სპექტაკლი “ქვრივთა მანუგეშებელი”

კულტურა

21 და 22 დეკემბერს რუსთავის სტუდენტური ფორუმის ინიციატივით თეატრ „ბრავოში“, ახალგაზრდა რეჟისორის, სანდრო სანდომისაშვილის სპექტაკლი „ქვრივთა მანუგეშებელი“ დაიდგა. პიესის ავტორები არიან: ბელზარიო რანდონე და ჯუზეპე მაროტა.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ მოყვარული მსახიობები: შოთა გულაძე, ნატალი ჭამიაშვილი, მარიამ ბაზალი, ანა ზანგალაძე, ლევან შალიკაშვილი, ლაშა ოდიშელიძე, მებო ჩხეიძე, ლევან კილასონია და მარიამ ბუწაშვილი.

რეჟისორი, სანდრო სანდომისაშვილი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია.

პიესაში აღწერილია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი იტალია, ნეაპოლი; ქალები, რომლებიც ომმა დააქვრივა. როგორც რეჟისორი ამბობს, პიესა მწვავე პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებს შეიცავს, საზოგადოება კორუმპირებულია, მიმდინარეობს ქალაქის აღდგენითი სამუშაოები… პიესის ერთ-ერთი მოქმედი პირი, საეჭვი ვითარებაში გარდაცვლილი და სააქაოში „მობრუნებული“ ქმარი, რამდენჯერმე იმეორებს კიდეც: „ეს ქვეყანა გარეწრებითაა სავსე, ედუარდ“.

პიესის ფაბულა ამგვარია: ომგამოვლილ ნეაპოლში უქმროდ უამრავი ქალია დარჩენილი, მათ სანუგეშებლად კი ედუარდო პალომბომ დააარსა ფირმა სახელწოდებით: „ქვრივთა მანუგეშებელი“. ედუარდო ანუგეშებდა და ძარცვავდა მათ – გარდაცვლილი ქმრების ნივთებსა და პერანგებს, კოსტიუმებს, პიჯაკებს, ფეხსაცმელებსაც კი ითვისებდა. „მოცალეობის ჟამს“ კი სარწეველა სავარძელში არხეინად მოკალათებული ურეკავდა და შორიდან „ანუგეშებდა“ ქვრივებს: „ქალბატონო, დალიეთ ვალერიანის წვეთები. ო, რა დიდი სიამოვნებით ჩაგაწვეთებდით თქვენს მტრედის ნისკარტში ჩემივე ხელით წამალს. გკოცნით ბროლის თითებზე“.

1486825_630814066966617_1221688181_n

„ქვრივთა მანუგეშებელი“ მხოლოდ სიტყვიერ ნუგეშსა და ფერებას არ სჯერდებოდა – სპირიტულ სეანსებს ატარებდა და გარდაცვლილთა სულებს ქვრივებთან იხმობდა.

ჯენარო, ბატონის მორჩილი, უწყინარი, დროსა და ვითარებას მორგებული ადამიანია. პალომბო სწორედ მისი შუამავლობით იხმობს სულებს საიქიოდან. განსაკუთრებუთ კომედიზირებულია სპეკტაკლის ეს მონაკვეთი – შავ, ფრიალა ლაბადაში გამოწყობილი ჯენარო მთვარის შუქზე, (ყვითელი განათების ფონზე) შესაცლოცავ სიტყვებს ბუტბუტებს, იბნიდება და პალომბოს სხეულში გარდაცვლილის სული სახლდება. აწ გაბსვენებული ქმარი კი, ინტიმურ კავშირს ამყარებს საკუთარ ქვრივთან. ჯენარო განსაკუთრებული მონდომებით, უსიტყვოდ, მანევრულად ასახავს ამ პროცესს 🙂 .

პიესაში ძალიან სახასიათოა ქალთა პერსონაჟები – ოდნავ მელანქოლიური, ტემპერამენტიანი, მოღალატე ქვრივები, რომლებიც „სპირიტული სეანსით“ თავს იტყუებენ. „გარეწარი“ პალომბოს ხრიკები მათთვის ცნობილია, მაგრამ თამაშში აყოლა ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებთ.

ედუარდო პალომბოსთვის ცოლი სიკვდილის გარანტიაა, თუმცა მყარი შეხედულებების მყისიერ რღვევაში ქალებს ბადალი არ ჰყავთ 🙂 და „ქვრივთა მანუგეშებლის“ დირექტორი მკვლელს ირთავს. ბედის ირონიით, პალომბოს სასიკვდილო განაჩენისგან სწორედ მოტყუებული ქმრის სული იხსნის.

მოყვარულმა მსახიობებმა თითოეული პერსონაჟის როლი განსაკუთრებული ენთუზიაზმით განასახიერეს. დიალოგები იყო ზომიერი, მარტივად აღსაქმელი. მწვავე პრობლემები კომედიის სახით იმდენად ლაღად, მსუბუქად, გულწრფელად იყო მოწოდებული, რომ სპექტაკლის მიმდინარეობისას დარბაზში განუწყვეტლივ ისმოდა ხმამაღალი, გულიანი ხარხარი.

თეკლე ქაროსანიძე

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები