პრეზენტაცია, სალომე სულაბერიძის „კართაგეენია“ და „ღვთიურკალმური“

ლიტერატურული გვერდი

24 დეკემბერს რესტორაცია „დივანში“ ახალბედა პოეტ სალომე სულაბერიძის ორი წიგნის „კართაგეენიისა“ და „ღვთიურკალმურის“ პრეზენტაცია გაიმართა. საღამოს ორგანიზატორი პოეტი ქეთი ნიჟარაძე გახლდათ. რედაქტორი გიორგი ლობჟანიძე, ლელა კოდალაშვილი. წიგნები „საუნჯემ“ გამოსცა.

გიორგი ლობჟანიძე: „სალომე სულაბერიძის ლირიკული პოემა მრავალმხრივ საინტერესო ტექსტია. ჯერ ერთი იმით, რომ ლირიკული პოემის უაღრესად თავისებური ჟანრი, რომელმაც პრინციპული აღმავლობა, ჩვენს პოეზიაში მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში განიცადა, დღეს, თითქოსდა, ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა და ამ ფორმის თხზულებები ბოლო ხანს იშვიათად შემხვედრია. 

მეორე ნიშანი, რაც ამ პოემას ზოგადად განასხვავებს, ჩვენი ფიქრით, არის ის, რომ იგი მითის პოეზიად ტრანსფრმაციის ძალზე წარმატებული მცდელობაა.

სიახლეა მითოსიდან და რომაული სამყაროდან წამოღებული გარკვეული ტიპის ლეგენდათა ახალ პოეტურ სამოსელში გამოხვევა, რითაც, ფაქტობრივად, სალომე სულაბერიძე ამ ლეგენდებს დღევანდელობისთვის აუცილებელ სიცოცხლეს ანიჭებს.

და, რაც მთავარია, ამ ყველაფერს ნამდვილი პოეტი წერს: ცეცხლოვანი ნიჭითა და გემოვნებით შემკული ქალი, რომელმაც თითქოს იმისთვის გამოაღწია სიყვარულის მითოსიდან, რომ ნაღდი პოეზიის ენით ჩვენთვის სიყვარულის აუცილებლობა შეეხსენებინა”. 1528661_10202903197367653_1704362180_n

„ღვთიურკალმური“ ლექსების კრებულია. „მან ასოციაციებით შექმნა თავისი უნივერსალური „მატრიცა“, როგორც ერთგვარი სტრუქტურა, რომელმაც თავისთავად განაპირობა ის ფორმები, მითი ლექსების გარეგან სახეს რომ წარმოადგენს და განსაზღვრავს პოეტურ ესთეტიკას“ – ასე აფასებს მწერალი, კრებულის რედაქტორი, ლელა კოდალაშვილი „ღვთიურკალმურს“. პრეზენტაციაზე ქალბატონმა ლელამ თანამედროვე პოეზიის პრობლემებს გაუსვა ხაზი, აღნიშნა, რომ გამოსახვის ხერხები თითქმის ამოწურულია და ძალიან რთულია ახალბედა ავტორისთვის თავის დამკვიდრება, მკითხველისთვის ახლის შეთავაზება, ყურადღების მიქცევა. 1486671_10202903192087521_1961230633_n

სალომე სულაბერიძის პირველი კრებული „ჰამალი“, მამაკაცის სულის მოსაპოვებელ ერთგვარ შელოცვად შეაფასეს.

პოეტმა შაკო ბაკურაძემ კი წიგნების ღრმა ქვეტექსტებს, ლინგვისტურ ექსპერიმენტებს, მისტიციზმს, ფსიქოლოგიზმს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ წიგნის გასააზრებლად შინაგანი ინტელექტია საჭირო, საამისოდ დაგროვილი ცოდნა. „ეს წიგნი არ არის მასობრივი მკითხველისთვის. ეს არის ზუსტად ის წიგნი, რომელიც, ალბათ, უფრო წლების შემდეგ იპოვის თავის მკითხველს, ასეთი წიგნები დიდხანს ცოცხლობენ, შემდეგ ბერდებიან, სიბერის როდესაც მიაღწევენ მაშინ მოიმკიან დათესილს“. 

თითოეულმა სტუმარმა ერთხმად აღიარა სალომე სულაბერიძის გამბედაობა, ნიჭი და ტექსტების გამორჩეულად აღქმის უნარი, განსხვავებული გემოვნება.

ახალბედა პოეტმა გამორჩეული სიყვარულით წაიკითხა თითოეული ლექსი: დედას, ტიუდორის ყვავილები, სულის კოსმოგონია, ანბანური მეტაფიზიკა,  მაგია-სიტყვა, აღსარება…  

პირადი შთაბეჭდილების გაზიარებით, წაიკითხეთ, ჩაიძირეთ მისტიციზმში.

posterlux-simvolizm-1892_jean_delville_portrait_de_mme_stuart_merrill_portrait_of_mrs_stuart_merrill

აქვე, მცირე ნაწყვეტი „ღვთიურკალმურიდან“:

„პოეზია,

სხეულის ამფორებში დადუღებული…

ალფა – მზით მოკალმული სიტყვა მტევნებით.

პოეტი – განცდების მექვევრეა,

გრძნობებით დახუნძლულ მოსავალს

გონების საწნეხელში

შიშველი ფეხებით წურავს,

ფრთხილად გადააქვს წმინდა წვენი

იდუმალ საცავში

დასადუღებლად . . . “

თეკლე ქაროსანიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები