხომ არ იყო ეს პროექტი გამოწვეული იმით, რომ რომ გორის ახალგაზრდობა საკმაოდ პასიურია?
– ერთი მხრივ, დიახ, ნამდვილად იყო ეს, რომ გამოცოცხლება შეეტყოს ახალგაზრდულ ცხოვრებას გორში და მეორე მხრივ, სუფთა სტანდარტულად რომ გითხრათ, ძალიან კონკრეტული მიზანი რა იყო, გეტყვით, რომ განათლების სისტემაში გვაქვს ეროვნული სასწავლო გეგმა, სადაც გვიწერია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა მისცეს ახალგაზრდას სამი კომპეტენცია: ცოდნა, უნარ-ჩვევები და განწყობა-დამიკოდებულება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით სკოლების საკმაოდ დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს ბოლო ორ კომპეტენციას და ჩერდება მხოლოდ ერთზე – ცოდნის მიცემაზე. ამიტომ ჩვენ რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ ეს ნაწილები შევავსოთ, სკოლაში მიღებულ ცოდნას ჩვენ დავამატოთ ორი კომპეტენცია და პლუს მივცეთ ინფორმაცია გარკვეულ თემატიკასა და პოლიტიკურ იდეოლოგიებზე და ახალგაზრდები გახდნენ პასუხისმგებლიანი ამომრჩევლები, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას წაადგება.
– პროექტი ერთჯერადია თუ იგეგმება მისი გაგრძელება ან სხვა პროექტების დამატება-განხორციელება?
– შევხედავთ, თუ პროექტმა გაამართლა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გაამართლებს აუცილებლად შემდეგ ნაკადებსაც ავიყვანთ.
– გარდა ტრენინგებისა თუ იგეგმება სხვა აქტივობები?
– დიახ, აუცილებლად, დებატკლუბი ჩამოყალიბდება, იქნება ბევრი სიურპრიზი, რომელსაც არ ვახმაურებთ, იქნება მასტერკლასები, საველე ტრენინგები და ძალიან ბევრი სიურპრიზი ელით ქსელში ჩართულ ახალგაზრდებს. ბევრი რამე შეგნებულად არ დაგვისრულებია, რადგან თვითონ ქსელში ჩართულ ახალგაზრდებს გვინდა ვკითხოთ რა უნდათ, რა მოსწონთ… ისინი თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას საკმაოდ მნიშვნელოვან დეტალებზე.
– როგორც ვიცი, იგეგმება შეხვედრები მოწვეულ სპიკერებთან, ვინ იქნებიან ისინი?
– ამ ეტაპზე დასახელებისგან თავს შევიკავებ, ისინი იქნებიან პოლიტიკოსები, ხელოვანები და ა.შ., მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ იქნებიან ძალიან საინტერესო ადამიანები, რომლებიც თავის გამოცდილებას გაუზიარებენ ახალგაზრდებს.
სოფიკო თინიკაშვილი