მარტენ პაჟის წიგნში მოთხრობილი ისტორია, არ არის მხოლოდ ანტუანის ცხოვრება. ეს ნებისმიერი ინტელექტუალის ცხოვრებაა, რომელსაც თავისი შესაძლებლობები და აზროვნების უნარი აწუხებს. ეს ამბავი არის სასოწარკვეთილის მცდელობები, აღარ ტანჯავდეს ფიქრები, გახდეს მისაღები საზოგადოებისთვის, მისი „ბედნიერების“ მოზიარე, რისთვისაც საჭიროა, დათმოს საკუთარი გონება – Ratio- homo sapiens sapiens-ის მთავარი ღირსება და გახდეს ისეთი, როგორიც ყველაა – გახდეს რიგითი კიბერ-ადამიანი, ამბიციითა და ცარიელი, რუტინული „აზრებით“ გამოტენილი მარიონეტი, მექანიკურ მართვაზე აწყობილი, თავისუფალი აზროვნებისგან…
როგორ გავხდე იდიოტი – ინსტრუქცია
ამოიჭერი ნეირონები, აიკარი საფეთქლები ორინოკოს მკვიდრი ველურივით, გახდი ბედნიერი იმბეცილი და დატკბი ცხოვრებით… მოერგე საზოგადოებას, გახდი მისნაირი, წაშალე ინდივიდუალობის ყოველგვარი ნიშანი შენში – გააქრე სახლიდან წიგნები, ეს ზედმეტი ფიქრისა და საზრუნავის ამოუწურავი წყარო, ჩამოხსენი კედლებიდან შენი ოცნებების ილუსტრირებები – მოიშორე თავიდან ყველაფერი, რაც ქმნის შენს ავთენტურობას და გახდი ერთი მრავალთა შორის, უბრალო გულგრილი დამკვირვებელი გარემოებისა, უდარდელი და ინერციულად მოაზროვნე სტერეოტიპებსა და კლიშეებს დამონებული. ეს არის მასობრივი ჰიპნოზი ეპოქისა – ინდივიდის სუბორდინაცია სოციუმის მიმართ და შენ მისი სხვერპლი ხარ, ბედნიერი მსხვერპლი, რადგან მოიშორე ის წურბელა, რომელიც დაბადებიდან ჯიუტად ეკვროდა შენს თავს- ტვინი, კუნთი, რომელიც ევოლუციონირებადია და, ამავდროს, დეგრადირებადი, გააჩნიაა ორი უკიდურესი შესაძლებლობა – იქცეს მომავლის ადამიანის ზეინტელექტუალურ, 96 %-ით მოაზროვნე ორგანოდ და მეორესმხრივ, დეგენერირდეს პირველყოფილის კაკლისოდენა ზედაპირგადაჭიმულ წარმონაქმნდამდე, მთავარია, რა სურს მის მფლობელ ინდივიდს. ამის შემდგომ, რაც განიწმინდები და ცარიელ დაფას, Tabula rasa-ს დაემსგავსები, შეგიძლია ახალი იდეოლოგიის დამკვიდრებაც დაიწყო, ახალი ათი მცნება უნდა შექმნა საყოველთაო, ყველასათვის მისაღები, უნივერსალური გაგების მაქსიმებისა: ფსევდოიდეალების თაყვანისცემა, პატივმოყვარეობა, შური, ჩაგვრა, სიხარბე, ამბიციური ცხოვრება და რაც მთავარია ფულის შოვნის კულტი. აი ახალი კერპები თანამედროვეობისა. კერპეპი არ დამხობილან წარმართობის გადაგდებისას, ისინი ტრანსფორმირდნენ, გარდაიქმნენ, უსახო, იდეურ სუბსტანციებად. შენ კი- მათი ყურმოჭრილი მონა გახდი. შენ გითრევს ეს ამბიციების დოღი, სადაც მოტივაცია ისევ ფულია, მისი მოპოვების საშუალება, ცხენის მაგივრად, კი შენი ახალი უნივერსალური, საყოველთაო მეგატვინი, რომელიც ორობით სისტემაზეა აწყობილი და სტეროიდებითაა ნასაზრდოები. შენ არ გჭირდება ამისთვის კრეატიული „ტვინისმჭეჭყავი“ რაღაცები აკეთო, უბრალოდ, საკმარისია უამრავ უცნობ თანამშრომელთნ ერთად ერთ კორპორატიულ აგურის კუბიკში გამოიკეტო და გულმოდგინედ აკაკუნო თითები კლავიატურაზე – მიენდო შენს მეგატვინს, ახალ ფსევდოინტელექტს, რომელიც ყველაფერს გიადვილებს, მექანიკური სათამაშოსავით გქოქავს და გხსნის აზროვნების კაბალურ ტვირთს, რისთვისაც ასე მადლიერი ხარ მის მიმართ.
უკვე იღიმებით, ეს ბედნიერების ღიმილია. გილოცავთ, თქვენ იდიოტი ხართ!
ქრისტინე ცირეკიძე