ადამიანობა ადამიანებისათვის

ახალგაზრდული ორგანიზაციები

ორგანიზაცია „ადამიანობა ადამიანებისთვის/Humanity for humans“ არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომში–ორგანიზაცია), რომლის მიზანი ქველმოქმედებაა. ორგანიზაცია დაარსდა სულ რაღაც  2 თვის წინ, თუმცა ამ მოკლე პერიოდში მისმა წევრებმა უკვე მოახერხეს რამდენიმე წარმატებული პროექტის განხორციელება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მისი დამფუძნებლები არიან თსუ–ის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტები: ვახო ბარამაშვილი, გიკა გელაშვილი და ვანო ამბროლიძე. ვინაიდან ამ ორგანიზაციამ თავისი საქმიანობა საკმაოდ საინტერესო და გრანდიოზული პროექტით დაიწყო, გადავწყვიტეთ, უშუალოდ ორგანიზაციის დამფუძნებლებს შევხვედროდით და მათგან მიგვეღო ინფორმაცია ორგანიზაციის დაარსების, სტუქტურის, საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

– მოკლედ გვიამბეთ თქვენი ორგანიზაციის ისტორია, როდის ჩამოყალიბდით  და საერთოდ საიდან წამოვიდა იდეა?

– ქველმოქმედება ისეთი საქმეა, რომელიც ყველას უნდა აინტერესებდეს, ყველას უნდა უნდოდეს მისი კეთება და  გაცილებით  ეფექტურია მაშინ, როდესაც ეს საქმიანობა წარიმართება ორგანიზებულად, ორგანიზაციის სახით და ამ ყველაფერს აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც თვითონ არიან  განმსჭვალულნი ქველმოქმედების სურვილით. ამ შემთხვევაში ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი საქმიანობაც ამ ფორმით წაგვემართა და სულ რაღაც 2 თვეა, რაც ოფიციალურად ვართ დარეგისტრირებულები 14 000 არასამთავრობო ორგანიზაციას შორის.

1492616_378804855598744_1219016131_o1492616_378804855598744_1219016131_o

– როგორია თქვენი ორგანიზაციის სტრუქტურა?

– ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოა დამფუძნებელთა საბჭო, რომელიც შედგება საზოგადოების დამფუძნებლებისაგან. ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს დირექტორატი;  ხარისხის მართვის სამსახური წარმოადგენს დამფუძნებელთა საბჭოსა და სხვა ყველა სტრუქტურული ერთეულისგან დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც უწევს კონტროლს სრულიად ორგანიზაციის ფუნქციონირებას; მარკეტინგის დეპარტამენტი ხელმძღვანელობს ორგანიზაციის საქმიანობას საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით,რეკლამირებას უწევს დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს, მათ შესახებ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას. გენერალური მდივნის აპარატი, რომელშიც შედიან გენერალური მდივანი და აპარატის თანამშრომლები;რესურსების მოძიების/მართვის დეპარტამენტი ორგანიზაციის მიზნების განსახორციელებლად, მისი ეფექტური ფუნქციონარებისა და  ღონისძიებების მოსაწყობად უზრუნველყოფს რესურსებისა და გრანტების მოძიებას და მართვასგანათლების დეპარტამენტი პასუხისმგებელია ორგანიზაციის სახელით საჭიროების მქონე პირებისათვის საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვასა და  განხორციელებაზე და კულტურის დეპარტამენტი, რომელიც   ასევე პასუხისმგებელია ორგანიზაციის სახელით კულტურული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაზე;

– რამდენი წევრი გყავთ ამ ეტაპზე ორგანიზაციაში? შეუძლიათ თუ არა სხვა პირებს გაწევრიანება (მუდმივი წევრობა) და რა პრინციპით იღებთ ახალ წევრებს?

