საქართველოში ბოლო დროს დაწყებული უმნიშვნელოვანესი ცვლილებების მიუხედავად, დღემდე ვერ მოხერხდა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა პრობლემებისადმი ახლებული მიდგომის გამომუშავება. ინვალიდებისა და ინვალიდობის მიმართ ასევე არ შეცვლილა საზოგადოების დამოკიდებულება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს კვლავინდებურად სოციალურად დაუცველ ადამიანთა კატეგორიას აკუთვნებენ და ამ მოტივით ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა მათი სამოქალაქო უფლებები.
ეტლით მოსარგებლეთათვის ერთ-ერთი სასიცოცხლო პრობლემა ქალაქში დამოუკიდებლად გადაადგილებაა. მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებში ამ საკითხებზე მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან მუშაობენ. დღესდღეობით მრავალ დასავლეთ ევროპულ თუ ამერიკულ ქალაქში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები თავისუფლად სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და საჯარო დაწესებულებებით. თუმცა, საქართველოში ისინი პრობლემებს საცხოვრებლის დატოვებისთანავე აწყდებიან. ცვლილებების მიუხედავად, საქართველოში ჯერჯერობით არ არის სათანადო მდგომარეობა შიქმნილი იმისათვის, რომ მათთვის გაადვილდეს მოძრაობა ქუჩებში და სხვადასხვა დაწესებულებაში.
განვიხილოთ ეტლით მოსიარულეთა პრობლემები ქალაქ გორის მაგალითზე. რა პრობლემებს აწყდებიან ისინი ქუჩაში გადააადგილებისას, რისი გადალახვა უწევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას, საჯარო თუ სასწავლო დაწესებულებებში მისვლისას და ა.შ.
ჩნდება კითხვა – „აქვთ თუ არა განვითარების ერთნაირი პირობები ეტლით მოსიარულესა და ფეხით მოსიარულე ადამიანს?“ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქ. გორში არ არის ინფრასტრუქტურა ისე მოწყობილი, რომ ადამიანებმა ეტლით თავისუფლად შეძლონ მოძრაობა ქუჩაში, ასევე გავითვალისწინებთ იმას, რომ სასწავლო დაწესებულებებში არ არის სათანადო პირობები შექმნილი, კითხვაზე უარყოფით პასუხს მივიღებთ. სკოლების უმრავლესობას არ აქვს შესაბამისი პანდუსები, რათა ეტლით მოსარგებლე და ფეხით მოსიარულე მოსწავლეებს შორის ინტეგრირებული სწავლება მოხდეს.
რაც შეეხება უნივერსიტეტს, მან დაიწყო ამ პრობლემაზე ფიქრი და გაკეთდა პანდუსები უნივერსიტეტში შესასვლელად… თუმცა, მხოლოდ პირველ სართულამდე. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. 2013 წლის 25 ივნისს გორის უნივერსიტეტში ჩატარდა ღონისძიება თემაზე „ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით“, რომელიც ეძღვნებოდა ობოლ, მზრუნველობამოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს. ეს ღონისძიება გაიმართა უნივერსიტეტის პირველ სართულზე, რადგან არ არსებობს მეორე და მესამე სართულებზე ასასვლელი პანდუსები, შესაბამისად, გადაადგილება გაჭირდებოდა.
ცალკე საკითხია თუ რამდენად გამოსადეგარია და რამდენად შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს გორის ქუჩებში არსებული პანდუსები, ზოგი ვიწროა ეტლისათვის, ზოგს სათანადო 45%-იანი დახრა არ აქვს და ა.შ. უნდა არსებობდეს სახელმწიფო ორგანო, რომელიც სტანდარტების დაცვას გააკონტროლებს სხვადასხვა დაწესებულებაში. პანდუსები უნდა ყენდებოდეს იმათთვის, ვისაც სჭირდება და არა მათთვის, ვინც ამ ადამიანებს გადაადგილებაში ეხმარება.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, არ შემხვედრია, და, ალბათ, არც არსებობს გორში ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც ექნება სათანადო ასასვლელი ეტლით მოსარგებლე ადამიანებისათვის. ეს, რა თქმა უნდა, სავალალო მდგომარეობაა, რადგან თუ აღნიშნული პრობლემის ადამიანი საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვერ გამოიყენებს, უსარგებლო გახდება ქალაქში გაკეთებული პანდუსებიც.
თუმცა, ყოველივე ამის მიუხედავად, დასაფასებელი და მისასალმებალია ის, რომ საზოგადოებამ დაიწყო ამ ადამიანებზე ფიქრი და ნელ-ნელა ცდილობს, პირობები უფრო გააუმჯობესოს მათ დასახმარებლად, ხელი შეუწყოს მათ ხალხში ინტეგრაციას.
მარიამ ქელეხსაშვილი