დღესდღეობით ტატუირება მხატრობის ერთ-ერთი პუპულარული სტილია. განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში. ბევრ ახალგაზრდას აქვს სხეულზე ესა თუ ის ნახატი, თუმცა, უმეტესობამ არ იცის, საიდან მოდის ეს ხელოვნება და როგორ მოუაროს მას.
ტატუირება – ეს არის სხეულის სხვადასხვა ნაწილზე პერმანენტული (მდგრადი) ნახატის დატანა. ამ პროცესის დროს პიგმენტი შეჰყავთ კანის საფარველის ღრმა შრეში. როგორც წესი, ტატუ და მისი სახეობა განისაზღვრება მომხმარებლის მიერ.
სიტყვა „tattоо“ ან „tatu“ შემოვიდა ევროპაში კაპიტან კუკის ტაიტში მოგზაურობის შემდეგ და ნიშნავს „ჭრილობას“, „ნიშანს“. ტატუს ისტორია 6000 წელს ითვლის. ყველაზე ძველი ტატუები აღმოჩენილ იქნა ეგვიპტეში გიზას პირამიდის შესწავლის შემდეგ. 4000 წლის მუმიებს გამომხმარ კანზე ნახატები მკვეთრად უჩანდათ. ტატუმ ყველაზე დიდი პოპულარობა ნახა იაპონიაში და აქ დღემდე დიდი ყურადღება ექცევა მას. სწორედ იაპონიაში შემოიღეს პირველად სხეულებზე სამგანზომილებიანი სურათების დახატვა.
ადრეულ პერიოდში ტატუს უფრო სხვა დატვირთვა ჰქონდა. ისტორიის განმავლობაში ტატუირებას, ისევე როგორც ადამიანის სხვა ნებისმიერ გატაცებას, მრავალჯერ განუცდია აღმაფრენისა და დაცემის პერიოდი. იგი გამოიყენებოდა სარიტუალო და სამედიცინო მიზნებისთვის, ხან ღრმა აზრს ატარებდა, ხან კი ყოველგვარ შინაარსს იყო მოკლებული და უბრალოდ მოდას ემსახურებოდა. ტატუს დიზაინი ასახავდა ადამიანის წარმომავლობას, მის სოციალურ სტატუსს, მის ძლიერებასა თუ სისუსტეს.
ჩვენი თანამედროვეობისგან გასხვავებით, როდესაც სხეულს ხშირ შემთხევაში იმიტომ იხატავენ, რომ მოდას არ ჩამორჩნენ, ძველ დროში ტატუირება ადამიანის შესახებ საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას იძლეოდა. ძნელია იმის თქმა, ზუსტად როდის დაიწყო ადამიანმა სხეულის მოხატვა, მაგრამ ერთი რამ დანამდვლებითაა ცნობილი: ტატუირების ისტორია 4000 წელს მაინც ითვლის. არსებობს წყაროები, რომლის მიხედვითაც, ტატუირება უფრო ადრე, პირველყოფილი წყობილების დროს გაჩნდა.
ასე, მაგალითად, არქეოლოგებმა ალპებში ბრინჯაოს ხანის დროინდელი ადამიანი აღმოაჩინეს, რომელსაც მოგვიანებით სახელი ოზი დაარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ ოზიმ ყინულის სამარეში 5000 წელზე მეტხანს დაჰყო, მის სხეულზე ტატუს კვალი აშკარად შეინიშნება. რაც შეეხება ეგვიპტურ მუმიებს, მათ სხეულზე გამოსახული მრავალფეროვანი დიზაინის ნახატები მსოფლიოს ნებისმიერ სამხატვრო გალერეას შეშურდებოდა.
ძველ დროში ტატუირებისას კანს მსხვილი ნემსებით ხვრეტდნენ, ამა თუ იმ ფერის მისაცემად კი გამოიყენებოდა ყველაფერი, რაც კი ადამიანს, პირდაპირი გაგებით, ხელთ მოხვდებოდა: ჭვარტლით დაწყებული და სხვადასხვა ბუნებრივი საღებავებით დამთავრებული. ამ მასას პირდაპირ ღია ჭრილობაში უშვებდნენ. რომაელები ტატუირებას მონებსა და ბანდიტებზე დაღდასასმელად იყენებდნენ, მაშინ, როდესაც იაპონელი აბორიგენი ქალები სახეზე გაკეთებული ტატუირებით თავიანთ ოჯახურ მდგომარეობას გამოსახავდნენ: იყო თუ არა მანდილოსანი გათხოვილი და რამდენი შვილი ჰყავდა. არაბები სხეულზე ამოტვირფულ ყურანის ციტატებს დამცველ თილისმად მიიჩნევდნენ. ეს ყველაფერი მანამ გრძელდებოდა, სანამ 787 წელს ნიკეაში გამართული ეკუმენისტური საბჭოს დროს, პაპმა ადრიან I-მა „ბარბაროსობა“, ანუ ტატუირება სასტიკად არ აკრძალა.
ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, სხეულის მოხატვამ თანდათანობით ძალა დაკარგა და ნელ-ნელა წარმართული ტრადიციების ნაწილად იქცა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ძველ აღთქმაში ნათქვამია: „ნაკაწრებს ნუ გაიკეთებთ ტანზე თქვენი მკვდრისთვის და წარწერებს ნუ გაიკეთებთ“. აკრძალვა იმდენად მკაცრი აღმოჩნდა, რომ XVIII საუკუნემდე მისთვის ევროპაში არავის მიუმართავს. ალბათ, სწორედ ამ აკრძალვის წყალობით მოაღწია ტატუირებამ ჩვენს დრომდე. ადამიანს ხომ ყო ველთვის იზიდავდა აკრძალული ხილი. „აკრძალულ ტატუს“ სათუთად უფრთხილდებოდნენ და თაობიდან თაობას მალულად გადასცემდნენ.
