ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ შედეგები გამოცხადდა, თუმცა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებების ფაკულტეტზე სასტიპენდიო კრიტერიუმთა განსხვავებულმა შეფასებამ და დათვლამ სტუდენტთა უკმაყოფილება გამოიწვია.
თსუ–ის სოციალურ პოლიტიკურ ფაკულტეტზე სტიპენდიის მსურველთა რაოდენობა (რომელთაც განცხადებები შეიტანეს სტიპენდიის მოსაპოვებლად) 203 იყო. გამოცხადებულ სტიპენდიანტთა სიაში დაფინანსებულ კონკურსნტთა რაოდენობა 131–ს შეადგენს. აღნიშნულ ფაკულტეტზე სტუდენტთა უკმაყოფილება სასტიპენდიო კრიტერიუმთა შეფასებამ და დათვლის თავისებურებამ გამოიწვია. საქმე ისაა, რომ განსხვავებით სხვა ფაკულტეტებისგან (მაგალითად, ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სასტიპენდიო ქულა განსხვავებულად გამოთვალეს) კონფერენციაში მონაწილეობასა და ნაშრომზე ან ინდივიდუალურ განვითარებაზე ხელშემწყობ აქტივობაზე მინიჭებული ქულები 0.1–ზე (10%–ზე) გაამრავლეს, აკადემიური მოსწრების პროცენტულად გამოთვლილ ქულას დაუმატეს და ისე გამოთვალეს სასტიპენდიო ქულა. ასეთი გამოთვლით კი გამოდის, რომ, მაგალითად, ის სტუდენტი, რომელსაც აქვს 95 ქულა და არც ერთი აქტივობა, გაასწრებს იმ სტუდენტს, რომელსაც 94 ქულა და თუნდაც 4 აქტივობა აქვს. (პირველ მათგანს საკონკურსო ქულა 95, ხოლო მეორეს 94.4 ექნება).
სასტიპენდიო ქულის გამოთვლის ახალი სისტემა ერთი ვერსიით გაზაფხულის სემესტრისთვის უნდა შესულიყო ძალაში, ხოლო მეორე ვერსიით – ამ სემესტრში. (ორივე ვერსია სოციალურ–პოლიტიკური მეცნიერებების დეკანატისგან მომდინაორეობს). თუმცა, არავინ მოელოდა, რომ საუნივერსიტეტო ან სხვა სახის აქტივობა 0.1 ქულით შეფასდებოდა.
ასეთი სახით არსებულ სასტიპენდიო კრიტერიუმების გამოთვლის სისტემას აპროტესტებენ სტუდენტები. მათ ელექტრონული პეტიციაც კი შექმნეს, სადაც სტუდენტთა ხელმოწერებს აგროვებენ. (პეტიციის ელექტრონული მისამართი იხილეთ სტატიის ბოლოს). 16 დეკემბერს კი, 11 საათზე სტუდენტები აპირებენ, შეხვდნენ სოციალურ–პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულების დეკანის მოვალეობის შემსრულებელს – ქალბატონ ნანი მაჭარაშვილს და მოითხოვონ კრიტერიუმების გამოსწორება და სასტიპენდიო სიის გადახედვა.
ნიკა ჩერქეზია