– ამ ეტაპზე 58 წევრია. რაც შეეხება ახალი წევრების მიღებას, ქველმოქმედება ისეთი საკითხია, თეორიულად შეუძლებელია შეამოწმო ადამიანი რამდენად კარგია ან ცუდია ქველმოქმედებისთვის. ამიტომაც ყველასათვის ღიაა ჩვენი ორგანიზაცია, მაგრამ გვაქვს რაღაც ბერკეტები, რომლითაც შევამოწმებთ მათ საქმიანობას. ამისათვის არსებობს ხარისხის  სამსახური, რომელიც დააკვირდება მათ საქმიანობას, შეფასებებს წარუდგენს დირექტორატს და შედეგების მიხედვით განისაზღვრება წევრი დარჩება თუ დატოვებს ორგანიზაციას.

– ქველმოქმედება საკმაოდ ფართო ცნებაა. რა მიზნები აქვს ორგანიზაციას და  მოიცავს  თუ არა თქვენი საქმიანობა კონკრეტულ სფეროებს? ვინ იქნებიან თქვენი ბენეფიციარები?

– ორგანიზაციის მიზანია, სოციალურად გაჭირვებული და დაუცველი  ოჯახების, მრავალშვილიანი ოჯახების, ობოლი ბავშვების, შეზღუდულუნარიანი პირების, ბავშვთა სახლებისა და სოციალური თავშესაფრების და სხვა იმ პირების დახმარება, რომლებიც ამას საჭიროებენ.

  როგორც მოგახსენეთ, გვაქვს კულტურისა და განათლების დეპარტამენტები, შესაბამისად კულტურის დეპარტამენტი კულტურული ღონისძიებებით ცდილობს რესურსების მოპოვებას ბენეფიციარებისთვის. განათლების დეპარტამენტს რაც შეეხება, ქველმოქმედება არ არის მხოლოდ მატერიალური დახმარება, ჩვენ ასევე ვცდილობთ, რომ ცოდნითაც დავეხმაროთ ამ პირებს, მივაწოდოთ მათ ის პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნა, რომელიც სამომავლოდ პრაქტიკულ ცხოვრებაში გამოადგებათ.

– რა პრინციპით არჩევთ ბენეფიციარებს?

– ორგანიზაციაში წარმოებს ბენეფიციართა ბაზა, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას. მონაცემების შეგროვებაზე 6 კაციანი სპეციალური ჯგუფი უშუალოდ უბნების მიხედვით მუშაობს. შემდეგ კი ცალკეულ პროექტებზე სწორედ ამ ჩვენ მიერ შექმნილი ბაზებიდან ვარჩევთ ბენეფიციარს.

– გაქვთ თუ არა მოპოვებული რაიმე სახის დაფინანსება?

– არანაირი დაფინანსება არ გვაქვს. ჯერჯერობით რასაც ვაკეთებთ, ეს არის ჩვენი შესაძლებლობებით გაკეთებული და ვცდილობთ, რომ კერძო სექტორიდან მოვიპოვოთ კონკრეტული დაფინანსება, მატერიალური, საყოფაცხოვრებო ნივთები და ა.შ. რაც შეეხება გრანტებს, ეს სამომავლო თემაა. გადავწყვიტეთ, რომ ჯერ რაღაც გავაკეთოთ, რათა შემდეგ გრანტები უფრო საფუძვლიანად მივიღოთ. გარდა ამისა, ერთი დეტალი მინდა გამოვყო, როდესაც არსებობს ბენეფიციარი და პირი, რომელიც ეხმარება მას, ჩვენ ვართ მხოლოდ შუამავლები. თანხა არ გადის ორ ეტაპს, პირდაპირ მიდის ბენეფიციარამდე, რაც მაქსიმალურად  გამჭვირვალეს ხდის ჩვენს საქმიანობას.

– გქონდათ თუ არა გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციები სხვა უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებში და გყავთ თუ არა თქვენი  წარმომადგენლები იქ?

– რამდენიმე უნივერსიტეტში უკვე გვქონდა პრეზენტაცია. სულხან–საბას სახელობის სასწავლო და საავიაციო უნივერსიტეტებთან მემორანდუმიც გავაფორმეთ. გარდა ამისა, პრეზენტაციები მოეწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. შესაბამისად, გვყავს წარმომადგენლებიც და, რა თქმა უნდა, პროცესი მიმდინარეა და გრძელდება.