იმაში, რო,მ ტატუირება ევროპაში დაბრუნდა, დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილ კაპიტანს – ჯეიმს კუკს. 1769 წელს მოგზაურობიდან დაბრუნებულმა კაპიტანმა ტაიტიდან არა მარტო სიტყვა „Tattoo“ ჩამოიტანა, არამედ ბევრი მოსვირინგებული პელენეზიელებიც ჩამოიყვანა, რომლებიც ცოცხალი ტატუს პირველ გალერებად იქცნენ. თანდათანობით სხეულის მოხატვის ტექნოლოგიაც გამოუჯობესდა. ყველაზე დიდი გარღვევა კი 1891 წელს მოხდა, როდესაც ირლანდიური წარმოშობის ამერიკელმა – სამუელ ო’რეილისმა ტატუს ელექტრონული მანქანა გამოიგონა.
დღესდღეობით ადამიანი, რომელსაც სხეულზე ყველაზე მეტი ტატუირება აქვს გაკეთებული, პატარა ქოხში განდეგილად ცხოვრობს. ინგლისელი ტომ ლეოპარდი, რომელმაც სამხედრო სამსახურში 28 წელი იმსახურა, მიხვდა, რომ ცივილიზაციაში ნორმალურად არსებობა აღარ შეეძლო და ლეოპარდად გადაქცევა გადაწყვიტა. ტატუირებაზე მან 10000 დოლარი დახარჯა და ეშვებიც კი ჩაისვა, რათა ლეოპარდს უფრო მეტად დამსგავსებოდა. სამაგიეროდ, გინესის რეკორდების წიგნმა მას ეს „შრომა“ დაუფასა და მსოფლიოში ყველაზე მეტი ტატუიერების მქონდე ადამიანად დაასახელა.
ტატუირება სხეულზე შექმნილი ხელოვნებაა, თუმცა, ბევრი ადამიანისთვის მიუღებელია, მორალური, საზოგადოებრივი და რელიგიური ფაქტორის გამო.
ტატუირებამ საქართველოშიც მალე მოიპოვა პოპულარობა. სხეულს ცნობილი ადამიანებიც სიამოვნებით იხატავდნენ. ტატუირების ყველა ნახატს თავისი დატვირთვა და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, თუმცა როგორც ტატუს ოსტატები აღნიშნავენ, ქართველი კლიენტები ნახატების შინაარსზე ყურაღებას იშვიათად ამახვილებენ და სხეულს იეროგლიფებითა და გაუგებარი სიმბოლოებით თამამად იმკობენ.
ტატუირების მოვლის წესები:
ტატუირების გაკეთების წინ და პირველი 5 საათი პროცედურის დასრულების შემდეგ, არ შეიძლება სპირტიანი სასმელების და პრეპარატების მიღება, რომლებიც იწვევენ მაღალ არტერიულ წნევას!!!
სეანსის დასრულების შემდეგ, ტატუირების ადგილზე დაგადებენ ბარიერულ დაცვას (ფენა), რომელიც იცავს ახლად გაკეთებულ ტატუს დაზიანებისაგან და დაბინძურებისაგან. აგრეთვე, დაბლოკავს ჟანგბადს, რაც ხელს შეუშლის გამონაყოფის გაშრობას და მის გარდაქმნას გამშრალ ქერქად.
2-3 საათის გასვლის შემდეგ ფრთხილად მოიხსენით სახვევი და დაიბანეთ ტატუს ადგილი თბილი ან ცივი წყლით თხევადი (ანტიბაქტერიციდული) საპნით, რათა მოიცილოთ კრემის და გამონაყოფის ნარჩენები.
აკრძალულია: სრულ შეხორცებამდე (როდესაც ქერქი მთლიანად აიცლება) გამორიცხეთ აბანოები, საუნა, და გარუჯვა, სპორტი და ფიზიკური დატვირთვა, ეცადეთ, არ გაოფლიანდეთ, არ ჩაიცვათ შალის და მოტკეცილი ტანსაცმელი. გამორიცხეთ სიბინძურის და წყლის მოხვედრა, ტატუს ხანგრძლივი დასველება ცხელი წყლით. არ მოიქავოთ ტატუ. არავითარ შემთხვევაში მოიცილოთ ქერქი მისი არსებობის შემთხვევაში!
სრული შეხორცების შემდეგ პირველი 2-3 კვირა ეცადეთ არ დაუშვათ პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედება ტატუირებაზე, არ წახვიდეთ სოლარიუმში. აკრძალულია ტატუირებაზე რაიმე სხვა პრეპარატების წასმა (ვაზელინი, დამატენიანებელი კრემი და სხვა), გარდა სპეციალისტის მიერ რეკომენდებული პრეპარატებისა.
თვალყური ადევნეთ, რომ შეუხოცებელი ტატუირება არ გადაიხეხოს და არ მიეწებოს ტანსაცმელის ქსოვილს ან თეთრეულს. მიწებების შემთხვევაში არ შექმნათ პანიკა, ფრთხილად დაასველეთ მიწებებული ქსოვილი თბილი წყლით და ფრთხილად გაიხადეთ იგი.
ანი ოსიაშვილი