16 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მერაბ კოკოჩაშვილი შეხვდა. ცნობილმა რეჟისორმა სტუდენტებთან ქართული კინოს სხვადასხვა ეტაპზე ისაუბრა, განიხილა საბჭოთა პერიოდის ქართული ფილმები, შემდგომი ეტაპი და თანამედროვე ქართული კინო. შეხვედრის ბოლოს სტუდენტური დოკუმენტური ფილმის „საფრაჯისტების“ ჩვენება გაიმართა, რომელიც სხვა ფილმებთან ერთად პროფესორ სულხან მელაძის საგნის, სატელევიზიო კინოდოკუმენტალისტიკის, ფარგლებში მომზადდა.
აღნიშნული ფილმის შესახებ, მის ერთ-ერთ ავტორს, ლიკა ზამბახიძეს ვესუბრეთ:
„ჩვენი ფილმი „საფრაჯისტებზეა“. ისინი იყვენენ ქალები, რომლებმაც მანდილოსნებს არჩევანის უფლება მიანიჭეს. მსგავსი მოქალაქეობრივი უფლების მისანიჭებლად ზოგიერთმა მათგანმა სიცოცხლეც კი გაწირა. ასეთი თავდადებისა და თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად კი მოვიდა გამარჯვება და დღეს უკვე ყველა ადამიანის (განურჩევლად სქესისა) უფლებაა, აირჩიოს და გახდეს რჩეული. მნიშვნელოვანია ასეთ დიდი რეჟისორებთან შეხვედრა. ძალიან სასიამოვნოა, როცა შენს ნაშრომს ასე დადებითად აფასებს ისეთი კინორეჟისორი, როგორიც მერაბ კოკოჩაშვილია. მან ჩვენ გარკვეული რჩევები და რეკომენდაციებიც მოგვცა, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ მომავალში.“
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს აქვს თანამედროვე ტელე და რადიო სტუდიები, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი და სწორედ ამ ბაზაზე იქმნება სტუდენტური დოკუმენტური ფილმები.
სტუდენტებთან შეხვედრისა და სტუდენტური ფილმის შესახებ მერაბ კოკოჩაშილმა ჩვენთან ისაუბრა:
„დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტელე და რადიო სტუდიებმა, გასაოცარია, არ ვიცოდი, თბილისში ასეთი მშვენიერი სასწავლო ლაბორატორია თუ იყო, აქედან გამომდინარე, სულაც არ მიკვირს ასეთი კარგი ფილმი რომ ვნახეთ. საინტერესოა, როგორც თემატიკით, ასევე იმ საშუალებებით, რომლებიც გამოყენებულია. ესაა ჟურნალისტური ფილმი, ფილმი ინფორმაცია, აქ გამოყენებული მასალებით განცვიფრებული ვარ, როგორ მონახეს… გასაგებია, ინტერნეტში შეიძლება მოძება, მაგრამ როგორი ხარისხიანია, ლოგიკურად დალაგებული. ვულოცავ, ძალიან კარგია, ასე რომ მუშაობენ, გააგრძელონ და კიდევ გადაიღონ.“
სტუდენტურ ფილმებზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში რამდენიმე დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია იგეგმება.
ხატია ცარციძე