1495209_380645592081337_911628459_o

1495209_380645592081337_911628459_o

– თუ შეიძლება მოგვიყევით უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ.

– პირველი პროექტი 14 დეკემბერს განხორციელდა. კლუბ „ტრიუმფში“ გაიმართა „საქველმოქმედო შოუ–კონცერტი პატარა იოანეს დასახმარებლად“. ეს იყო  უპრეცენდენტო შემთხვევა ქართულ საქველმოქმედო სივრცეში. ქართველი ვარსკვლავები და საქველმოქმედო ორგანიზაცია „ადამიანობა ადამიანებისთვის“ პატარა იოანეს დასახმარებლად გაერთიანდნენ. იოანეს ცელემბრალური დამბლა აქვს და მის გადასარჩენად საჭირო კურსი მხოლოდ და მხოლოდ ჩინეთში კეთდება. კონცერტის მხარდამჭერები იყვნენ: ქ.თბილისის მერია, BMW Club Georgia, კომპანია LOCOMOTIVE PROMOTION, PLSGE – MARSHALL, AMPEG, PEARL–ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს: გიორგი მარშანიამ (წამყვანი), მიშა ანდღულაძემ და მისმა ბენდმა, მიშა ცინცაძემ, ოთო ბერიშვილმა, სალომე ქათამაძემ, ქეთი ორჯონიკიძემ, ჯგუფმა რეგიონმა და მისი სოლისტმა ლაშა ნოზაძემ და ჯგუფმა Vanilla Cage–მა. შემოსული თანხა მთლიანად გადაეცა ივანეს ოჯახს.
გარდა ამისა, ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობისგან გადადგმულ ნაბიჯს უსახლკარო ადამიანების ყოფის შემსუბუქებისთვის, მივესალმებით კეთილ და სწორ ნებას, რომელიც ადამიანთა კეთილდღეობისკენ არის მიმართული. ჩვენც ჩვენი მხრიდან მხარი დავუჭირეთ მათ და სწორედ 19 დეკემბერს  პროექტ „კარავის“ ეგიდით ვესტუმრეთ მოსკოვის პროსპექტზე არსებულ უსახლკაროებს, რომლებსაც, გაუსაძლისი სიცივის გამო, სახელმწიფომ დროებითი საცხოვრებელი ფართი მისცა. აღნიშნული უსახლკაროები კარვებში ცხოვრობენ. ჩვენმა ორგანიზაციამ მათ საკვები პროდუქტები, ტკბილეული და წვენები მიუტანა.

1492616_378804855598744_1219016131_o

 – რას გვეტყვით სამომავლო გეგმების შესახებ?

– გარდა არსებული ორი დეპარტამენტისა, ორგანიზაციის სტრუქტურას ემატება  კიდევ ერთი სპორტის დეპარტამენტი და შემდგომში უკვე ამ კუთხითაც გაიმართება ღონისძიებები. ახლო მომავალს რაც შეეხება, გაჭირვებულ ოჯახებს დავეხმარებით საახალწლო კალათით და იგეგმება, ასევე, გორში საქველმოქმედო კონცერტის ჩატარება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ქუთაისსა და ბოლნისის რაიონშიც. ჩვენი მიზანია, მოვიცვათ მთლიანი საქართველო, ვაკეთოთ კეთილი საქმე და დავეხმაროთ ადამინებს, რომლებსაც ეს რეალურად სჭირდებათ.

   ეს გახლდათ ინტერვიუ ორგანიზაციის დამფუძნებლებთან. ადამიანობა მართლაც რომ ყველაზე მნიშვნელოვანია და ჩვენი მოვალეობაა ვიყოთ ჰუმანურები. ორგანიზაციას კი დევიზითა და სახელწოდებით „ადამიანობა ადამიანებისთვის“ ბევრი წარმატებული პროექტის განხორციელებას და ბენეფიციარის დახმარებას ვუსურვებთ.

ნინო ბარამიძე
ელენე ანთია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები