,,მანდარინების“ ჩვენება კინოკლუბ ,,მზესუმზირაში“

კულტურა

22 დეკემბერს კინოკლუბ ,,მზესუმზირაში“ ზაზა ურუშაძის ფილმის ,,მანდარინების“ ჩვენება გაიმართა, სადაც მოწვეულნი იყვნენ ფილმის მთავარი გმირებიც: გიორგი ნაკაშიძე და მიშა მესხი.

კინოკლუბი ,,მზესუმზირა“ უკვე ორი წელია არსებობს და  ყოველ კვირას იმართება ფილმის ჩვენება.

,,ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, უყურონ მათთვის საინტერესო ფილმებს და განიხილონ ისინი მოწვეულ სტუმრებთან  ერთად“ – განაცხადა კინოკლუბის ხელმძღვანელმა თამუნა ამინაშვილმა.

,,მანდარინები“ გურიაში, ნატანებშია გადაღებული, მანდარინების პლანტაციის ტერიტორიაზე. სიუჟეტი კი აფხაზეთის ომის ფონზე ვითარდება.

,,არაფერი ისე არ გამოდის, თუ არ იწვალე. მთელი ჯგუფი ჩართულნი ვიყავით გადაღების პროცესში. ეს ფილმი სწორედ ადამიანურ თვისებებზე: სიყვარულზე, პატიებაზე, შემწყნარებლობაზეა და მაგალითია იმისა, რომ ადამიანებს ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს“ – აღნიშნა მიშა მესხმა.

მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ ყურადღება ფილმზე მუშაობის პროცესზე გაამახვილა –

,,ჩემთვის ძირითადი ცნება მუშაობის პროცესში გარდასახვაა. მე ვცდილობ, ყველა ჩემი გმირი რადიკალურად განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან და, ვფიქრობ, ამ ფილმშიც გამომივიდა“.

შეგახსნებთ, რომ ფილმმა ორი პრიზი მოიპოვა ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე:

1. პრიზი – საუკეთესო რეჟისურისთვის

2. მაყურებლის პრიზი

 

სოფო კარტოზია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები