„არტ სინდრომი“, 2014 წლის კალენდრის პრეზენტაცია

კულტურა

„თავისთავად ფაქტი დაბადებისა უკვე უჩვეულოა. იბადება სხვებისგან სრულიად განსხვავებული, არაჩვეულებრივი ადამიანი.“ 

21 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიაზაციის, სახელად „ერთად“, ინიციატივით 2014 წლის კალენდრის – „არტ სინდრომის“ პრეზენტაცია გაიმართა. ასოციაცია სამი წელიწადია აქტიურადაა ჩართული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ არსებული სტერეოტიპების დაძლევაში. პროექტი „არტ სინდრომი“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. თბილისის ხელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ერთი კვირის განმავლობაში შემოქმედებითი მასტერკლასები ტარდებოდა პროექტში მონაწილე მოზარდებისთვის. ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა 2014 წლის კალენდარი, სადაც 12 ქართველი მხატვრისა და დაუნის სინდრომის მქონე 12 მოზარდის ნახატები და მასტერკლესების – ერთობლივი მუშაობის ამსახველი ფოტოებია განთავსებული. პროექტში მონაწილე მხატვრები  და მოზარდები არიან:

ნინო ჩაკვეტაძე – ეკატერინე მამისეიშვილი, ანტონ ბალანჩივაძე – ანა ხაჩიძე, გია გუგუშვილი – მიქაელ ღამბაშიძე, დალი ფოდიაშვილი – ლექსო ფოდიაშვილი, ნატო სირბილაძე – თეოდორა გელაშვილი, მარიამ გუგუშვილი – თედო შიუკაშვილი, დავით პოპიაშვილი – სესილი ღვინჯილია, ქეთი მატაბელი – გიორგი შელია, ზურა გომელაური – ალექსანდრე კუპატაძე, ავთანდილ გურგენიძე – გიორგი ასათიანი, ლია შველიძე – სალომე უბილავა, ბესო არბოლაშვილი – ნოდარი ხუბულოვი.

1146864_595677077148097_1689870025_o

პროექტის ორგანიზატორები არიან: ქალბატონი ოლგა ასათიანი და ლია ტაბატაძე. „არტ სინდრომში“ 7-დან 22 წლამდე მოზარდები მონაწილეობდნენ, ყველაზე პატარა მხატვარმა 3 წლის თეოდორამ კი საპატიო მიზეზის გამო ერთ-ერთი მონაწილე ჩაანაცვლა და მხატვარ ნატო სირბილაძესთან ერთად ფერადი აბსტრაქცია შექმნა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლებს მთელი რიგი წინაღობის გადალახვა უწევთ საზოგადოებასთან ურთიერთობისას. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება საკმარისად არ არის ინფორმირებული საიმისოდ, რომ ეს ადამიანები სოციუმში უმტკივნეულოდ ინტეგრირდნენ. სწორედ ამ პრობლემას გაუსვა ხაზი ლია ტაბატაძემ: „ჩვენ არ ვმალავთ ჩვენს შვილებს, მათ ისეთივე სურვილები აქვთ, როგორც ყველა სხვა დანარჩენ ბავშვს, მათ შეუძლიათ სრულფასოვანი არსებობა სათანადო ხელშეწყობის პირობებში, თუკი საზოგადოება იქნება ტოლერანტული. 800-დან ერთი ბავშვი დაუნის სინდრომით იბადება, დღემდე გაურკვეველია ამ მოვლენის მიზეზები, სამეცნიერო ახსნა. ფაქტისგან დაზღვეული არავინაა, ამიტომაც, თუკი გავაცნობიერებთ, ვიქნებით ინფორმირებულები, ეს მოვლენა აღარ იქნება დეპრესიისა და გაურკვევლი შიშის მიზეზი.“ 

1506248_567635279993795_2126637382_o

პროექტმა წაშალა საზღვრები ადამიანებს შორის, ერთმანეთთან დააახლოვა არამხოლოდ პატარები, არამედ შემდგარი მხატვრებიც. „ჩვენ შორის უფრო მეტი მსგავსებაა, ვიდრე განსხვავება, სამყარო მშვენიერია და ადამიანები სწორედ ისეთებად უნდა მივიღოთ როგორებიც არიან.“

პროექტში მხატვრებთან ერთად სამხატვრო აკადემიის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. ბავშვებთან ურთიერთობამ დაუვიწყარი შთავეჭდილება დატოვა. გია გუგუშვილმა შეიძინა ახალი მეგობარი მიქაელი, რომელმაც მზის სხივებით გაჯერებული, ნარინჯისფერი აბსტრაქცია შექმნა. სინათლე, სხივები და სითბოა თვალშისაცემი ამ ნამუშევარში, – აღნიშნა კიდეც ბატონმა გიამ – „მე შევიძინე პატარა მეგობარი მიქაელი, რომელიც შესანიშნავად ხატავს და ყველა პატარა მხატვარმა შეიძინა დიდი მეგობარი მხატვრები. შეიქმნა საოცრად გულწრფელი, ემოციებით დამუხტული გარემო და არ გამიკვირდება, ამ ნამუშევრების შეძენა უამრავ ადამიანს მოუნდეს. დიდი მადლობა საღამოს ორგანიზატორებს.

„რაც მეტი დრო გადის, მით მეტი ადამიანი ცდილობს ასეთი ბავშვების შენარჩუნებას და აღზრდას. ეს კი თქვენნაირი ადამიანების დამსახურებაა“ – ასე მიმართა „არტ სინდრომის“ ორგანიზატორებს ექიმ-პედიატრმა ზაზა სიანურიძემ.

„პროექტში სრულიად შემთხვევით მოვხვდი და ბავშვებთან გატარებული ატმოსფერო არასოდეს დამავიწყდება. თავიდან ვერ წარმოვიდგენდი, როგორ უნდა განხორციელებულიყო პროექტი, აკადემიაში კი უამრავი ფუნჯი, საღებავი და ბავშვი დამხვდა. საოცარი გარემო შეიქმნა და მიხარია, რომ ეს ადამიანები გავიცანი.“ – ასე აფასებს მხატვარი ნატო სირბილაძე „არტ სინდრომს“.

ვფიქრობ, პროექტის სახელწოდება სიმბოლური და შესატყვისია, „არტ სინდრომი“, ბავშვები, რომლებიც ხელოვნებით არიან გატაცებულნი.

ბავშვები ხატავენ კიდეც და საახალწლო ნაძვის ხეებსაც ხელთნაკეთი სათამაშოებით რთავენ. სწორედ ასეთი ნაძვის ხე ქმნიდა დღეს სადღესასწაულო განწყობას.

თეკლე ქაროსანიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები