„ცხოვრება ისაა, რაც გახსოვს, დანარჩენი არსებობაა“…ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა

კულტურა

24-e183ade18390e18391e183a3e18390-e18390e1839be18398e183a0e18394e183afe18398e18391e18398-1978-e183ac

„ცხოვრება ისაა, რაც გახსოვს, დანარჩენი არსებობაა“ – 12 დეკემბრის საღამოს, 92 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა ქართველი მწერალი, ავტორი ცნობილი რომანისა „დათა თუთაშხია“ – ჭაბუა (მზეჭაბუკ) ამირეჯიბი. გამოჩენილი ქართველი კლასიკოსი 1921 წლის 18 ნოემბერს დაიბადა თბილისში, არისტოკრატულ ოჯახში. დაამთავრა 46-ე საშუალო სკოლა და ჯერ ელექტროტექნიკუმის რადიო-ფაკულტეტზე ისწავლა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა და ერთი წლის მერე კი ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადავიდა. მისი ცხოვრება აღსავსე იყო სირთულეებით – გადასახლებებითა და დაპატიმრებებით, თუმცა, მიუხედავად ამ რეჟიმისა, ქართული მწერლობის ფართო რიგში მან თავისი დიდი წვლილი მაინც შეიტანა. ჭაბუა ამირეჯიბი ავტორია მოთხრობების, კრიტიკული, პუბლიცისტური წერილების, სცენარებისა და, ამასთანავე, ცნობილი რომანებისა – „გორა მბორგალი“, „გიორგი ბრწყინვალე“. 2010 წელი მის ცხოვრებაში ერთ-ერთი გამორჩეული აღმოჩნდა, რადგან ამ წლის 15 ოქტომბერს მწერალი ბერად აღიკვეცა საკუთარ სახლშივე, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტის, სერაფიმეს ხელით, ხოლო კურთხევა, დაერქვათ მისთვის დავითი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისგან მიიღო.

პუბლიცისტიკის რანგში სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მწერალი, დაჯილდოებული ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხისა და წმინდა გიორგის ორდენით, თბილისის საპატიო მოქალაქე, მრავალ ენაზე თარგმნილი, მორალის, ზნეობის მქადაგებელი რომანის „დათა თუთაშხიას“ ავტორი 2013 წლის 17 დეკემბერს დაიკრძალება დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

სოფია ანთაური

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები