რეგიონული მედიის სარეკლამო გამოფენა 2013

ივენთი
დღეს, 24 დეკემბერს, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ რეგიონული მედიის სარეკლამო გამოფენა – 2013 გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს მასშტაბით არსებული თითქმის ყველა რეგიონული მედია, კონკრეტულად კი, საქმიანობის ამსახველი მასალები, სხვადასხვა სიგელები და საინფორმაციო ბარათები. მონაწილე მედია საშუალებებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ საკუთარი თავი მოწვეული სტუმრებისთვის, უმეტესად კი ბიზნესსტრუქტურისთვის. პრეზენტაციის ძირითადი მიზანიც ეს იყო –  ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები გაცნობოდნენ რეგიონულ მედია საშუალებებს და შემდგომ, სურვილისამებრ განეთავსებინათ თავიანთი რეკლამა მათთვის სასურველ მედია საშუალებაში.
პრეზენტაციის დროს საკუთარი პროექტი წარმოადგინა ოთხმა მედია ორგანიზაციამ: „ვებპორტალმა“, „media.ge“-მ (წარმოადგინა პროექტი „მედიარუკა“. მომხსენებელი- მაია წიკლაური.) და კომპანია „TNS“-მა (მომხსენებელი- გიორგი აბრამიშვილი. მან ქართული რადიობაზრის მონაცემების „IREX“ ის დაფინანსებული პროექტი წარმოადგინა); მესამე მომხსენებელი იყო სარეკლამო სააგენტოს „region Media Market“-ის და ტელეკომპანია „გურჯაანის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ალექსიშვილი. მან ტელეკომპანიების მაუწყებლობის რუკა 2012 წარმოადგინა და ასევე სხვა წარმომდგენების მსგავსად რეგიონული მედიის პროექტები. ბოლო პრეზენტატორი იყო ნინო დათიაშვილი, კომპანია „betterFly“-ს რეგიონალური მედია მარკეტის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი.
მომხსენებლები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და დამსწრე საზოგადოებას ესაუბრნენ რეგიონული მედიის პროექტებზე და გააანალიზეს მათი ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობის საკითხი.
რეგიონული მედიის სარეკლამო გამოფენა უკვე მეორედ ჩატარდა, რადგან მსგავსი ღონისძიება 2012 წელსაც იყო. გამოფენა მოეწყო ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ და კავკასიის მედიის სკოლის ორგანიზატორობით და ფონდ „სოროსის“ ფინანსური მხარდაჭერით.

სოფია ანთაური

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები